ალავესი-ბარსელონა: მატჩისწინა მიმოხილვა

ალავესი-ბარსელონა: მატჩისწინა მიმოხილვა

დღეს, ლა ლიგის 22-ე ტურში “ბარსელონა” “ალავესს” ესტუმრება.

ორკვირიანი პაუზის შემდეგ, “ბარსა” ლა ლიგას უბრუნდება. ამ პერიოდში ბევრი რამ მოხდა, ძირითადად ცუდი, თუმცა იყო პოზიტიური მომენტებიც. ახლა ხელების ჩამოყრის დრო არ არის. ამ სეზონის მთავარი მიზანი, ოთხეულში შესვლა, მიღწეული კვლავ არ არის, ასე რომ, ბრძოლა გრძელდება.

ამ მომენტისთვის, ცხრილში 4-10 ადგილებზე მყოფ გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ 5 ქულაა. კონკურენცია ძალიან სერიოზულია და ნებისმიერ ქულას ოქროს ფასი აქვს. “ალავესის” დონის გუნდებთან 3 ქულის აღება აუცილებლად უნდა მოვახერხოთ.

სათამაშო ფორმა

გუნდმა ორი ძალიან დასანანი მარცხი განიცადა და ორი ტიტული დაკარგა. ტრავმები კი რაღაც დაუსრულებელ წყევლას ემსგავსება.

ფერანის სახით, პოზიტივის გამოყოფა შეგვიძლია. მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე ყოფნისას დაკარგული იყო, გოლის შეგდება მაინც მოახერხა, თანაც, არასაგოლე სიტუაციიდან. გოლის გამტანი ფეხბურთელები ჰაერივით გვჭირდება.

ალბათ, ფეხბურთელების მხრივ, დაცვის ფლანგები ყველაზე სუსტი წერტილია. ალვესი თავის კლასს მოედანზე ნათლად წარმოაჩენს, თუმცა სისწრაფე დაკარგული აქვს და, ხშირად, ძალიან პრიმიტიულ შეცდომებს უშვებს, ალბა კი მესის წასვლის შემდეგ თავის თავს აღარ ჰგავს. კლუბმა ამ ორი პოზიციის გაძლიერებაზე აუცილებლად უნდა იფიქროს.

მეტოქე

“ალავესი” ლა ლიგაში 17 ქულით მე-18 ადგილს იკავებს. ჩვენი დღევანდელი მეტოქე ძალიან სუსტია, თუმცა ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ “ბარსელონას” რამე განაღდებული აქვს. მიმდინარე სეზონში ბრძოლა ყველასთან გვიწევს, გამონაკლისი არც ეს თამაში იქნება.

2022 წელი “ალავესმა” ახალ მთავარ მწვრთნელთან ერთად დაიწყო. “ვილიარეალთან” წაგებული თამაშის შემდეგ (2-5) კლუბმა ხავი კალიეხა გაუშვა და, მის ნაცვლად, “ეიბარის” ყოფილი დამრიგებელი, ხოსე ლუის მენდილიბარი, დანიშნა. მისი ხელმძღვანელობით “ალავესმა” სამი მატჩის ჩატარება (“სოსიედადი”, “ბილბაო” და “ბეტისი”) და ორი ქულის აღება მოასწრო.

ასევე, ბასკურ კლუბს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე ცოტა გოლი აქვს გატანილი – 16.

“ალავესის” სარეზერვო გუნდში 20 წლის ქართველი ცენტრალური თავდამსხმელი, გიორგი გაგუა ირიცხება. “ალავესი B” რანგით მეოთხე დივიზიონის მე-4 ჯგუფში ასპარეზობს და დაწინაურებისთვის იბრძვის.

მწვრთნელები მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი:

“ალავესის” თამაშის სტილი დაახლოებით ისეთია, როგორიც ბილბაოს “ატლეტიკის”. ვეცდებით, წინა თამაშში დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ. ამ მატჩში სამი ქულის აღება უმნიშვნელოვანესია. 

ხოსე ლუის მენდილიბარი:

“ბარსას” ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. იმ ფეხბურთელებისგან, რომლებიც თამაშობენ და რომლებიც სათადარიგოთა სკამზე არიან, ორი გუნდის აწყობა შეიძლება. ახალგაზრდები კარგად თამაშობენ, ვეტერანები კი მათ ეხმარებიან.

