“ბარსელონას” ახალგაზრდა თავდამსხმელისთვის, ანსუ ფატისთვის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ტრავმის მორჩენის შემდეგ ასეთი ნდობის გამოცხადება მისთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს.
ცოტა ხნის წინ ანსუსთან Mundo Deportivo-მ ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც ჩვენ მკითხველს ვთავაზობთ.
– რა დასკვნები გამოიტანეთ იაპონიასთან მარცხიდან იმისათვის, რომ იგივე აღარ განმეორდეს?
– ახლა უკვე ყველაფერი სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა და ფეხბურთელები კონცენტრირებულები არიან. ყველაფერს გავიღებთ იმისათვის, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ.
– როგორი გრძნობა იყო ორწლიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ნაკრებში კვლავ თამაში?
– ძალიან კარგი. ეროვნულ ნაკრებში ყოველი თამაში პატივია. ვეცდები, მაქსიმუმი გავიღო და ამ შესაძლებლობისგან სიამოვნება მივიღო. გუნდში ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელია. ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, რადგან მწვრთნელს ყველა ვჭირდებით.
– როდესაც ნაკრებს ყველაზე კრიტიკული მომენტი ედგა, ლუის ენრიკემ ანსუ ფატი აირჩია. რამდენად კომფორტულია ასეთი სიტუაცია თქვენთვის?
– როგორც უკვე ვთქვი, მზად უნდა იყო, რადგან არასდროს იცი, რას გადაწყვეტს მწვრთნელი. სათადარიგოთა სკამზე მჯდომი ფეხბურთელებისთვის თამაშის რიტმი არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ თამაშში ჩართულები იყვნენ.
– მნიშვნელოვანი იყო, რომ მწვრთნელი სწორედ ასეთ მომენტში გენდოთ?
– დიახ, რა თქმა უნდა. რაც მეტ დროს მივიღებ, მით უკეთესია. მოედანზე ყოფნა მიყვარს.
– გქონდათ ინფორმაცია, რომ გავარდნის ზღვარზე იყავით?
– პირადად მე არა. ვიცოდით, რომ უნდა მოგვეგო და ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, თუმცა ვერ შევძელით.
– როგორი რეაქცია გქონდათ, როდესაც ლუის ენრიკემ მსოფლიო ჩემპიონატისთვის განაცხადი დაასახელა?
– კლუბის ბაზაზე სავარჯიშოდ ვიყავი და განაცხადის დასახელებას ტელევიზორში ვუყურებდი. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც ჩემი გვარი გავიგე. იმ დროს ვიყავი თანაგუნდელებთან ერთად, რომლებმაც ნახეს, თუ რამდენად ბედნიერი ვიყავი, ასევე ფიზიოთერაპევტებთან, რომლებთან ერთადაც აღვნიშნე.
– როდესაც თქვენი გვარი გაიგეთ, პირველი ვინ გაგახსენდათ?
– განსაკუთრებით ჩემი ოჯახი. ჩემი მშობლები, ძმები, მეგობრები და ყველა ის ადამიანი, რომლებსაც ვუყვარვარ. ეს იყო საჩუქარი იმ შრომისთვის, რომელიც დღემდე გავწიე.
– დიახ, ეს რთული პერიოდის შემდეგ მიღებული საჩუქარი იყო.
– ყველაფრისთვის, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ხდებოდა. ეს არის ჯილდო ყოველდღიური შრომისთვის და საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე მუშაობისთვის. ახლა კი, როდესაც უკვე კარგად ვარ, ეს მართლაც დიდებული საჩუქარია.
– ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ მას თქვენთან დაკავშირებით ეჭვები ბოლო წუთამდე ჰქონდა. როგორ მიიღეთ ეს განცხადება?
– ასეთ რაღაცებზე სწორედ მწვრთნელი ფიქრობს. ერთადერთი, რაც მე ვიცი, რომ მზად ვარ იმ მომენტისთვის, როდესაც მას დავჭირდები.
