workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა” მალიორკაზე

“ბარსა” მალიორკაზე

“მალიორკა” – “ბარსელონას” შეხვედრა ახლოვდება. მიუხედავად იმისა, რომ ტრიბუნები ცარიელი იქნება, გულშემატკივარი მაინც მოუთმენლად ელის, სეზონის განახლებას.

“ბარსას” 21-ე საუკუნეში, რამდენიმე გამორჩეული შეხვედრა აქვს “მალიორკასთან”, გასვლით შეხვედრებში ჩატარებული და კარგი იქნება, თუ თვალს გადავავლებთ.

პინტოს გმირობა

ძალიან დაძაბული და რთული გამოდგა თასის ნახევარფინალის განმეორებითი შეხვედრა. გვარდიოლა, თავის სადებიუტო სეზონში, ყველა ტიტულის მოგებას ლამობდა და სწორედ მან შემოიტანა ფეხბურთში მაქსიმალიზმი. გვარდიოლამდე მწვრთნელები, ხან ორ და ხანაც ერთ ტიტულზე აკეთებდნენ აქცენტს, ტრიპლეტი კი ისეთი იშვიათობა იყო, 20 წლეულში ერთხელ რომ ხდებოდა.

“ბარსას” ერთ-ერთმა ექიმმა, ღიად განაცხადა, რომ სამივე ტიტულისთვის ბრძოლა სიგიჟე იყო, ასე ფეხბურთელები ზედმეტად დაიტვირთებოდნენ, ტრავმები მომრავლდებოდა და შესაძლოა, ყველა ტიტული დაკარგულიყო. ეს პოზიცია გვარდიოლასთვის იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ ექიმი, კლუბიდან გააშვებინა.

მართალია, სეზონის ბოლოს, მართლაც მომრავლდნენ ტრავმირებული ფეხბურთელები, მათ შორის, ინიესტამ და ანრიმ ტრავმით ითამაშეს “მანჩესტერთან” ფინალი, მარკესი კი “ჩელსისთან” ნახევარფინალში მძიმედ დაშავდა, მაგრამ გვარდიოლამ თავისას მაინც მიაღწია.

სადებიუტო სეზონში, გასვლით შეხვედრებში, პეპის ჯოკერი ყოველთვის მესი იყო, ხშირად სვამდა სათადარიგოთა სკამზე, ასე არიდებდა ზედმეტ დატვირთვას, მერე შემოყავდა და ყველაფერი იცვლებოდა.

ასე მოატრიალა მესიმ თამაში, გასვლაზე “ოსასუნასთან”, “რასინგთან” და ნახევარფინალში “მალიორკასთან”.

ასევე, გვარდიოლამ დანერგა თასის შეხვედრებში, სათადარიგო მეკარისთვის სრული ნდობის გამოცხადება. მომდევნო წლებში, თითქოს, მოურინიოც აჰყვა ამ ამბავში, მაგრამ, როცა გუნდები ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს, ჟოზემ მაინც ვერ გარისკა და კასილიასი დააყენა, პეპმა კი თქვა, რომ თავის მეკარეს შეურაცხყოფას ვერ მიაყენებდა და ფინალშიც პინტო ათამაშა.

პინტომ “მალიორკასთან”, ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, პენალტი მოიგერია. მეტოქეს შეეძლო ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურებულიყო და “ბარსას” გასვლა, კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა, მაგრამ პინტომ მეტოქე წყობიდან გამოიყვანა და დუელში პირწმინდად აჯობა.

ბოლოს კი მესიმ ყველაფერი დაასრულა. ქარიც წაეხმარა, იმ შეხვედრაში ისეთი ქარი იყო, წესით თამაში უნდა შეეჩერებინათ, მაგრამ მსაჯმა ეს არ იკადრა და მეტად უცნაური სანახაობა გამოდგა. რეაქტიულ მესის რომ კიდევ ქარი წაეშველა, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ცოტაც და გაფრინდებოდა..

“ბარსა” ფინალში გავიდა და “ბილბაოსთან” დაპირისპირებაში, მორიგო ტიტული მოიპოვა.

