“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, “სოსიედადთან” ხვალ გასამართი მატჩის წინ, ჟურნალისტების კითხვებს პრესკონფერენციაზე უპასუხა.
ტრადიციულად რთული მეტოქე
“ჩვენთვის, ეს ისტორიულად რთული დაპირისპირებაა. წინა სეზონში ნავსი გავტეხეთ, რადგან ეს ძალიან გაგვიჭირდა. “სოსიედადს” მაღალი დონის გუნდი ჰყავს, თუმცა არაერთი ფეხბურთელი შეიცვალა.”
“ჟირონასთან” ამერიკაში თამაში
“იმის გათვალისწინებით, რომ ეს საკითხი აქტუალური 2 კვირის წინ გახდა, ხოლო თამაში იანვარში იმართება, გვირჩევნია, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ. თამაშამდე ჯერ შორია. საუბარი იყო ფეხბურთელებთანაც.”
როტაცია
“რა თქმა უნდა, კალენდარზე ვფიქრობ, რადგან გვყავს ფეხბურთელები, რომლებმაც ბევრი იმგზავრეს, ასევე ისეთები, რომლებიც ბოლომდე მზად არ არიან. ბუნებრივია, ცვლილებები იქნება.”
მხოლოდ ერთი “ბარსელონელი” ესპანეთის ნაკრებში
“არა მგონია, ეს სანერვიულო იყოს. სიტუაციის სწორად შეფასება უნდა ვიცოდეთ.”
დასვენებული მესი, ალბა და პიკე
“გვყავს ფეხბურთელები, რომლებმაც სხვებზე მეტად დაისვენეს და რა თქმა უნდა, ეს მომწონს.”
7 თამაში 23 დღეში
“11 ფეხბურთელზე მეტი უნდა გამოვიყენოთ. ლა ლიგის პირველ სამ ტურში უფრო შეზღუდულები ვიყავით. ტრავმების თავიდან ასაცილებლად როტაციას უნდა მივმართოთ.”
ბუსკეტსის მნიშვნელობა
“ფუნდამენტალური ფეხბურთელი, რომელიც გუნდის სათამაშო სტილის განსახიერებაა. ბუსკეტსის მსგავს ფეხბურთელებზე იმედს ყოველთვის ამყარებ.”
კარლეს ალენია
“ჩვენი განზრახვაა, რომ თავიდან ის მეორე გუნდს დაეხმაროს, შემდეგ კი, პირველ გუნდში გადმოვიდეს.”
არტური და არტურო ვიდალი
“ჩვენი გეგმა თამაშების მოგებაა. ისინი კონკურენტუნარიან გუნდში არიან. მათ, წინა დღეებში, ბევრი იმოგზაურეს. შესაძლოა, მათთვის, ეს საუკეთესო კვირა არ იყოს. არტური ამერიკიდან დაგვიბრუნდა, ვიდალი – კორეიდან. მათ ბევრი იმგზავრეს.”
უსმან დემბელე
“გვინდა, რომ ის შემტევი მენტალიტეტის ფეხბურთელი იყოს, რადგან მას ამის ნიჭი აქვს.”
ჟორდი ალბას რეზერვისტი
“რამდენიმე ვარიანტი გვაქვს: მირანდა, ვერმალენი, სერჟი რობერტო… ვნახოთ.”
გვარდიოლა, ესპანეთის ნაკრების მომავალი მწვრთნელი
“საკუთარ თავზე საკმარისი სანერვიულო მაქვს საიმისოდ, რომ სხვებზე არ ვიფიქრო.”
არტურის ადაპტაცია
“მისი ადაპტაცია კარგად მისდის. როდესაც ბურთს ვაძლევთ, ის მას არ კარგავს. ის, ბურთთან ერთად, საიმედოა. თუმცა, გუნდში დიდი კონკურენციაა. ასევე არსებობს თამაშის სხვა ასპექტებიც, მაგალითად, პოზიციური თამაში, ან მეტოქის საჯარიმოში შესვლა. ამაზე მასთან უკვე ვმუშაობთ.”



