დილით დიდხანს აღარ დამაძინეს სახვალიო გამოცდების საკითხების გადამეორების აუცილებლობისგან გამოწვეულმა სინდისის მუჯლუგუნებმა. მეც ავდექი, მივედი ონკანთან, პირის დაბანა და ცოტა გამოფხიზლება მინდოდა, მაგრამ ხელის ინსტინქტურ მოძრაობასთან ერთად გავაცნობიერე ჩემი ქმედების უსარგებლობაც. რამდენიმე ფრიად საპატიო გვამის ახლობელ–ნათესავებიც მოვიხსენიე თითო–ოროლა სიტყვით, გამოვერკვიე ბურანიდან და მივხედე ჩვეულ პროცედურებს: დავავლე ორ მოზრდილ სათლს (გნებავთ “ვედროს“) ხელი და გავეშურე უახლოესი ოაზისისკენ, რომელიც 3 ქუჩის იქით მეგულებოდა. ზუსტად ისე მივდიოდი, ერთ ძველ ქართულ მულტფილმში რომაა: “ბაბაჯან წყალიო“…
წინ, რა თქმა უნდა, დიდი რიგი დამხვდა, ახლა იქაური საუბრის მოთხრობას არ შევუდგები, რას ილაპარაკებდნენ და რას იტყოდნენ არ უნდა იყოს დიდი გამოცანა. ბოლოს, როგორც იქნა, მეც მივუახლოვდი ამ მაპივით სანატრელ (გამგები გაიგებს და მიხვდება) H2O–ს და დაახლოებით ისე გამახარა ცარიელი სათლის ფსკერზე წყლი ნაკადის ხმამ, როგორც დენის მოსვლა გვიხაროდა ხოლმე ერთ დროს, რა ნოსტალგიური გრძნობა იყო ეჰ…
წამოვედი სახლში ბარბაც–ბარბაცით, გზაში რამდენიმე მოხუცი დავაკვალიანე და ჩვენებური ოაზისის მისამართი მივასწავლე და როგორც იქნა მოვედი სახლშიც.
თავში გამიელვა, რომ წინა დღეებში ერთ–ერთ სოციალურ ქსელზე რამდენიმე მეგობარმა “მოიწონა” გვერდი სახელწოდებით “I hate Georgian Water & Power”, მეც გამახსენდა, რომ ეს პატივცემული კომპანია განკარგავდა საქართველოში აღნიშნულ სფეროს და გადავწყვიტე მათ ელექტრონულ გვერდს ვწვეოდი, იქნებ პატივი დაედოთ მოსახლეობისთვის და ამ ახალი 90–იანების შესაძლო დასასრულის თარიღი ეცნობებინათ… მსგავსი არაფერი იყო. ერთი იმას გვახსენებდნენ, რომ ამ საკითხს პოლიტიკურ სარჩულს ნუ დაუდებთო. თვალი მოვკარი მსგავსი სახის ღიმილისმომგვრელ (სიმწრის) ფრაზასაც: “(GWP) წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე. ის მაღალი ხარისხის საიმედო მომსახურებას უწევს თბილისისა და მისი შემოგარენის მოსახლეობას, სახელმწიფო ორგანიზაციებს, სამრეწველო და კომერციულ ობიექტებს.”
ეჰ, რა აზრი აქვს–მეთქი ვიფიქრე და ის იყო თაგუნას ისარი ზემოთ ავწიე, რათა ახნიშნული გვერდი გამომერთო, რომ ზედ X ღილაკთან გამიშეშდა ხელი… ზემოთ ამ “ხარისხის” მამების ამაყად მბზინავ დევიზს მოვკარი თვალი და იმიტომ… და არ გაინტერესებთ დევიზი რა იყო? არც მეტი, არც ნაკლები: მეტი, ვიდრე უბრალოდ წყალი. აჰა, ესღა აკლდათ. მოდი და ნუ აღგაშფოთებს (გაეროსავით) ამ დონის უსინდისობას თანდართული პლაგიატობაც. არ ვიცი ეს რამდენად მძიმე დანაშაულია და არის თუ არა საერთოდაც დანაშაული ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ პლაგიატი პლაგიატია და ვინმეს თუ მიუწვდება ხმა კატალონიაში ამ საიტის ბინადართაგან, კარგი იქნება, თუ აცნობებს მათ ამის შესახებ. მერე მე რა? არც არაფერი, მე უბრალოდ ჟურნალისტი ვარ და მოვალედ ვთვლი თავს, ხმა ამოვიღო ასეთ დროს, მანამ, სანამ მორიგ სათლს მოვკიდებდე ხელს იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც “მაპმიღებულმა” სამყარომ შუასაუკუნეებამდე გადაჭრა. ამ კომპანიას რაც შეეხება: მოდით, მეგობრებო, რაღაცაზე მეტის ყოფნის და კეთების ამბიცია “ბარსელონას” დავუტოვოთ, თქვენ კი უბრალოდ წყალი მოგვაწოდეთ, “მეტი” სულაც არ გვინდა…
P.S. საიტის ლინკიც
თორნიკე რაზმაძე
