ესპანური პრესისთვის, “ბარსელონას” სტრატეგია არდა თურანთან დაკავშირებით ნათელია – კლუბს არ სურს, რომ არდამ ფასი დაკარგოს და სწორედ ამას ემსახურება ის, რომ კლუბი თურქ ფეხბურთელზე შემოთავაზებებს ბლოკავს.
Sport-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ კატალონიელები არდას ერნესტო ვალვერდეს გუნდში მოიაზრებენ და იგი ახალი მთავარი მწვრთნელის გეგმებშიც შედის. როგორც მინიმუმ, “ბლაუგრანას” ხელმძღვანელებს სურთ, რომ არდას სატრანსფერო ფასზე გავლენა მისმა წინა სეზონში ჩატარებული თამაშის ხარისხმა არ მოახდინოს, ასევე არც იმ ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტოებმა, რომლის მიხედვითაც თურანი წონაში მომატებულია.
მიუხედავად ამისა, კატალონიელებმა იციან, რომ არდა წასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია და სატრანსფერო ფანჯარაზე შემოთავაზებებიც იქნება და ისინი ამ ყველაფრისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად იშრომებენ – მათ სურთ რაც შეიძლება მეტი მიიღონ ფეხბურთელში, რომელშიც 2015 წელს 34 მილიონი ევრო გადაიხადეს და რომელმაც აშკარად ვერ გაამართლა გაცემული ავანსები.
ამ ყველაფრის ფონზე, პრესის აზრით, კლუბი ცდილობს თურანის ფასი აწიოს.
ამასთან, “ბარსელონას” ხელმძღვანელებს არ მოეწონათ ის ფოტოები, რომლებიც სოციალურ ქსელში ვრცელდება და რომლის მიხედვითაც თურქს წონასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს – მათი აზრით, ეს არდას იმიჯზე უარყოფით გავლენას მოახდენს, რაც სატრანსფერო მარკეტზე მისი ფასის დავარდნასაც გამოიწვევს.
ასე რომ, შემდეგ კვირაში კლუბი ეცდება, ნათლად წარმოაჩინოს არდას პოტენციალი, როგორც ფეხბურთელი და მისი წარმატების სურვილი, ამბიცია და მონდომება, რაც, ხელმძღვანელობის აზრით, მის ფასზე დადებითად იმოქმედებს.

