ფილიპე კოუტინიო მიმდინარე ზაფხულში “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდება. მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და კატალონიური კლუბის წყაროები აღნიშნულ ტრანსფერთან დაკავშირებით ოპტიმიზმს არ მალავენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საბოლოო ფასზე მხარეები არ შეთანხმებულან და კატალონიელებს ესმით, რომ ისინი მერსესაიდელების მთავარ, საკვანძო მოთამაშეს იფორმებენ.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა უკვე შეატყობინა კლუბს თავისი სურვილი წასვლის შესახებ და “ლივერპულმაც” “ბარსელონას” შემოთავაზებებს მოუსმინა. ინგლისურ კლუბს დეტალების მშვიდად მოგვარება სურს. კლუბი 15 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს და სურთ, კოუტინიო პირველ მატჩში მაინც გამოიყენონ. შესაძლოა მხოლოდ ამან გაწელოს ტრანსფერის გაოფიციალურების პროცესი.
“ბარსას” წარმომადგენლები ფეხბურთელის გარემოცვას ლონდონში შეხვდნენ და მის გასაფორმებლად საუკეთესო ვარიანტები განიხილეს. კოუტინიოსთვის პრობლემა არაა 5 წლიანი კონტრაქტის გაფორმება თუნდაც იმაზე დაბალი ხელფასით, რასაც ის ინგლისში იღებს. ბრაზილიელი დარწმუნებულია, რომ “კამპ ნოუზე” იგი ტიტულების მოგებას მოახერხებს.
კლუბებმა უკვე ფასზეც დაიწყეს მოლაპარაკება და “ბლაუგრანას” სურს, ნეიმარის საქმის დასრულებამდე გაჩარხოს აღნიშნული ტრანსფერი. თუმცა სავარაუდოა, რომ “ლივერპული” მაქსიმალურად შეეცდება კლუბისგან, რომელიც ნეიმარის გაყიდვით 222 მილიონ ევროს მიიღებს, მაქსიმალურად დიდი სარგებელი ნახოს. ნაკლებ სავარაუდოა, რომ კატალონიელები 70 მილიონიდან 85 მილიონზე მეტზე ავლენ და წითლებს ამაზე მეტ თანხას შესთავაზებენ. კლუბში იმედოვნებენ, რომ დანარჩენს კოუტინიო გააკეთებს.
კარგი ამბავი კი ისაა, რომ ინგლისელები, რომლებიც რამდენიმე კვირის წინ მტკიცე უარს აცხადებდნენ მათი ათიანის ტრანსფერზე, ახლა უკვე შეთავაზებების მოსასმენად მზად არიან.
მართალია “ბარსელონას” პრიორიტეტი კოუტინიო არ ყოფილა, თუმცა ვერატის შემდეგ არჩევანი სწორედ მასზე შეჩერდა. უნიჭიერესმა მოთამაშემ, რომელსაც თამაში შეუძლია როგორც ნახევარმცველად, ასევე შემტევად, შესაძლებელია ნეიმარის წასვლის შემთხვევაში თანამემამულის ადგილი შეავსოს.
კატალონიელებს არც პაულინიოს ტრანსფერი ავიწყდებათ, რომელსაც ნახევარდაცვის გაძლიერების ერთ-ერთ მთავარ ვარიანტად განიხილავენ. აქ საჩქარო არაფერია, რადგან წინ მხოლოდ “გუანგჟოუს” დათანხმებაა, ფეხბურთელს კი ესპანეთში გადაბარგება სურს. შესაძლოა ეს ტრანსფერი აგვისტოს ბოლოსაც კი გაოფიციალურდეს. მწვრთნელები თანხმდებიან, რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება და მომდევნო სეზონში შესაძლოა გადამწყვეტი როლიც ითამაშოს.



