workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
30 აპრილი – დღე, როდესაც ლაპორტას მხარს არავინ უჭერდა

30 აპრილი – დღე, როდესაც ლაპორტას მხარს არავინ უჭერდა

“ბარსელონას” ძალიან ბევრ გულშემატკივარს ჟოან ლაპორტას პრეზიდენტობის პირველი ვადა არ ახსოვს. გასაკვირი არაა, რომ ლაპორტა მათთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის დაკარგვასთან და კლუბის ჯერ კიდევ დაუძლეველ კრიზისთან ასოცირდება. ლოგიკურია ისიც, რომ ახალგაზრდა გულშემატკივრებმა არ იციან, თუ რამდენად გამოუვალი სიტუაციიდან შეუძლია ლაპორტას თავის დაძვრენა.

და მაინც, რამდენად რთული სიტუაციიდან?

2003 წლის ამ დღეს, 30 აპრილს, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებამდე თვენახევარი რჩებოდა, კატალონიაში გამოკითხვა ჩატარდა. გაირკვა, რომ არჩევნების გამოკვეთილ ფავორიტს, ლუის ბასატს მხარს გულშემატკივართა 42% უჭერდა. მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს კი ხმების მხოლოდ 6% უჭერდა. ვინ უჭერდა მხარს ლაპორტას? არჩევნებამდე თვენახევრით ადრე ლაპორტა იმდენად უმნიშვნელო კანდიდატი იყო, რომ ამის შესახებ დღეს ინფორმაცია არც გვაქვს. ბასატი კი კატალონიური ელიტის რჩეული იყო. ის გულშემატკივრებს ჰპირდებოდა, რომ გუნდში ახალგაზრდა ჩაბი ალონსოსა და ხოაკინს მიიყვანდა, სპორტულ დირექტორად კი პეპ გვარდიოლას დანიშნავდა.

გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების პარალელურად, იმავე დღეს, ლაპორტას მომავალი ვიცე-პრეზიდენტი სანდრო როსელი მექსიკაში იმყოფებოდა, სადაც ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მყოფი რონალდინიოს “ბარსელონაში” გადმობირებას ცდილობდა.

მომდევნო 3 კვირის განმავლობაში ლაპორტას სიტუაცია ნამდვილად არ გამოსწორებულა. 19 მაისს, არჩევნებამდე 27 დღით ადრე, RAC1-მა რეიტინგები გამოაქვეყნა. ბასატს 48% შეხვდა, 29%-მა ჯერ არ იცოდა, ვის მისცემდა ხმას, შემდეგ კი ხმები ასე ნაწილდებოდა – ლაურადო 7%, მახო 5%, მინგელა 2%, მარტინეს-როვირა 2%, მედინა 0% და ლაპორტა 0%. არჩევნებამდე თვეზე ნაკლები რჩებოდა, ლაპორტას კი მხარს თითქმის არავინ უჭერდა.

მომდევნო დღეებში განსხვავებული სურათი ვიხილეთ. 30 მაისს მხარდამჭერთა ყველაზე მეტი, 9 894 ხელმოწერა ბასატმა წარადგინა. 6 057 ხელმოწერით მეორე ადგილზე იყო ლაურადო, ლაპორტამ კი 5 725 ხელმოწერით ბოლოდან მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

30 აპრილს როსელი რონალდინიოსთან მექსიკაში რომ იყო ჩასული, ხომ გახსოვთ? იმ დროს ლაპორტამ და მისმა გუნდმა უკვე იცოდნენ, რომ დევიდ ბექჰემის ტრანსფერი არ გამოვიდოდა, რონალდინიო კი ინგლისელის ალტერნატივა იყო. ამის მიუხედავად 1 ივნისს El Mundo Deportivo-ში იწერება, რომ როსელი ინგლისში მიემგზავრება იმისათვის, რომ ბექჰემთან ბოლო დეტალები შეათანხმოს და ტრანსფერი დახუროს. გგონიათ, ბექჰემი საარჩევნო კამპანიაში გაჟღერებული ყველაზე გიჟური სახელი იყო? ლაურადო ამბობდა, “რეალიდან” იკერ კასილიასს გადმოვიყვანო… ფლორენტინო პერესის “რეალიდანო”…

15 ივნისს არჩევნების შედეგები გამოაცხადეს – ლაპორტას 27 138 ხმა და 52.57%, ბასატს კი მხოლოდ 16 412 ხმა.

