“ბარსელონასა” და “ლევანტეს” დაპირისპირებაში (5:0) ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა.
1. ალბათ ყველას დააინტერესა თუ ვინ იყო ის ბავშვი, რომელიც მატჩის დაწყებამდე მოედანზე შევიდა და ბურთი გააგორა. ზუსტად 75 წლის წინ, “ბარსელონას” იმ დროინდელი პრეზიდენტი ხოსეპ სუნოლი მოკლული იქნა გენერალი ფრანკოს ჯარისკაცების მიერ. კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა გუშინ მისთვის პატივი მიეგოთ და მის პატარა ნათესავს, ხოსეპ ვილადომიუს გააგორებინეს ბურთი.
2. ფონტასი არ ამდგარა სათადარიგოთა სკამიდან. ესპანელი მცველი კვლავ სკამზე იჯდა და არ მიეცა საშუალება მოედანზე შესვლისა. ამის მიუხედავად, მისი დრო ნამდვილად მოვა, რადგან გვარდიოლას არა ერთხელ განუცხადებია მისდამი ნდობის შესახებ.
3. “ლევანტემ” ბოლო წამს შეცვალა საწყისი თერთმეტეული და სუარესის ნაცვლად ლოპესმა დაიკავა მისი ადგილი. ეს წესით დაუშვებელია, რადგან სტუმრებს უკვე ოფიციალურად ჰყავდათ წარდგენილი ის 11 მოთამაშე, ვინც დაიწყებდა შეხვედრას. ასეთი ფაქტი “კამპ ნოუზე” უკვე მეორედ ხდება. გასულ კვირას იგივე გააკეთა “რაიო ვალიეკანომაც”, როცა რაულ ტამუდო სათადარიგოთა სკამზე დარჩა და მის ნაცვლად თამაში ხავი ფუეგომ დაიწყო.
4. სესკ ფაბრეგასის ახალმა თმის ვარცხნილობამ ნამდვილად გაამართლა. ესპანელმა ნახევარმცველმა გუშინ დუბლი შეასრულა და “ბარსელონას” რიგებში პირველად გაიტანა გოლი საჯარიმოს გარედან. როგორც მოგეხსენებათ, “არსენალის” ყოფილმა ფეხბურთელმა ანგარიში უკვე მე–4 წუთზე უზუსტესი დარტყმით გახსნა.
5. ჩავიმ კუთხურების ჩამოწოდება ფაბრეგასს ანდო. პირველად დიდი ხნის მანძილზე, ერნანდესი არ აწვდიდა კუთხურებს და ეს ფუნქცია სესკს გადააბარა.
6. პუიოლი 36–ე წუთზე შეიცვალა. “ბარსას” კაპიტანმა კონესთან მეორე სართულზე ორთაბრძოლაში თავი დაიზიანა და გვარდიოლამ იგი შეცვალა. როგორც გაირკვა, კარლესს არანაირი ტრავმა არ აქვს, უბრალოდ შეჯახების შემდეგ ცოტა დისკომფორტს გრძნობდა და პეპმაც გადაწყვიტა არ გაერისკა და მის ნაცვლად ალვეში შეეშვა მოედანზე.
7. გუშინ “კამპ ნოუზე” “ბარსელონასთვის” მხარის დასაჭერად ზუსტად 79,361 გულშემატკივარი მივიდა.
8. მატჩის მთავარმა არბიტრმა ვიტიერეს ტეიჩეირამ დასასრულისკენ აშკარა შეცდომა დაუშვა, როდესაც ანდრეს ინიესტას გოლი არ ჩათვალა. რომ არა ეს შეცდომა, კატალონიელების რეკორდი გოლების მხრივ საკუთარ კედლებში 40:0–ზე იქნებოდა.
9. ვალდესი აგრძელებს “კამპ ნოუზე” საკუთარი კარის მშრალად შენახვას. უკვე 12 თამაშია, ესპანელი გოლკიპერი პრიმერა დივიზიონში გოლს არ უშვებს. ბურთების შეფარდება 39:0–ზეა.