”სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, მადრიდის ”რეალის” თავდამსხმელმა, ემანუელ ადებაიორმა კატალონიის ”ბარსელონას” ფეხბურთელებს მტირალები უწოდა.
გუშინ ”ბარსელონამ” სტუმრად დაამარცხა ”რეალი”, ლიონელ მესის დუბლის წყალობით. აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმის დიდი ნაწილი მადრიდელებმა კაც ნაკლულებმა გაატარეს, ვინაიდან თამაშის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან კლეპერ პეპე გააძევა. ”რეალის” ტოგოელი ფორვარდი მიიჩნევს, რომ მსაჯმა ძალიან მკაცრად დასაჯა პორტუგალიელი მცველი.
”რამდენიმე დღის განმავლობაში სამჯერ ვეთამაშეთ ”ბარსელონას” და ყოველ ჯერზე მატჩი ათი კაცით დავასრულეთ. ამას ახსნას ვერ ვუძებნი. შესაძლებელია, პეპემ მართლა დაარღვია თამაშის წესი, თუმცა წითელ ბარათს არ იმსახურებდა. მისი გაგდების შემდეგ ჩვენს გუნდს ძალიან გაუჭირდა. მიუხედავად ამისა, მაინც გვწამს წარმატების და სხვა არაფერი დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ ამ წარმატებას ”კამპ ნოუზე” მივაღწიოთ”. – განაცხადა ადებაიორმა.
”სამეფო კლუბის” ფორვარდმა უკმაყოფილება გამოხატა ”ბარსელონას” ფეხბურთელების მიმართ და განაცხადა, რომ ისინი არ იქცევიან კაცურად.
”ფეხბურთი – კაცების თამაშია. მაგრამ, როდესაც ”ბარსელონას” ეთამაშები, მზად უნდა იყო, რომ კონტაქტის შემდეგ უფრო ხშირად ისინი მოედანზე დაწვებიან და პატარა ბავშვებივით ტირილს დაიწყებენ. ოდნავ შეეხები თუ არა, ისინი მინდორზე ეცემიან, ადგებიან და სახეზე გებღაუჭებიან. ხო და კიდევ, მათი მწვრთნელი და გულშემატკივრები მუდმივად წუწუნებენ. ცუდად არ გამიგოთ, ”ბარსელონა” უბრალოდ არარეალური გუნდია, მაგრამ მათ ფეხბურთელებს მართებთ, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან.” – ციტირებს ემაუელ ადებაიორის სიტყვებს Goal.com.
ემანუელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ”რეალი” მხარს უჭერს თავის მწვრთნელს და ფეხბურთელები დარწმუნებულები არიან, რომ საპასუხო მატჩში სასურველი შედეგის მიღწევას შეძლებენ.
”როგორ შეგვიძლია დამოკიდებულება შევიცვალოთ ჟოზეს მიმართ? მან უამრავი სამუშაო გასწია გუნდისთვის, ამიტომ ახლა სხვაგვარად ვერ მოვექცევით მას. წავაგებთ თუ არა, ყველა მის კრიტიკას იწყებს, მაგრამ ის ჩვენი მწვრთნელია. ჩვენ უნდა გვჯეროდეს საკუთარი თავის, წარმატების და ვნახოთ, რა გამოგვივა.”
