გუშინ გამართულ პრეს–კონფერენციაზე წარსდგნენ სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა და კლუბის ვიცე–პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ. მათ დაადასტურეს კიკო ფემენიას გადმობარგება და ისაუბრეს შესაძლო ტრანსფერებზე. მათ განიხილეს როგორც წასვლის კანდიდატები, ისე – მოსვლის.
სუბისარეტამაც და ბართომეუმაც ისაუბრეს ჯონათან სორიანოზე, ჟეფრენსა და ბოიან კრკიჩზე, რომლებიც ყველაზე ახლოს არიან კლუბის დატოვებასთან. სპორტულმა დირექტორმა სეგუნდა დივიზიონის ბომბარდირის შესახებ თქვა, რომ კლუბი ელოდება მისთვის საუკეთესო შემოთავაზებას: “ჯონათანმა ძალიან ბევრი გააკეთა გუნდისთვის, ამიტომაც ბევრს ვმუშაობთ მასთან და მის აგენტთან, რათა სორიანოსთვის საუკეთესო შემოთავაზება ავარჩიოთ. იმედი მაქვს, რომ იქნება ისეთი შემოთავაზება, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს. იმ შემთხვევაში, თუ არცერთი კლუბი არ გამოჩდნება მის შესაძენად, ჯონათანი 11–ში შეუერთდება გუნდს და განაგრძობს ვარჯშიშებს. იგი ნორმალურად იმუშავებს მიუხედავად იმისა, რომ ეცოდინება არანაირი შანსი არ ექნება პირველ გუნდში მოხვედრისა”.
ჟეფრენზე სუბისარეტამ განაცხადა, რომ არ არის ხელსაყრელი სიტუაცია ბაზარზე: “ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ მივიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილება ფეხბურთელისთვის, თუმცა მოლაპარაკებები დიდ დროს წაიღებს, რადგანაც ბაზარზე პროგრესი არ არის და ბევრი შემოთავაზება არ გვაქვს”. ხოსეპ მარია ბართომეუმ განაცხადა, რომ კლუბი კვლავ განიხილავს იმ შემოთავაზებას, რომელიც “რომას” მესვეურებმა გამოუგზავნეს მათ ბოიან კრკიჩის თაობაზე.
ანდონიმ განაცხადა, რომ ტიაგო და ფონტასი პირველ გუნდს შეუერთდებიან: “ჩვენ კვლავ ჩვენი ფილოსოფიით ვაგრძელებთ მუშაობას და ტალანტებს სახლში ვეძებთ, სადაც ორი უკვე აღმოვაჩინეთ. ესენი არიან: ტიაგო და ფონტასი. ალკანტარა საუკეთესო ფეხბურთელი იყო 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, ხოლო ფონტასი ისეთი ცენტრალური მცველია, რომელიც ლა ლიგის გუნდების 80 %–ის ძირითად შემადგენლობაში მოხვდება”.
ბართომეუმ ისაუბრა იმ გეგმაზე, რომლითაც აპირებენ ფრასესკ ფაბრეგასის სახლში დაბრუნებას: “ჩვენ ვიცით რა გვაქვს და რა გვჭირდება, დრო 31 აგვისტომდეა. წინა წელს მაშერანოც აგვისტოს ბოლოს შემოგვიერთდა, მაშინ როცა ადრიანო ივლისის დასაწყისში გადმობარგდა კატალონიაში. ჩვენი პირველი გუნდი დიდებულია, საუკეთესო ევროპაში, ჩინებული ფეხბურთელებითა და მწვრთნელით”. სუბისარეტამ კი დაამატა, რომ: “მსოფლიოში მოთხოვნადი ფეხბურთელების 90% “ბარსელონაშია”.

