ალბათ, კატალონიის “ბარსელონას” ქართველ გულშემატკივართა უმრავლესობას არაერთხელ მოუსმენია ქართველი, თუ არაქართველი კომენტატორებისგან იმის შესახებ, რომ დედამიწაზე დაბადებულმა უცხოპლანეტელმა, ლეო მესიმ მეტოქის კარი 90 წუთში, 3–ჯერ დალაშქრა, ანუ პირობითად არგენტინელმა ფეხბურთელმა ჰეტ–ტრიკი შეასრულა. ამ დროისთვის ეს არამარტო “ბარსას”, არამედ მთელი მსოფლიო ფეხბურთის გულშემატკივართათვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა და ამიტომაც მესის მიერ 90 წუთში გატანილ 3 გოლს უმრავლესობა გულშემატკივრისა სრულიად ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამს. თუმცა, ფეხბურთის მოყვარული ხალხი “ბარსას” თამაშებს მხოლოდ მესის გამო არ უყურებს – კატალონიური კლუბის გულშემატკივრები მხოლოდ მესის ჰეტ–ტრიკს არ ელიან, მხოლოდ მესის დრიბლინგს არ ელიან და მხოლოდ პიპიჩს არ ელიან … ისინი პირველ რიგში იმ გუნდის გულშემატკივრები არიან, რომელიც მეტია, ვიდრე უბრალოდ კლუბი…
დარწმუნებული ვარ იმ ფაქტში, რომ გუშინ 11 მაისს, დედამიწაზე მცხოვრებ არსებებს არც ქრისტეფორე კოლუმბის, ვესტ–ინდოეთში, მეოთხე და საბოლოო მოგზაურობა გახსენებიათ და არც ის, რომ 1858 წლის 11 მაისს მინესოტა აშშ–ს 32–ე შტატი გახდა. თუმცა, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ გუშინ 11 მაისს, სრულიად “ბლაუგრანას საზოგადოებამ” “პრიმერა დივიზიონის” ტიტულის ოცდამეერთედ მოპოვების აღნიშვნა შეძლო … დარწმუნებული ვარ იმაში, რომ “ბარსელონას” ჰეტ–ტრიკი ფეხბურთის არც ერთი გულშემატკივრისთვის არ იყო ჩვეულებრივი მოვლენა და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პეპ გვარდიოლას გუნდის მთელ კოლექტივს არც ისე ცოტა ადამიანმა ძალიან, ძალიან დიდი შურით მიაპყრო თვალები, რომელიც მათთვის ახლა უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ასევე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ზემოთ მოცემული წინადადები უმრავლესობა თქვენგანმა გაიგო, თუმცა იმ უმცირესობისთვის ვიტყვი, რომ კატალონიის “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული, ზედიზედ მესამედ გახდა.
ჰეტ–ტრიკის შესრულება კატალონიურ კლუბში აქამდე მხოლოდ იოჰან კრუიფის Dream Team-მა შეძლო, მაგრამ იოჰანის Dream Team–ი რის იოჰანის Dream Team-ი იქნებოდა პოკერისთვის, რომ არ გამოეკრა ხელ–ფეხი. მოგეხსენებათ, პეპს და თავის გუნდს ძალიან უყვარს ახალი თავგადასავლები, რომლებსაც მეორედ ახალ რეკორდების დამყარებასაც ვუწოდებთ. ძალიან, ძალიან უყვარს … ამიტომაც, როგორც ფეხბურთის ექსპერტები თამამად ამბობენ, “პეპის Dream Team”-მა შესაძლოა პოკერიც კი შეასრულოს და საერთოდ, სიმბოლურ ციფრს, ხუთსაც შეიძლება გამოჰკრას ხელ–ფეხი, თუმცა ამას მხოლოდ და მხოლოდ დრო, ლეო მესის თანაშემწენი და დედამიწაზე გაჩენილი უცხოპლანეტელის ასევე არც ისე ამ პლანეტელი თანამემამულენი გვიჩვენებენ.
ახლა კი მომავალზე ფიქრს ჯობს უბრალოდ დავტკბეთ ამ გამარჯვებით. 28 მაისის მოახლოებისას კი ცოტა ხნით შევწყვიტოთ ეს ტკბობა და “ჩემპიონთა ლიგის” თასის აღმართვისთვის, შესაბამისად გამარჯვებით ტკბობის გაგრძელებისათვის, (ვ)იბრძოლოთ…

