პირველი ცრემლი: ჩემი კუმირი ჩემი საყვარელი კლუბის წინააღმდეგ

პირველი ცრემლი: ჩემი კუმირი ჩემი საყვარელი კლუბის წინააღმდეგ

…და აი როგორც იქნა გათენდა. თვალები გავახილე და გავიაზრე, რომ დღეს დიდი მატჩი უნდა გამართულიყო. დღეს ხომ 2006 წლის 17 მაისია და საფრანგეთი ჩემპიონთა ლიგის ფინალს მასპინძლობს. ფინალში ლონდონის “არსენალი” კატალონიის “ბარსელონას” ხვდება. ეს ჩემთვის ერთდროულად სასიხარულოც არის და სამწუხაროც. “ბლაუგრანა” ხომ ჩემი ცხოვრების ნაწილია, მაგრამ ანრი? ტიერი ანრი–ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. ის ხომ ჩემი კუმირია. ჩემპიონთა ლიგის თასი მას არასოდეს აუწევია თავს ზემოთ და ეს ხომ მისი შანსია?! თუმცა “ბარსა”? ძალიან მინდა ისინი მეორეჯერ დაეუფლნენ ამ ტიტულს. ღმერთო რატომ არ შეიძლება, რომ ტიტის სწორედ კატალონიურ გრანდში ეთამაშა? ახლა ხომ ჩემს თავში დარწმუნებული ვიქნებოდი და მთელი სულით და გულით ვუქომაგებდი მათ…

…ჯერ კიდევ საქართველოში ვარ და 17 მაისის პირველი ნახევარი ისე გაილია, როგორც სხვა ყველა დღე. საათების მანძილზე მინდოდა გავრკვეულიყავი ჩემს თავში, თუმცა ამაოდ. ვერც “განსაკუთრებული სისწრაფის და ტექნიკის მქონე” ფეხბურთელს ვღალატობდი და ვერც მსოფლიოს ერთ–ერთ საუკეთესო გუნდს. ნეიტრალურზე ვიყავი–არც იქით, არც აქეთ. საბოლოოდ, როგორც ყველა ფეხბურთის მაყურებელი და გულშემატკივარი, ლამაზ თამაშს ველოდი…

…ამხანაგებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ შეკრებას აპირებდნენ, რათა ერთად მიეღოთ სიამოვნება ამ დიდი ფინალისგან, მაგრამ არ წავედი. ჩემთვის, მარტო, მშვიდ გარემოში ვამჯობინე თამაშისთვის თვალ–ყურის დევნება. და აი, დადგა ესოდენ ნანატრი დრო. რაც მთავარია ლუდი ადგილზეა და მეზობლებიც გაფრთხილებულნი არიან, რომ 2 საათის მანძილზე აიტანონ ყვირილი, ღრიალი და “ცოტა” გინებაც (სიტყვა ცოტა ბრჭყალებშია ჩასმული).

შეხვედრა თავიდანვე დაძაბულად დაიწყო. ძალიან აქტიური იყო ანრი და ბევრ პრობლემებს უქმნიდა კატალონიელთა გოლკიპერს, ვიქტორ ვალდესს. მატჩის 17 წუთი ძალიან სანახაობრივი იყო და ორმაგ შეტევებში გაილია. მაგრამ მე–18 წუთზე ყველაფერი აირია და რა თქმა უნდა ამის გამო მსაჯიც “შევამკე ლამაზი სიტყვებით”. მან მოედნიდან გააძევა იენს ლემანი, რომელმაც საჯარიმოს გარეთ მასთან ერთი–ერთზე გასული სამუელ ეტო’ო წააქცია. ჯგუფური ეტაპის მატჩი რომ ყოფილიყო კიდევ შეიძლება წითელი ბარათი ეჩვენებინა გერმანელი გოლკიპერისთვის, მაგრამ ფინალში ასეთი რამის გაკეთება და საწყის წუთებში შეხვედრის გაფუჭება ჩემი მოკრძალებული აზრით არ შეიძლება. ყოველ შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ასეთი რამ მანამდე არასოდეს მომხდარა. სწორედ ლემანი იყო პირველი ფეხბურთელი, ვინც გაძევებულ იქნა ასეთ ძვირფას მატჩში. ამის შემდეგ ყველაფერი აირია. “ბარსელონა” უფრო და უფრო ეუფლებოდა უპირატესობას, მაგრამ ამ დროს ლონდონელთა იშვიათი შეტევისას ებუე წაიქცა და მსაჯმა ჯარიმა დანიშნა. ანრიმ შესანიშნავად ჩაჰკიდა ბურთი საჯარიმოში და სოლ კემპბელმაც ბრწყინვალე თავური დარტყმით გაიტანა თავისი პირველი ევროპული გოლი და გახსნა ანგარიში. არ ვიცი რა გრძნობა დამეუფლა ამ დროს. მიხაროდა, მაგრამ თითქოს შინაგანად რაღაც მაწვალებდა. კატალონიელებს პირველივე ტაიმში ჰქონდათ გათანაბრების შანსი, თუმცა ეტო’ოს დარტყმული ჯერ ალმუნიამ მოიგერია, ხოლო შემდეგ ძელს მოხვდა. 45 წუთიც გავიდა…

დაიწყო მეორე ტაიმი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს “არსენალი” კვლავ უტევდა. ანრის ორჯერ მიეცა გოლის გატანის შანსი, მაგრამ ორივეჯერ ვალდესმა აჯობა. მე–60 წუთზე მოედანზე ჰენრიკ ლარსონი შემოვიდა და აქ შეიცვალა ყველაფერი. შვედმა ფეხბურთელმა ჯერ სამუელ ეტო’ოს გაათანაბრებინა ანგარიში, შემდეგ კი ჟულიანო ბელეტის გამარჯვების გოლი გაატანინა. საბოლოოდ დიდი ფინალი 2:1 დასრულდა…

კვლავ არ ვიცი რა გრძნობა დამეუფლა. ძალიან გამიხარდა, როდესაც პუიოლმა თასი აღმართა, მაგრამ სწორედ ამ დროს აჩვენეს ტიერი ანრის დამწუხრებული სახე და ეს იყო მომენტი, როცა პირველად წამომივიდა ცრემლი ფეხბურთის ყურებისას. აი ასეთი იყო ჩემი კუმირისა და ჩემი საყვარელი კლუბის შეხვედრა. ამის შემდეგ კი ოცნება ამიხდა და “მეფე ჰენრი” “ბარსელონაში” გადავიდა. მან,თავადაც აისრულა თავისი ოცნება და ევროპული ფეხბურთიდან წასვლის წინ მაინც აღმართა ჩემპიონთა ლიგის თასი 2009 წელს, მაგრამ ამაზე უკვე სხვა დროს ვისაუბროთ…

 

დიდი მადლობა ყურადღებისთვის.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი