კატალონიის “ბარსელონა”-დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო კლუბი. იქ მრავალი ბრწყინვალე ფეხბურთელი მოღვაწეობს და ყველა მათგანი რაღაცით იქცევს ხალხის ყურადღებას. ეს რაღაც კი-კარგი თამაშია. თუმცა ამის გარდა კიდევ არსებობს ფაქტი, რომელიც არავის გამოპარვია. ამ ბოლო ხანებში ბევრმა “ლურჯ-ბროწეულისფერმა” შეიცვალა ვარცხნილობა. დღეს თქვენი ყურადღების გამახვილება სწორედ ამაზე მსურს. გთავაზობთ “ბარსას” პირველი გუნდის წევრების “თმას” ადრეული კარიერიდან დღემდე, საიდანაც გავიგებთ, თუ რა გამოიწვია თმის გაზრდამ ან შეჭრამ: პროგრესი თუ რეგრესი. გთავაზობთ სტატიის მეორე ნაწილს ( პირველი ნაწილის სანახავად დააჭირეთ აქ ).

ჩავი ერნანდესი ფეხბურთის ნამდვილი მაესტროა, მაგრამ იგი მაინც და მაინც თმით ვერ გამოირჩევა. “ბარსელონას” ვიცე-კაპიტანი, კარლეს პუიოლის არყოფნის შემთხვევაში გუნდს თავისი წვეტიანი, ჟელეთი გასწორებული ვარცხნილობით უდგას სათავეში. ალბათ ძნელად წარმოსადგენია ესპანელი ნახევარმცველი თავზე თმის გარეშე. იყო დრო, როცა ერნანდესი გადახოტრილი თავით დადიოდა. ასევე იყო დრო, როდესაც იგი არ ხმარობდა არანაირ გელს და თავისით უდგებოდა თმა ისე, როგორც მას სურდა. შემდეგ ჩავიმ დაიწყო სპეციალური ვარცხნილობის დასაყენებელი საშუალებების წასმა და მისმა მეგობრებმაც არ დააყოვნეს და ზედმეტ სახელად pelopo (ან pelopina) შეარქვეს, რაც ნიშნავს ადამიანს, რომელსაც აქვს თმა, რომელიც მთლად თავზეც არ არის.

დავიდ ვილა ცნობილია, როგორც “ბარსელონას” ჟელეს მეფე (მისსა და ჩავის შორის ამ საკითხში დიდი ბრძოლაა გამართული). ადრე, როცა ესპანელი ფორვარდი კარიერას იწყებდა, მას ჩვეულებრივი, ახალგაზრდული ვარცხნილობა ჰქონდა და არ იყენებდა არანაირ საშუალებებს მის დასაყენებლად. შემდეგ გაიზარდა და იფიქრა, რითი ჩამოუვარდები მოდურ ფეხბურთელებსო და დაიწყო თმის გასწორება ჟელეს საშუალებით. უმეტესად, მისი თმა “მამლისას” ჰგავს. გასული სეზონის მეორე წრეში პატარა ჩავარდნის შემდეგ, ვილამ წამოიზარდა ქოჩორი და როგორც ხედავთ ამან გაამართლა კიდეც. ახლა დავიდი უფრო იშვიათად ხვდება თამაშგარე მდგომარეობაში და რაც მთავარია, გაიხსენა გოლების გატანის გემო.

სესკ ფაბრეგასის თმაზე დაწერა ძალიან ძნელია. მან “არსენალში” გატარებული 6 წლის მანძილზე რამდენიმეჯერ შეიცვალა ვარცხნილობა. ჯერ გრძელი, შავი თმით გამოდიოდა. შემდეგ ოქროსფრად შეღებვა გადაწყვიტა, რაც რა თქმა უნდა მისი საუკეთესო მეგობრის, ხერარდ პიკეს რჩევა იყო. გავიდა ხანი და სესკს “ბარსა” ენატრებოდა. ესპანელმა ფეხბურთელმა პროტესტის ნიშნად გადახოტრილი თავით დაიწყო სიარული. შემდეგ ფაბრეგასი უკვე გრძნობდა, რომ სულ მალე “ბარსელონაში” გადმოვიდოდა და ჩვეულ სტილში დაიყენა თმა. კატალონიაში ჩამოსული, გულშემატკივრებს ყოველგვარი გელის გარეშე შეხვდა. ახლა ის უკან გადავარცხნილი თმით ასპარეზობს, რაც ძალიან ამართლებდა, სანამ ტრავმას მიიღებდა. დაბრუნდება თუ არა სესკი, მან აუცილებლად იმწამსვე უნდა შეიცვალოს ვარცხნილობა, რათა თავი აარიდოს ყოველგვარ უსიამოვნებებს, კერძოდ კი ტრავმებს.

ლიონელ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. რაც შეეხება მის თმას, არის ის საუკეთესო მსოფლიოში? ნამდვილად არა. ბევრი ფიქრობს, რომ ისეთი დონის მოთამაშე, როგორიც მესია თავს უნდა უვლიდეს და ძალიან მოდურ ვარცხნილობას უნდა ატარებდეს, თუმცა ეს ასე არ არის. ლეო ფეხბურთით ცხოვრობს და მისთვის მთავარია მოედანზე ყველაფერი დადოს, რათა წარმატებას მიაღწიოს. მას არ ანაღვლებს რას იტყვის საზოგადოება მის თმაზე (სხვა “საუკეთესო ფეხბურთელობის” კანდიდატებისგან განსხვავებით, რომლებიც საათებს უთმობენ თავის მოწესრიგებას…). როდესაც არგენტინელი პირველად გამოჩნდა “ბარსელონას” რიგებში, მას გრძელი თმა ჰქონდა და ზოგჯერ სპეციალურ თავზე შემოსაკრავსაც ხმარობდა, რათა ერთ ადგილზე გაეჩერებინა. მადლობა ღმერთს მესი მიხვდა, რომ დრო იყო ვარცხნილობის შეცვლის და დამოკლების. ახლა მას აღარ სჭირდება ყოველ წუთში ხელით თმის გასწორება, რათა თვალებზე არ ჰქონდეს ჩამოფარებული.
შემდეგ, მესამე ნაწილში იხილავთ: პედრო როდრიგესს, სერხიო ბუსკეთსს, ანდრეუ ფონტასს, ალექსის სანჩესს და ტიაგო ალკანტარას.



