ხოსეპ გვარდიოლას სულ სამნახევარი სეზონი დასჭირდა, რათა გამხდარიყო მწვრთნელი, რომელმაც ყველაზე მეტი გამარჯვება მოიპოვა ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” ისტორიაში. ოთხშაბათის შეხვედრაში, “მილანის” წინააღმდეგ გამარჯვებით, პეპმა თავისი 26–ე გამარჯვება მოიპოვა ამ ჩემპიონატში და გადაასწრო ლუის ვან გაალს, რომელმაც 8 წლის მანძილზე 26 დაპირისპირება მოიგო.
სულ მთლიანად, გვარდიოლას ხანაში “ბარსამ” 45 მატჩიდან მხოლოდ 5 წააგო და 11 დაამთავრა ფრედ. გუნდები, რომლებმაც კატალონიური გრანდი დაამარცხეს, არიან: “ვისლა”, “რუბინი”, “არსენალი”, “შახტარი” და “ინტერი”. გამოდის, რომ პეპმა ჩატარებული შეხვედრების 89% არ წააგო. ამ მხრივ, მისმა წინამორბედმა ფრანკ რაიკაარდმა, 85%–იან შედეგს მიაღწია, ხოლო ვან გაალმა მხოლოდ 83%–ს.
ეს შესანიშნავი შედეგი თავისთავად აისახება კლუბის წარმატებაზეც. სამი სეზონიდან, მათ ორჯერ ჩემპიონთა ლიგის თასი მოიპოვეს, ხოლო ერთხელ 1/2 ფინალში გავიდნენ. ახლა, ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე “ლურჯ–ბროწეულისფერებმა” უკვე გაინაღდეს ადგილი საუკეთესო 16 გუნდში და საინტერესოა სადამდე მიაღწევენ.



