როგორც იცით გუშინ გაიმართა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველი შეხვედრა, სადაც “ბარსელონამ” უკრაინული “შახტარი” გაანადგურა (5:1). მატჩისას რამდენიმე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა.
ანგარიში კატალონიელთა ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ გახსნა. მან “შახტარის” კარი მეორე წუთზე აიღო; უფრო ზუსტად რომ ვთქვათ 98–ე წამზე. ეს გოლი გახლავთ უსწრაფესი, რაც კი “ბლაუგრანას” ოდესმე გაუტანია ჩემპიონთა ლიგის ფლეი–ოფში.
ანდრეს ინიესტა და რზევან რაცი 12 აპრილს, უკრაინაში გასამართ განმეორებით შეხვედრაში არ მიიღებენ მონაწილეობას. ეს იმან გამოიწვია, რომ ფეხბურთელებმა თამაშისას ყვითელი ბარათები მიიღეს.
“შახტარის” კაპიტანმა დარიო სრნამ, პირველი ტაიმის შემდეგ “ბარსელონას” 10 ნომერს, ლეო მესის მაისური გაუცვალა. შეგახსენებთ, რომ იმ დროს ანგარიში ჯერ კიდევ 2:0 იყო.
ასევე გუშინ და გუშინწინდელ 1/4 ფინალურ შეხვედრებში ყველაზე მეტი გოლი გავიდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ფლეი–ოფის ამ ნაწილში. რეკორდი 2004/05 წლების სეზონში დაფიქსირდა, სადაც გუნდებმა 15 გოლი გაიტანეს; ხოლო ახლა ეს რეკორდი გაუმჯობესდა 18 ბურთამდე (“ბარსელონა” 5:1 “შახტარი”, “ინტერი” 2:5 “შალკე”, “რეალი” 4:0 “ტოტენჰემი”, “ჩელსი” 0:1 “მანჩესტერი”).



