“ბარსელონა” რომ დღეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, ამაზე აღარავინ დავობს. გუნდის შემადგენლობაში ირიცხებიან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, მსოფლიოს საუკეთესო გამთამაშებლები, საუკეთესო დაცვა და ა.შ. ყველა ფეხბურთელი, რომელიც დღეს “ბლაუგრანას” ღირსებას იცავს, მსოფლიო დონის ვარსკვლავია. კატალონიელების თამაში ნამდვილად არ ჰგავს ამქვეყნიურს. რასაც ფეხბურთელები მოედანზე აკეთებენ, უბრალოდ სასწაულია.
მიუხედავად ამისა, “ბარსელონას” წინ გრძელი და დამქანცველი სეზონი ელის. ძლიერდება მისი უშუალო კონკურენტი მადრიდის “რეალი”, რომელმაც საკუთარ რიგებს ახალი ფეხბურთელები შეჰმატა. ვერავინ იტყვის, რომ ქვეყნის ჩემპიონატისა თუ ჩემპიონთა ლიგის მოგება “ბარსელონას” გაუადვილდება. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დღეს ყველანი “ბარსას” დამარცხებაზე ფიქრობენ.
ჯერ სეზონი არ დაწყებულა, ამიტომ რთულია წინასწარი დასკვნების გაკეთება, მაგრამ საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება ნებისმიერ ჩვენთაგანს შეუძლია.
