კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა დამწუხრებულია იმ ფაქტის გამო, რომ ახალგაზრდა ბოიან კრკიჩს მცირე ჩავარდნა აქვს. “ბარსას” თავკაცი ყველაფერს აკეთებს იმისათვის რათა მოთამაშე ჩვეულ ფორმას დაუბრუნოს.
მიმდინარე სეზონში, ბოიან კრკიჩმა “ბლაუგრანას” მაისურით 16 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ და მხოლოდ 3 გოლის გატანა მოახერხა. მას ასეთი ჩავარდნა გასულ სეზონში არ ჰქონია. ოთხშაბათს, “რეალ ბეტისთან” განმეორებითი მატჩის შემდეგ, რომელიც “ბარსელონამ” ყველასათვის მოულოდნელად 3:1 დათმო, გვარდიოლამ განაცხადა: “პირადად მე მოხარული ვარ, რომ ბოიანი გუნდს თავდაცვაშიც ეხმარებოდა და ბურთსაც იშვიათად კარგავდა. იგი დამწუხრებულია უგოლობის გამო, ამიტომ მოედანზე იმ შემართებით იყო გასული, რომ მეტოქეთა კარს აიღებდა.”
ესპანელი სპეციალისტი ცდილობს ახალგაზრდა მოთამაშე მედიის კრიტიკისაგან დაიცვას და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა ფეხბურთელი ფორმაში ჩადგეს და გოლებიც გაიტანოს: “მე არ შევწყვეტ მუშაობას მანამ, სანამ ბოიანი საუკეთესო მოთამაშე არ გახდება.”