დანაკლისი

გუნდის ბირთვის ჩამოყალიბება ვერა და ვერ მოხერხდა. “რეალთან” მატჩში “ბარსას” დანაკლისს მხოლოდ სამი ფეხბურთელი შეადგენდა, თუმცა იმედები იმის თაობაზე, რომ ჩავი ძირითადი შემადგენლობის ფორმირებას საბოლოოდ შეძლებდა, არ გამართლდა, რადგან გუნდში ტრავმების ახალი ტალღა წამოვიდა.

ყველაზე გულდასაწყვეტი, რა თქმა უნდა, ანსუ ფატის დაკარგვაა, იგი დიდი ხნით გამოგვაკლდა. მასთან ერთად, ტრავმირებულები არიან სერჟი რობერტო, მემფის დეპაი, სამუელ უმტიტი და ერიკ გარსია. 

უსმან დემბელეს ამბავი ყველასთვის კარგად ნაცნობია. როგორც მინიმუმ, მისი იზოლაცია სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე გაგრძელდება. 

თასზე მოხდილი დისკვალიფიკაციის შემდეგ, გუნდს ლუკ დე იონგი დაუბრუნდება. სამაგიეროდ, “გრანადასთან” მიღებული წითელის ბარათის გამო, ვერ ითამაშებს გავი.

არბიტრი

დღევანდელ მატჩს 41 წლის ხორხე ფიგუეროა ვასკესი განსჯის.

ვასკესს უმაღლეს დონეზე მსაჯობის დიდი გამოცდილება არ აქვს, იგი პრიმერა დივიზიონში მეორე სეზონს ატარებს. “ბარსელონას” მონაწილეობით მას მხოლოდ სამ შეხვედრაში უმსაჯია, საიდანაც “ბარსამ” ორი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა, ბურთების შეფარდება 11-4. საინტერესოა, რომ ამ სამი მატჩიდან ორი ბარსელონა-ალავესი იყო. 

მას “ბარსას” სასარგებლოდ ერთი პენალტი აქვს დანიშნული. “ხეტაფესთან” შეხვედრაში 90-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 4-2 იყო, მესის ჰეთ-თრიქის შესრულების შანსი ჰქონდა, თუმცა ლეომ თერთმეტმეტრიანი ანტუან გრიზმანს დაუთმო. 

ჯამში, ვასკესს ლა ლიგის 29 შეხვედრაში უმსაჯია. იგი თამაშში, საშუალოდ, 26 ჯარიმას ნიშნავს და ფეხბურთელებს 4-ჯერ აფრთხილებს.

ურთიერთშეხვედრები

“ალავესსა” და “ბარსელონას” ერთმანეთის წინააღმდეგ 44-ჯერ უთამაშიათ. მათგან, “ბარსამ” 30 მოიგო, 7 ფრედ დაასრულა და 7 წააგო, გაიტანა 115 და გაუშვა 38 გოლი.

“მენდისოროსაზე” გუნდებს 21-ჯერ უთამაშიათ. “ბარსას” მონაგარი ასეთია – 11 მოგება, 5 ფრე, 5 მარცხი. ბურთების შეფარდება – 43-16.

პირველი წრის შეხვედრაში კატალონიელებს დროებითი მწვრთნელი, სერჟი ბარჟუანი, ხელმძღვანელობდა. “ალავესმა” “კამპ ნოუდან” ქულის წაღება შეძლო (1-1). ეს იყო ბოლო მატჩი, რომელიც კუნ აგუერომ პროფესიონალურ დონეზე ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, “ბლაუგრანა” და “ალავესი” ერთმანეთს ესპანეთის თასის ფინალში დაუპირისპირდნენ, რომელიც კატალონიელებმა 3-1 მოიგეს. “ბარსას” მხრიდან, გოლები მესიმ, ნეიმარმა და ალკასერმა გაიტანეს, “ალავესიდან” კი – ტეო ერნანდესმა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ბოლო მატჩი, რომელიც “ბარსელონამ” ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით ჩაატარა და ისტორიაში ბოლო მატჩი, რომელიც “ვისენტე კალდერონზე” გაიმართა.

