ავტორიტეტული ინგლისური სპორტული გამოცემის, Sky Sports-ის ინფორმაციით, “ლივერპულის” ოფიციალური უარის მიუხედავად, ფილიპე კოუტინიოს სატრანსფერო საგა ჯერ არ დასრულებულა. წყაროს ცნობით, ბრაზილიელმა ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა.
აქამდე არსებული ინფორმაციით, კოუტინიომ “ლივერპულის” წარმომადგენლებს “ბარსელონაში” გადასვლის სურვილის შესახებ ამცნო, მაგრამ ის მერსისაიდელებისგან რაიმეს მოთხოვნას ერიდებოდა, რადგან ურთიერთობის გაფუჭება არ უნდოდა. ახლა კი, როდესაც ინგლისელები ნებისმიერ შეთავაზებას ბლოკავენ, ფეხბურთელმა რადიკალურ ზომებს მიმართა და დღეს, კლუბის სპორტულ დირექტორს, მაიკლ ედვარდსს ტრანსფერზე დაყენების მოთხოვნით მეილი გაუგზავნა.
Sky Sports News-სთან საუბრისას, ამ ინფორმაციას ადასტურებს კოუტინიოს ოჯახის წევრი, რომელიც შემდეგს აცხადებს: “ფილიპე ძალიან ცდილობდა მხარეებს მეგობრული გადაწყვეტილება მიეღოთ, მაგრამ როგორც გაირკვა, ეს შეუძლებელია.”
მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ლივერპულმა” ფილიპე კოუტინიოს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.



