მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ესპანეთის სუპერ თასზე “ბარსელონასთან” დღეს გასამართი მატჩის წინ კომენტარს აკეთებს.
“ის, ვინც ნეიმარის ადგილზე დადგება, კარგად ითამაშებს, მაგრამ ბრაზილიელს სრულფასოვნად ვერ შეცვლის. ნეიმარის მსგავსი ფეხბურთელი ბევრი არაა.
“ბარსელონაში” ცვლილებებია, მაგრამ ის კვლავ “ბარსელონაა”. ვიცით, როგორ თამაშობენ კატალონიელები. მათი თამაშის სტილი არ შეიცვლება. შეცდომა იქნება თუ ვიფიქრებთ, რომ იოლი თამაში გველის.
კარგად ვართ მომზადებულები როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად. თამაში ყველას უნდა და ეს კარგია, რადგან არჩევანის საშუალება მაქვს. რონალდუ სათამაშოდ მზადაა. ის ახლახანს დაგვიბრუნდა, მაგრამ თავდაუზოგავად მუშაობს და მწყობრშია.
სუპერ თასის თამაშები მნიშვნელოვანია, რადგან ტიტული თამაშდება. ბევრისთვის, ეს თამაშები პრინციპული დაპირისპირებაა, მაგრამ ჩემთვის ეს არაფერს ცვლის.” – ციტირებს ზიდანის სიტყვებს Marca.
“ბარსელონასა” და “რეალს” შორის ესპანეთის სუპერ თასის პირველი შეხვედრა ამაღამ, 00:00 საათზე ჩატარდება.