როგორ მოახერხა ლაპორტამ ასეთ მოკლე დროში გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსვლა? მიზეზი ბევრია, მათ შორის, რა თქმა უნდა, დევიდ ბექჰემის სატყუარად გამოყენებაც, თუმცა არა მხოლოდ ეს. ლაპორტა კონკურენტებთან შედარებით ახალი თაობის წარმომადგენელი იყო. ის საქმეს ახალგაზრდული შემართებით უდგებოდა და დებატებში კონკურენტებზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა. გარდა ამისა, მხოლოდ ლაპორტას გუნდი იყენებდა პრეზენტაციის თანამედროვე (იმ დროისთვის) საშუალებებს, რის გამოც მათ “Power Point-ის თაობა” შეარქვეს. კონკურენტებისგან ლაპორტა იმითიც გამოირჩეოდა, რომ დებატებზე მხოლოდ ის არ დადიოდა. სპორტულ საკითხებზე სანდრო როსელი საუბრობდა ხოლმე, ეკონომიკურ საკითხებზე კი – ფერან სორიანო. გულშემატკივრებში გაჩნდა განცდა, რომ საქმე არა ერთ ადამიანთან, არამედ ახალგაზრდების კვალიფიციურ გუნდთან ჰქონდათ, ეს კი აქამდე არსებული გამოცდილებისგან რადიკალურად განსხვავებული სცენარი იყო. ერთ-ერთმა ინგლისელმა ჟურნალისტმა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებს აშუქებდა, ლაპორტა “ბარსელონას კენედიდ” მოიხსენია და ეს მეტსახელი კატალონიურმა მედიამაც აიტაცა.

ლაპორტას ხელი იმანაც შეუწყო, რომ მთავარი ფავორიტი ბასატი ფეხბურთის დიდი ექსპერტი არ იყო, სხვა კონკურენტების უმთავრესი საზრუნავი კი სწორედ ბასატის კრიტიკა გახლდათ. ამით ლაპორტამ ისარგებლა, სხვაობა ნელ-ნელა შეამცირა და ბოლო დღეებში უპირატესობაც მოიპოვა.

როდესაც არჩევნებამდე კვირაზე ნაკლები იყო დარჩენილი, ლაპორტამ განაცხადა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედიდან” დევიდ ბექჰემის ტრანსფერის ყველა დეტალი მოგვარებული ჰქონდა. არადა ამ დროს ბექჰემის “რეალში” გადასვლა უკვე გადაწყვეტილი იყო.

და არ დაგვავიწყდეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება – ლაპორტა ამას გაპრეზიდენტებამდე საჯაროდ არ ადასტურებდა, მაგრამ პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მის კანდიდატურას მხარს იოჰან კრუიფი უჭერდა.

დღევანდელ დღეს, 30 აპრილს ლაპორტას მხარდაჭერები ნულ პროცენტს ცოტათი აღემატებოდნენ, თუმცა თვენახევარში მან რაღაცნაირად მოახერხა და არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • cezo45
    schedule 01 მაი 2022, 02:37
    #8

    ლაპორტა ყველაზე მაგარი პრეზიდენტია ვინც არიცის და არ მოწონს უბრალოდ ჩართეთ და უყურეთ ლაპორტას ფილმს სადაც ნაჩვენებია როგორი ჭაობიდან ამოათრია გუნდი..

  • shu1987
    schedule 30 აპრ 2022, 21:44
    #7

    ჩემი აზრით ლაპორტა ძალიან დიდ ბინძურ თამაშს თამაშობს, თუ ლევანდოვსკი მოიყვანეს და დიდი ხელფასი დაუნიშნეს მაგრა გატეხავს იმის მერე რაც სუარესს და მესის გაუკეთეს.

