კატალონიური Mundo Deportivo, ბრაზილიურ Globoesporte-ზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ნეიმარი აპირებს “ბარსელონას” 26 მილიონი ევრო FIFA-ში მოსთხოვოს.
როდესაც ნეიმარმა “ბარსელონასთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა, ხელშეკრულებაში ჩაიდო პუნქტი, რომლის თანახმადაც, კატალონიელები ბრაზილიელს, კლუბში დარჩენის სანაცვლოდ, 26 მილიონ ევროს გადაუხდიდნენ.
როდესაც ნეიმარის “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელება დაიწყო, გავრცელდა ცნობები, რომ ბრაზილიელი ბონუსს მიიღებდა, თუ კლუბში 31 ივლისის ჩათვლით დარჩებოდა. იმ დროისთვის, “ბარსელონას” 26 მილიონი ევრო ნოტარიუსის ანგარიშზე ჰქონდა შეტანილი და მას ფეხბურთელს კლუბში დარჩენის შემთხვევაში ჩაურიცხავდა. ნეიმარი პსჟ-ში გადავიდა და “ბარსამაც” თანხა უკან გაითხოვა.
ესპანური კლუბის პრესმდივნის, ჟოზეპ ვივესის თქმით, იმისათვის, რომ ნეიმარს 26 მილიონი ევრო მიეღო, მას რამდენიმე მოთხოვნა უნდა შეესრულებინა. მათ შორის ერთ-ერთი იყო, რომ 2017 წლის 31 ივლისამდე, სხვა კლუბთან მოლაპარაკებები არ უნდა ეწარმოებინა. თუმცა, ფეხბურთელმაც და პსჟ-ს პრეზიდენტმაც აღიარეს, რომ მათ მოლაპარაკებები 31 ივლისამდე დაიწყეს.
ამ ყველაფრის მიუხედავად, თუ ბრაზილიურ პრესას დავუჯერებთ, ნეიმარი მაინც აპირებს თავის ყოფილ კლუბს FIFA-ში უჩივლოს.