– ესაუბრეთ მას ნაკრებთან შეერთების შემდეგ?
– დიახ, მწვრთნელმა თავდაჯერება შემმატა. მას ამ შანსისთვის მადლობას ვუხდი.
– შრომისმოყვარე ფეხბურთელი ხართ. როგორც გავიგეთ, საღამოს სესიების შემდეგ დამოუკიდებლად ვარჯიშს განაგრძობთ.
– ეს ისაა, რასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვაკეთებ, რადგან კიდევ უფრო მოვუმატო. საღამოობით, როდესაც თავისუფალი დრო მაქვს, მირჩევნია, ისეთი რამ ვაკეთო, რაც თავს უკეთ მაგრძნობინებს. ასე რომ, ასე მოქცევას მომავალშიც განვაგრძობ.
– მსოფლიო ჩემპიონატი ახალი გამოცდილებაა. რა მოგცათ ამ გამოცდილებამ?
– ბევრი რამ. ვხედავ, რომ კონკურენცია არის ყველგან, ჩვენ კი შესანიშნავი გუნდი გვყავს. ყოველთვის ვცდილობ, სხვებს დავეხმარო და კარგი თანაგუნდელი ვიყო. აქ ყველაზე მეტად სწორედ ამას ვსწავლობ – პატივისცემა და სხვების დახმარება.
– მსოფლიო ჩემპიონატის სხვა თამაშებს უყურებთ?
– ყველა მათგანი ძალიან თანაბარია. ყველაფერს მცირე დეტალები წყვეტს. აქ უმაღლესი დონეა. თუმცა ესპანეთზე ვკონცენტრირდები.
– ამბობენ, რომ ლუის ენრიკე ძალიან კარგი ლიდერია.
– ის ძალიან პირდაპირია. ის ამბობს იმას, რასაც ფიქრობს და ძალიან მომთხოვნია როგორც საკუთარი თავის, ასევე ფეხბურთელების მიმართ. ეს მომწონს.
– ფილოსოფიური კუთხით ლუის ენრიკე ჩავისგან განსხვავდება?
– ვფიქრობ, ყველა მწვრთნელი განსხვავებულია. ყველას თავისი სტილი აქვს. ლუის ენრიკე და ჩავიც განსხვავებულები არიან, თუმცა იმიტომ, რომ ერთი კლუბს წვრთნის, ხოლო მეორე ნაკრებს.
– ახლა ლუის ენრიკე სტრიმერია…
– სიმართლე გითხრათ, ასეთ თემებს თვალს არ ვადევნებ. სტრიმერი, იუთუბი… ასეთი რაღაცებისგან შორს ვარ.
– მაშინ ფეხბურთზე ვისაუბროთ. 1/8-ფინალში მაროკოს ნაკრები გელოდებათ…
– ეს ძალიან ძლიერი გუნდია. კონკურენციის გაწევა ნებისმიერ მეტოქეს შეუძლია. ტაქტიკურად და ფიზიკურად ყველა მზადაა. ამ ტურნირზე უკვე ვნახეთ, რომ მარტივად ვერ მოიგებ. მაროკო იმსახურებს იქ ყოფნას, სადაცაა. რთული თამაში გველის.
– ესპანეთი ტურნირის მე-3 ყველაზე ახალგაზრდა გუნდია, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის 20 დებიუტანტი ჰყავს. ფლეი ოფის ეტაპზე ეს გუნდზე გავლენას ხომ არ მოახდენს?
– არა მგონია, რადგან ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელს კონკურენციის გაწევის სურვილი აქვს. გვყავს გამოცდილი ფეხბურთელებიც, რომლებიც რჩევებს გვაძლევენ. ვფიქრობ, ჩვენი ახალგაზრდები ამ გამოწვევისთვის მზად არიან და მათ სურთ, დაამტკიცონ, რომ თამაში შეუძლიათ.




სამწუხაროდ ვერც ამან ვერაფერი აჩვენა.