დონეცკის ”შახტარის” მთავარმა მწვრთნელმა, მირჩა ლუჩესკუმ თავისი მოსაზრება გამოთქვა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ-ფინალურ მატჩებში ”ბარსელონასთან” დაპირისპირებაზე. ლუჩესკუს განცხადებით, ძალიან სასიამოვნო იყო კატალონიელთა მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას სიტყვების გაგონება. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ”შახტართან” შეხვედრა არ სურდა.
””ბარსელონას” შემადგენლობაში არიან ძალიან სწრაფი ფეხბურთელები, პატარები და ფეთქებადები. ჩვენი ბრაზილიელებიც ასეთები არიან. თუმცა, მოედანზე ურთიერთთანამშრომლობის თვალსაზრისით ჩვენი მეტოქეები გვჩრდილავენ, იმიტომ რომ დიდი ხანია, რაც ერთად თამაშობენ. კატალონიელთა თითქმის ყველა ფეხბურთელმა გამოირა კლუბის სკოლა, ამიტომ მათი მანევრები მექანიზმის დონეზეა. იმდენად კარგად აქვთ შესწავლილი ყველაფერი, რომ რთულია, უპოვო შეცდომები. ეს ეხმარება ”ბარსელონას” მეტოქის კართან ადვილად მიახლოებაში. ფეხბურთელები, რომლებიც დღევანდელ დღეს ამინდს ქმნიან ”შახტარში”, სულ რაღაც სამი წელია, რაც ერთად თამაშობენ. მაგალითად დუგლას კოსტა კიდევ უფრო ცოტა ხანია, რაც ჩვენთანაა. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ კარგად შევთამაშდით მოედანზე, თუმცა ავტომატიზირებაზე საუბარი უდავოდ გადაჭარბებული იქნება.
ჩემი აზრით ყველას სურს, რომ ჰგავდეს ”ბარსელონას”. დააკვირდით, როგორ შეყავს ”ბარსელონას” გუნდში ახალი ფეხბურთელები. ფასის მიუხედავად ყიდულობენ ზუსტად ისეთ ფეხბურთელს, რომელიც იდეალურად ერგება გვარდიოლას სქემას. ამის ნათელი მაგალითია ვილია, რომელსაც არც ადაპტაცია დასჭირდა, არც შინაგანი ბრძოლა, რომ არსებითად ჩაბმულიყო გუნდის ”სუპერ-თავდასხმაში”. ცხადია, ასათი თამაშის დროს შესაძლებელია, რომ პრობლემები წარმოიშვას დაცვაში. ამიტომ ”ბარსელონას” პლუსები თავდასხმის ხაზის ”ტელეპატიური” ურთიერთგაგებით არ შემოიფარგლება. ისინი მიმართავენ პრესინგს მაშინვე, როგორც კი ბურთს კარგავენ. ”ბარსას” ფეხბურთელები ცდილობენ მომენტალურად, მეტოქის მოედანზევე დაიბრუნონ ბურთი და ამით შეამცირონ ზეწოლა საკუთარ დაცვის ხაზზე.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ბოლო პერიოდში ”შახტარის” მიერ ევროპულ ფეხბურთში პოზიციების გამყარება და თამაშის ხარისხის გაუმჯობესება. ყველაფერი კი იმით მთავრდება, რომ ჩვენ ვხვდებით ”ბარსელონას” ოფიციალურ ტურნირებზე და თითქმის თანაბრად ვთამაშობთ. ეს არ არის საჩვენებელი თამაშები. ჩვენ არ ვიხდით ერთნახევარ-ორ მილიონ დოლარს კატალონიელებთან ერთად მოედანზე გასვლისთვის. და თუ ჩვენ გვარდიოლას ვათქმევინეთ, რომ მას ყველაზე ნაკლებად მეოთხედ-ფინალში მეტოქედ ”შახტარის” ხილვა სურდა, ეს უკვე ძვირად ფასობს. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, რომ ”შახტართან” შეხვედრის პერსპექტივა აღელვებს ევროპის საუკეთესო კლუბის მწვრთნელს. გვარდიოლას სიტყვები ყველაზე საუკეთესო კომპლიმენტია, რაც კი შეიძლება გაიგონო ისეთი მწვრთნელისგან, რომელმაც ბოლო პერიოდში უდიდეს წარმატებებს მიაღწია. სწორედ ამ იდეას შთავუნერგავ ჩემს ფეხბურთელებს ”კამპ ნოუზე” ექვს აპრილს გასამართი მატჩისთვის.”