უკვე ყველასათვის ცნობილია, რომ ბლაუგრანელთა და მეთოფეთა შორის ფაბრეგასის საკითხზე, პირველი კონტაქტები შედგა. ახლა კი კატალონიური სპორტული გამოცემა “სპორტი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ხოსეპ მარია ბართომეუ ლონდონში იმყოფებოდა…
ალბათ უკვე ყველა დაიღალა იმ “საპნის ოპერად” ქცეული ტრანსფერით, რომლის მთავარი გმირიც ცესკ ფაბრეგასი გახლავთ … ალბათ უკვე ცესკის ყველაზე დიდ გულშემატკივრებსაც კი მობეზრდათ ეს ჭორები, რომლის ბოლოსაც ჯერჯერობით სინათლე არ მოსჩანს … ალბათ ზოგიერთმა თქვენგანმა ცესკის ტრანსფერზე მითქმა–მოთქმების პერიოდში, დაოჯახებაც კი მოასწრო… რა აღარ მოხდა … მაგრამ ცესკი წითელ–ბროწეულის ფერებში მხოლოდ პიკესა და პუიოლის დაძალების შემდეგ იმოსება (ხოლმე)…
მართალია ვთქვი, რომ ჭორებს ბოლო არ უჩანს და მის ბოლოს სინათლე არ მოსჩანს, თუმცა კატალონიური გამოცემა “სპორტი” სხვაგვარად ფიქრობს. 1 კვირის წინ, ლონდონის “არსენალის” წარმომადგენელმა, ჰილ–ვუდმა განაცხადა, რომ გუნდების ხელმძღვანელებს ერთმანეთთან სატელეფონო კავშირი უკვე ჰქონდათ. ამის შემდეგ კი ის ადამიანები, რომლებსაც ფაბრეგასის “ბარსაში” ხილვის იმედი გადაწურული ჰქონდათ, ოპტიმიზმით აივსნენ და ასე ავსებულები ელოდნენ და ელიან ფაბრეგასის “ბარსელონაში” გადმოსვლას … თუ მათ ეს ოპტიმიზმი კვლავ პესიმიზმათ ექცათ, “სპორტი” მათ პესიმიზმს კვლავ ოპტიმიზმით ჩაანაცვლებს.
როგორც კატალონიური გამოცემა გვამცნობს, 16 ივნისს კატალონიის “ბარსელონას” ვიცე–პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ ინგლისის დედაქალაქს ესტუმრა, სადაც მას ლონდონური კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, ივან გაზდისი ელოდა. გასული წლისგან განსხვავებით, მეთოფეებმა სამიზნეები ცოტა ხნით გვერდით გადადეს და ბართომეუ სასაუბროდ მაგიდასთან მიიწვიეს. შეთავაზება ურიგო არ გახლდათ – 35 მილიონი ევრო. როგორც სანდრო როსელმა განაცხადა, ცესკი ახლა 40 მილიონზე ნაკლები ღირს. ჰოდა, როგორც ჩანს, ეს არც ბართმეუს დავიწყებია.
მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, ბართომეუ ჟურნალისტებთან დუმილით შემოიფარგლა. გაზდისმა კი ყველაფრის დეტალურად შესწავლა განიზრახა. აწონის, გაზომავს, დაწონის, გადაზომავს … კვლავ აწონის, დაწონის, კვლავ აიღებს ზომებს და იტყვის პასუხს … თუმცა, როგორც ჩანს ჯერჯერობით მეთოფეებს აწონ–დაწონვა და გაზომვ–გადაზომვა არ დაუმთავრებიათ.
…ყველაფერი შარშანდელზე უკეთ მიდის.


