იტალიური “მილანის” და ინგლისური “ჩელსის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, უეფას ოფიციალურ საიტთან ისაუბრა კატალონიის “ბარსელონაზე” და საქებარი სიტყვები არ დაიშურა მათ მიმართ. იგი ასევე ორი სიტყვით შეეხო “ბლაუგრანასა” და “როსონერის” დაპირისპირებას, რომელიც ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ტურში, 23 ნოემბერს გაიმართება.
“ბარსელონას” მთავარი ძალა მათი ფილოსოფიაა. კატალონიურ გრანდში ბევრი ფეხბურთელი თამაშობს, რომლებიც ბავშვობაშიც იქ, აკადემიაში იზრდებოდნენ. როდესაც ეს მოთამაშეები ლურჯ–ბროწეულისფერ ფორმას იცვამენ, ისინი რაღაც განსაკუთრებულ ძალას გრძნობენ, რადგან სწორედ ამ მაისურით გამოდიან უკვე უამრავი წელიწადის მანძილზე. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, თუ რატომ არის “ბარსა” ასეთი ძლიერი. მათი ფილოსოფია, მათი ფეხბურთი, დღეისათვის უდავოდ საუკეთესოა მსოფლიოში. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგაზე “ბლაუგრანასა” და “მილანის” დაპირისპირებას, საინტერესო მატჩი იქნება და წინ ნამდვილი ბრძოლა გველის” –განაცხადა ანჩელოტიმ.