რონის პასი, მესის გოლი

“მალიორკასთან” მესიმ, პირველი ოფიციალური გოლები შეაგდო, გასვლით შეხვედრაში, მანამდე მხოლოდ “კამპ ნოუზე” იტანდა. მხოლოდ 17 წუთი მისცა რაიკაარდმა და ლეომ 2 გოლით გამოიჩინა თავი, თან გოლებსაც ხომ აქვს მნიშვნელობა? ორივე ერთმანეთზე უკეთესი გამოვიდა, ცოტა უცნაური იყო იმ კუთხით, რომ მარცხნივ ითამაშა, რონალდინიო კი ცენტრში ვიხილეთ. იმ სეზონში, სულ რამდენჯერმე მოხდა ასე და ამ პოზიციაზე ლეომ, საუკეთესო შეხვედრა, სწორედ მალიორკაზე ჩაატარა.

რონალდინიოს ჰქონდა აკვიატებები, კონკრეტულ კომპონენტში წაივარჯიშებდა და მერე ტაშს დაგვაკვრევინებდა. თავის მეორე სეზონში, საშინლად არ მოსწონდა როგორ ასრულებდა საჯარიმო დარტყმებს, დადო პირობა ამას აუცილებლად გამოვასწორებო და როგორც შეასრულა, გვახსოვს.

მეოთხე სეზონის წინ თქვა, რომ მეორე სართულზე თამაში უნდა დავხვეწოო და თავით გოლების გატანა დაიწყო, არადა, მასზე რომ მაღალი პასი მიდიოდა ახტომასაც არ კადრულობდა. დადებული პირობის მერე, ყველაფერი შეიცვალა, “სარაგოსასთან” იმხელაზე ახტა, კინაღამ მეკარეს გადაახტა თავზე და მშვენიერი გოლიც შეაგდო.

როცა კლუბმა აბიდალი შეიძინა, რაღაც ახალი პასიც მოიგონა, რომელიც მას მერე სამწუხაროდ, არავის შესრულებით აღარ მინახავს. მცველი, რომ გარემარბს ჩაურბენს, როგორც წესი აუტის ხაზთან გააყოლებენ ხოლმე ბურთს, რონიმ კი გადაწყვიტა ორ მცველს შორის გაეყოლებინა და პირველად რომ ეს პასი შეასრულა “კამპ ნოუმ” წამიერად სუნთქვა შეაჩერა. მცველები დაბნეულები ტრიალებდნენ, ბურთი კი დავალებას ასრულებდა და პირდაპირ აბიდალის ფეხისკენ მიგორავდა.

არ იყო ამქვეყნიური.

რაღაც მსგავსი შემოგვთავაზა მალიორკაშიც. ოღონდ ცენტრიდან, ზონებს შორის გაჭრილი პასი, ბევრჯერ გვინახავს, მაგრამ რონი მაინც სხვაგვარად აკეთებდა ამ ყველაფერს, ზუსტად ისეთი ძალით, როგორც საჭირო იყო, ზუსტად ისეთი ტრაექტორიით, როგორც უკეთესი იქნებოდა, მესიმაც შეირგო და ისტორიას დაუტოვა.

მე იმაზე მეფიქრება, ჟიულისა და ლარსონს რომ უამრავჯერ ვერ შეურგიათ და ისეთი პასებია მეხსიერებიდან ამოვარდნილი, რომ დავიწყებას არაფრის დიდებით არ იმსახურებდნენ.

მერე, მესიმ მეორეც შეაგდო. მარჯვენა ფეხით, მცველებში გაილაღა და გვაჩვენა, რომ ეს გოთვერანი ბავშვი, უკვე ყველაფრისთვის მზად იყო.

[media=https://www.youtube.com/watch?v=Pb3Aj2nqEH0]

კლუივერტის ჰეთ-თრიქი

ვან გაალი რომ მეორედ მოვიდა კლუბში, ყველამ იფიქრა “ბარსა” ისევ დაიწყებს ტიტულების მოგებასო, ფანები ისე დაიღალნენ ცუდი მწვრთნელებით, რომ ვან გაალს ყველა კაპრიზი აპატიეს, მას კი საშინელი კაპრიზები ჰქონდა, მაგალითად, რივალდოს ათიანზე ვერ ხედავდა და საერთოდ, ათიანზე მემგონი ვერავის ხედავდა.