  • njanka1977
    schedule 30 აპრ 2022, 21:16
    #6

    … და გახდა თუ არა პრეზიდენტი ლაპორტა, რწალმა მეორე დღესვე გააიფიციალურა ბექჰემის ტრანსფერი, ხოლო ლაპორტა დაგვპირდა რონალდინიოს ვიყიდიო. კინაღამ გადავირიე… რაის ბექჰემი, თუ რონალდინიოს ყიდვა იქნებოდა შესაძლებელი?! ვიყიდეთ ფეხბურთის სიხარული, მზე, მშვენიერება… და დაიწყო ისტორიაში უუუდიდესი გუნდის აშენება. 2005 თუ 2006 წელია წელია მგონი, რონალდინიო არის იმდროისათვის დედამიწაზე ყველაზე ცნობადი ადამიანი… ზუსტად მზიურთან მივდივარ ფეხით და ვკითხულობ სპორტულ გაზეთს, სადაც წერია, რომ ვიღაც 16 წლის ღლაპი- ლეონელ მესი ითხოვს ძირითადში თამაშს რადგან ვარჯიშებზე ყველას სჯობნის. პირველად ცხოვრებაში გადავწყვიტე დამემახსოვრებინა ეს სახელი და გვარი, რადგან ბევრი ლა მასიელი გამიგია, მათ ამბიციებზეც მსმენია, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე-არაფერი განსაკუთრებული. მაგრამ ეტყობოდა ეს მართლა გამორჩეული შემთხვევა იქნებოდა. მცირე ხნის შემდეგ გამოვიდა ასპარეზზე ვიღაც ,,ტანმოკლე ფაშა" და დაანგრია დედამიწა. ეს იყო – მეეეე…სიიიი…. მეეეე… სიიიი… აჰ 🤦 და გავხდით მომდევნო 15 წლის განმავლობაში ყველაზე ,ყველაზე მომთხოვნი და ,გაბლატავებული" გულშემატკივრები მსოფლიოში. ჩემი ერრთადერთი და უკანასკნელი ბარსას ლოგოს ტატუც მადლობაა იმ ემოციებისთვის, რაც ბარსამ მომანიჭა.

  • azulgerana
    schedule 30 აპრ 2022, 20:59
    #5

    აბა რა ცუდი დღე იყო

  • Davita
    schedule 30 აპრ 2022, 17:53
    #4

    მაგარი შლანგი პრეზიდენტია და ტყუილად ნუ უწმინდავთ ერთ ადგილს. ალემანი როარა საერთოდ არარაობა იქნებოდა

  • nika 54
    schedule 30 აპრ 2022, 14:55
    #3

    როგორც ახლა მაშინაც ტყუილი დაპირებებით გაუმარჯვია, ეს იმდენად მისი დამსახურება კი არა ჩლუნგი ფანების გამარჯვება ყოფილა, რომლებიც ყველაფერს იჯერებენ.

  • ROUCH
    schedule 30 აპრ 2022, 13:18
    #2

    როსელს მოუგია ფაქტიურად არჩევნები და იმ მეორე ფინანსების კაცს აბა ამან რა აყენებული აკეთა? იმიტომაც აახია ადგილი შემდეგ არჩევნებზე სანდრიკომ ვითომ მაგარ პრეზიდენტს. ეხლა რაღატო დაგოიმდა სასტავი ამ ცრუ კაცზე ეგ მიკვირს მე. ეხლაც იგივე დაპირებები გაცა ამ ჩემისამ მესი რჩება ჰალანდს მოვიყვან მარა ის დაავიწყდა სანდრიკა აღარ ყავს რო ბექემ ჰალანდი თუ არა ახალი რონალდინიო მაინც გაეჩითა გუნდისთვის

  • Albicelecte
    schedule 30 აპრ 2022, 12:38
    #1

    ანუ მაგარი აფერისტი და მანიპულატორია, თუმცა სწორ სვლებს აკეთებს და მანიპულაციებს პოპულიზმის გამო მიმართავს, რათა წარმატებას მიაღწიოს;
    ბექჰემი კამპ ნოუზე? ძალიან სხვა სტილისა იყო ბექსი და ეხლა ვინმე იფიქრებს, რომ დინიოზე უკეთ მოერგებოდა გუნდს?! რა თქმა უნდა დაუჯერებელია, მაგრამ მოდი და უთხარი ეს გულშემატკივარს;
    თუმცა 2002 მუნდილის მერე რატომ აყენებდნენ დინიოზე მაღლა ბექსის, ეს მიკვირს barca-6