Dani Boy, ჩვენ ვიცოდით, რომ “ბარსელონას” დატოვება არცკი გიფიქრია. შენ უბრალოდ საკუთარი შრომის დამსახურებული აღიარება გსურდა. სამშაბათს, გატანილი გოლიდან სამი დღის შემდეგ, შესაძლოა სეზონში ყველაზე საოცარი გოლიდანაც კი, კლუბთან კონტრაქტი გააფორმე, რომელსაც თავად უწოდე “საოცნებო გარიგება”.
ახლა შენი პროფესიონალური ბედი ბლაუგრანას 2015 წლამდე უკავშირდება, იქამდე, როდესაც 32 წელი შეგისრულდება.
ეს ჭკვიანური სვლა იყო როგორც კლუბის, ასევე ფეხბურთელის მხრიდან. გუნდმა, რომელშიც უამრავი ვარსკვლავი თამაშობს, ბრაზილიელის შემცვლელის ძებნისთვის საჭირო დროის, ფულისა და ნერვების ეკონომია გააკეთა. ისიც საკითხავია, შეძლებდა კი ბლაუგრანა ალვეშის დარი ფეხბურთელის პოვნას. დანი ალვესი ხომ უნიკალურია, ის, ასე ვთქვათ, “შებრუნებული მცველია”, უფრო შეტევაზე ორიენტირებული, ვიდრე დაცვაზე. მსოფლიოში საუკეთესო თავის პოზიციაზე? ჩემთვის პასუხი ნათელია.
“ბარსელონაში” გადასვლის მომენტიდან (2008 წელი), ბრაზილიელს ის აღიარება არასდროს მოუპოვებია, რომელსაც იმსახურებდა. ეს გასაკვირი სულაც არ არის, რადგან ძნელია ისეთი პარტნიორების ფონზე ჩანდე საუკეთესოდ, როგორებიც მესი, ხავი თუ ინიესტა არიან.

სანამ ალვეში ბლაუგრანას მაისურს მოირგებდა, კატალონიური გრანდი მეორე-მესამე ადგილებს სჯერდებოდა პრიმერაში (2006/2007 და 20007/2008 წლების სეზონებში), მაგრამ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხოსეპ გვარდიოლას დანიშვნის შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა. არავისთვისაა საიდუმლო, რომ პეპის ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა, “სევილიას” ოთხიანის შეძენა იყო. ამის შემდეგ, “ბარსელონასთვის” პირველის გარდა, სხვა ადგილები უცხოა. ესპანეთში ბლაუგრანას დომინირებაში “დამნაშავე” მხოლოდ დანი ალვესი, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ მოწინავე რიგებში რომ დგას, ესეც ფაქტია.
მიმდინარე სეზონში ლა ლიგას ასისტენტებში ბრაზილიელი 13 ზუსტი პასით მეორე ადგილზეა. სამხრეთამერიკელი მხოლოდ არგენტინელ თანაგუნდელს, ლეო მესის ჩამორჩება, რომლის ანგარიშზეც 18 ზუსტი გადაცემაა. შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ამ კომპონენტში ალვეში მადრიდელთა კრეატიულ სამეულს (ოზილი, დი მარია, რონალდო) უსწრებს, ერთად აღებულს.
თუ გინდათ, მისავე ამპლუის ფეხბურთელებს შევადაროთ. მაგალითად, “ბაიერნელ” ფილიპ ლამს. მიუნხენური გრანდის კაპიტანს ბუნდესლიგაში მხოლოდ ორი საგოლე პასი აქვს გაკეთებული. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ალვეშის წარმატება, დიდწილად, რა თქმა უნდა მისი მოღვაწეობის ადგილს უკავშირდება.
გასაკვირია, მაგრამ ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მეტოქეები “ბარსელონას” შემტევ ქმედებებში ალვეშის როლს სათანადოდ არ აფასებენ. ამის ნათელი მაგალითი “არსენალთან” მატჩი იყო, რომელშიც გაელ კლიში ბლაუგრანას 2 ნომერმა ფეხქეშ ხალიჩასავით დაიგო.
დანი ალვესმა დაამტკიცა, რომ “ოლ სტარში” ბურთაობის ღირსია. “ბარსელონაში” ბრაზილიელი ხუთვარსკვლავიან ფეხბურთელად იქცა. შესაძლოა, დაცვით ფუნქციებს იდეალურად ვერ ასრულებს, მაგრამ რასაც აკეთებს, ეს სრულიად საკმარისია, საკმარისზე უფრო მეტიც კი. კლასიკური მცველების ოთხეულის წევრად მისი ჩათვლა, დიდი შეცდომა იქნებოდა. “ბარსამ” დაამტკიცა, რომ ორთაბრძოლების 99%-ში დაცვაში ოთხი ფეხბურთელით თამაშის აუცილებლობას არ საჭიროებს.

მეტოქემ ალვეშის განეიტრალება თუ მოახერხა, თქვენ ალბათ ვერ იხილავთ ისეთ შედევრს, რომელიც “ხეტაფესთან” უკანასკნელ მატჩში ნახეთ. საჯარიმოს გარედან, 22 მეტრიდან, მარჯვენა ფეხით, მძლავრი დარტყმით, ბრაზილიელმა ბურთი არაჩვეულებრივად ჩაახვია და ხარიხის ქვეშ შეჭედა.
ყოველივე ეს იმას ამტკიცებს, რომ “მანჩესტერ სიტიში” გადასვლის შემთხევაში, მისი მაგია, ალბათ არ გაქრებოდა, მაგრამ ნამდვილად განელდებოდა. მოსაწყენი და ჩარჩოებში მოქცეული ფეხბურთისადმი რობერტო მანჩინის სიყვარულს თუ გავითვალისწინებთ, ბრაზილიელს მანჩესტერში “ბარსელონურ” სითამამეს არავინ დაანებებდა. ალბიონზე ის ბოძზე მიბმულ მონადირე ძაღლს დაემსგავსებოდა. დაცვაში დგომა დანის დნმ-ს არ შეესაბამება.
მოვლენათა ამგვარ განვითარებაზე შეუძლია აღარ ინერვიულოს, რადგან ხელთ ოცნების გუნდის მიერ მირთმეული გრძელვადიანი კონტრაქტი უპყრია. საგა, რომელიც სეზონის სტარტზე დაიწყო და მოლაპარაკებათა ყველა, მომქანცველი და მრავალსაფეხურიანი სტადია გაიარა, დასასრულს მიუახლოვდა. იყო მომენტები, როდესაც გვეგონა, რომ ბლაუგრანასა და ალვეშის გზები აუცილებლად გაიყრებოდა, მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ, ყველაფერი “ჰეფი-ენდით” დასრულდა.
“ბარსელონა” მარშით მიემართება პრიმერას ჩემპიონის მესამე ტიტულისკენ და ამავდროულად, შესაძლო ევროპულ ტრიუმფსა და ესპანეთის თასსაც არ ივიწყებს. უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს დანი ალვესი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, იმ ფეხბურთელის შემდეგ, რომლის გვარიც მესია.