საინტერესო ფაქტები

  • ლა ლიგაში “ალავესს” 9-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
  • “ალავესმა” ლა ლიგის ბოლო 3 საშინაო მატჩი ფრედ დაასრულა.
  • ბოლო 12 მატჩიდან “ბარსამ” კარის მშრალად შენახვა მხოლოდ ერთში შეძლო.
  • “მენდისოროსა” 1924 წელს გაიხსნა. ესპანეთის მასშტაბით, მასზე ძველი მხოლოდ ორი სტადიონია (“ელ მოლინონი” და “მესტალია”).
  • მიმდინარე სეზონში ფატის გოლი, საშუალოდ, 91 წუთში ერთხელ გააქვს, დემბელეს კი – 684-ში ერთხელ.
  • ჩავის ხელმძღვანელობით “ბარსამ” ლა ლიგაში შესაძლო 24-დან 15 ქულა აიღო.
  • ხორხე ფიგუეროა ვასკესი “ბარსელონასა” და “ალავესის” შეხვედრაში ზედიზედ მესამედ იმსაჯებს. სამივე მატჩში “ბარსას” სხვადასხვა მწვრთნელი ჰყავდა – კუმანი, ბარჟუანი, ჩავი.

სავარაუდო შემადგენლობები

Sport:

“ბარსელონა” | 4-3-3

ტერ შტეგენი – ალვესი, არაუხო, პიკე, ალბა – ბუსკეტსი, ნიკო, ფ. დე იონგი – ტორესი, ლ. დე იონგი, ჟუტგლა

“ალავესი” | 4-4-2

პაჩეკო – აგირეგაბირია, ლაგუარდია, ლეჟენი, ლოპესი – რიოხა, მოია, ესკალანტე, ედგარი – დე ლა ფუენტე, ხოსელუ

Marca:

“ბარსელონა” | 4-3-3

ტერ შტეგენი – ალვესი, არაუხო, პიკე, ალბა – ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი – აბდე, ლ. დე იონგი, ტორესი

“ალავესი” | 4-4-2

პაჩეკო – აგირეგაბირია, ლაგუარდია, ლეჟენი, ლოპესი – ედგარი, მოია, ესკალანტე, რიოხა – დე ლა ფუენტე, ხოსელუ

SofaScore:

“ბარსელონა” | 4-3-3

ტერ შტეგენი – ალვესი, არაუხო, პიკე, ალბა – ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი  – აბდე, ლ. დე იონგი, ტორესი

“ალავესი” | 4-4-2

პაჩეკო – აგირეგაბირია, ლაგუარდია, ლეჟენი, ლოპესი – მენდესი, მოია, ესკალანტე, რიოხა – დე ლა ფუენტე, ხოსელუ

SportsMole:

“ბარსელონა” | 4-3-3

ტერ შტეგენი – ალვესი, არაუხო, პიკე, ალბა – ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი – ტორესი, ლ. დე იონგი, ჟუტგლა

“ალავესი” | 4-4-2

პაჩეკო – აგირეგაბირია, მიასგა, ლეჟენი, ლოპესი – ხასონი, მოია, გარსია, რიოხა – დე ლა ფუენტე, ხოსელუ

პროგნოზი

90min: ალავესი 1-3 ბარსელონა

SportsMole: ალავესი 1-2 ბარსელონა

Sportskeeda: ალავესი 1-3 ბარსელონა

WhoScored: ალავესი 0-2 ბარსელონა

ტრანსლაცია

შეხვედრა, თბილისის დროით, 23:55 საათზე დაიწყება, მის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და silksport.ge შემოგვთავაზებს

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • azulgerana
    schedule 23 იან 2022, 15:50

    სახეს იხმარება დღეს ხავისას

  • La Pulga10
    schedule 23 იან 2022, 13:05

    —ფერანი–ლ.დე იონგი–აბდე—
    —ფრენკი–ბუსი–ნიკო—
    —ალბა–არაუხო–პიკე–ალვესი—
    ————შტეგო
    ბუსის კამზე დასმაც შეიძლება,მარა მაშინ პედრიმ უნდა ითამაშოს ან პუჩიმ და დე იონგი საყრდენზე დადგეს.

  • Pirat❤️💙
    schedule 23 იან 2022, 12:47

    განაცხადი როდის დაიდება?

  • nika 54
    schedule 23 იან 2022, 11:56

    რა თქმა უნდა უნდა მოვიგოთ, თან გული მწყდება ჩემი შვილი ალავესს გულშემატკივრობს და სტადიონზეც იქნება. ვიტორიაში ცხოვრობს. პანდემიამდე ამ თამაშებზე ჩავდიოდი ხოლმე.