ამიტომ გუნდიდან გაუშვა. არ მჭირდებაო. მოიყვანეს რიკელმე, მაგრამ მასაც ცხოვრება გაუმწარა და “ბარსელონური” კარიერა ჯოჯოხეთად უქცია, მენდიეტას კი იმას თხოვდა, რასაც “ვალენსიაში” აკეთებდა, მაგრამ ესპანელის საუკეთესო პერიოდი, კაი ხნის ჩავლილი იყო.

მისი ფავორიტი, პატრიკ კლუივერტი, რომელმაც ვან გაალს, ერთადერთი ლიგის ტიტული მოაგებინა, გაზარმაცებულ ფეხბურთელად იყო ქცეული. რივალდოსთან ერთად კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ მის გარეშე, არაფერს აღარ ჰგავდა.

გამონაკლისი სწორედ “მალიორკასთან” შეხვედრაში მოხდა, პატრიკმა სამი გოლი შეაგდო და ბოლო ისეთი ლამაზი გამოდგა, რომ მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ფანებს იმედი მიეცათ, აი, გვიან, მაგრამ მაინც, დაეტყო გუნდს ვან გაალის ხელიო, მაგრამ ვაი, რომ ეს ერთადერთი კარგი შეხვედრა გამოდგა, რომელიც ვან გაალის “ბარსამ” გასვლაზე ჩაატარა.

მას მერე საქმე უკან-უკან წავიდა და ლუიმ სეზონის ბოლომდეც ვერ გაძლო პოსტზე, “ბარსამ” კი ჩემპიონატი მეექვსე ადგილზე დაასრულა, ისიც “რეალის” დახმარებით, რომელმაც საჩემპიონო შეხვედრაში “ბილბაოს” აართვა ქულები და “ბარსას” შესაძლებლობა მისცა, მეშვიდედან, მეექსვე ადგილზე ანაცვლებულიყო.

მადრიდელები მაშინ ხუმრობდნენ, იქნებ ჯობდა ჩემპიონატი დაგვეთმო და “ბარსა” უეფას თასის გარეშე დაგვეტოვებინაო?!

მომდევნო წელს გუნდმა რონალდინიო გაიფორმა და მადრიდელებს კარგა ხანს დაუკარგა ხუმრობის სურვილი.

ამ მძიმე პერიოდიდან, “მალიორკასთან” შეხვედრა, ნამდვილად კარგი გასახსენებელია.

[media=https://www.youtube.com/watch?v=Y04rOdjTIMc]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • FC BARCELONA
    schedule 12 ივნ 2020, 11:58

    სუას დუბლი გრიზმანის გოლი!

  • Bakero
    schedule 11 ივნ 2020, 01:23

    ფეოლა ყველაზე კარგად წერს ამ საიტზე საღოლ ! …. Ronaldinho ფეხბურთის ლეონარდო და ვინჩი გენიოსი

  • me da barca
    schedule 10 ივნ 2020, 23:31

    ეს გოთვერანი ბავშვი კაი იყო.

  • M10 S9 D11
    schedule 10 ივნ 2020, 16:48

    ამოვტენოთ უნდა მალიორკა

    ავტორს ბრავო

  • Sergio5
    schedule 10 ივნ 2020, 12:12

    ძაან კაია მომეწონა

    პინტოს მომენტი კარგად მახსოვს, აქეთ დამირტყიო 😂 😂

    ეჰ პეპის დროინდელი ბარსა როგორ მენატრება, ყველასგან განსხვავებულ ფეხბურთს რო ვთამაშობდით

  • ikamach
    schedule 10 ივნ 2020, 12:10

    როგორც ყოველთვის ძალიან კაი სტატიაა.
    მომწონს ფეოლას მიმოხილვები

  • Ronaldo De Asis Moreira 10( Gaucho )
    schedule 10 ივნ 2020, 10:26

    ბრავო ავტორო.კარგი სტატია მოგიმზადებია.თუ შესაძლებლობა იქმება მაშინ,შემდეგ მეტოქქბზეც დადე ესეთი სტატიები.უფრო დაინტერსდება საიტის მომხმარებელიც და ბარსამანიაც წინ წაიწევა <3