არსებობს საკითხები, რომლებსაც ადამიანები შეგუებულები არიან და რომლებიც არ გვიკვირს. ყოველ დღე, მზე აღმოსავლეთიდან ამოდის, ყოველ 28 დღეში ერთხელ ნახევარმთვარეა, ყოველ 4 წელიწადში ერთხელ მსოფლიო ჩემპიონატს ვუყურებთ, ხოლო თითქმის ყოველ 3 წელიწადში, “ბარსელონას” ახალი მწვრთნელი ჰყავს.
ეს უკანასკნელი, საკმაოდ ხშირად, თუ არა ყოველთვის, გაურკვევლობაში გვაგდებს. ისეთმა გუნდმა, როგორიც “ბარსელონაა”, ყოველ წელს თითქმის ყველა ტურნირი “უნდა” მოიგოს. ახალ მწვრთნელს კი ყოველთვის ახალი იდეები მოაქვს, რომლებმაც ფეხბურთელები უდა გამოაცოცხლოს, მათ მოგების ახალი მოტივაცია უნდა შეუქმნას. თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც მწვრთნელის შეცვლამ სიტუაცია ვერ გამოასწორა.
როდესაც ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლუის ენრიკე გუნდს ტოვებდა, გაკვირვებული ბევრი გულშემატკივარი არ დარჩენილა. ახალი მწვრთნელის დანიშვნამდე ლოდინი კი დიდხანს მოგვიხდა.
ზოგის აზრით, ლუის ენრიკეს გზას მისი თანაშემწე ხუან კარლოს უნსუე გააგრძელებდა. თუმცა, მაისის ბოლოს, მისი სახელი “სელტას” დაუკავშირდეს და ეს კავშირი, საბოლოოდ, შედგა კიდეც.
ვრცელდებოდა ჭორები ხორხე სამპაოლის შესახებად, რომელმაც ევროპა ლიგაზე “სევილიას” 3-წლიანი ჰეგემონია დაასრულა, გაიყვანა რა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში. თუმცა, მან ოკეანის მიღმა, არგენტინის ნაკრებში მუშაობა გადაწყვიტა.
იყო საუბარი არსენ ვენგერზეც, მაგრამ ეს ხომ სერიოზულად არავის მიუღია.
საბოლოოდ, “ბარსელონა” ვალვერდეს კანდიდატურაზე შეჩერდა, რომელსაც, “ბარსელონაში” თამაშის დროს, ესპანეთის თასი და თასების მფლობელთა თასი აქვს მოგებული. თუმცა, ეს 20 წლის წინ მოხდა. ბოლო 4 წლის განმავლობაში კი, ერნესტო ვალვერდე “ბილბაოში” მუშაობდა, რომელთან ერთადაც ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.
თუ ფეხბურთის მწვრთნელების გენეალოგიურ ხეს შევადგენთ, ვალვერდე იმავე ადგილზე აღმოჩნდება, სადაც “ბარსელონას” წინა მწვრთნელების უმრავლესობა. მისი იდეები იოჰან კრუიფის ტოტალური ფეხბურთიდან მომდინარეობს, რაც, ერთი შეხედვით, კატალონიური კლუბის გულშემატკივრებისთვის კარგის მომასწავებელია. ამ სტატიის მიზანი კი ვალვერდეს იდეების გააზრება და იმის დადგენაა, არის თუ არა ის “ბარსელონასთვის” შესაფერისი მწვრთნელი.
ბურთის ფლობა
ვალლვერდეს ხშირად მოიხსენიებენ შემტევი სკოლის მიმდევრად. მას ფეხბურთის შემტევი სტილის სჯერა, მიზნის მიღწევის საშუალებად კი ბურთის ფლობას იყენებს, რათა გუნდმა კარგი პოზიციური სტრუქტურა შექმნას, რომლიდანაც დაცვაზე გადაწყობა ადვილი იქნება. მისი გუნდები კარგად იყენებენ სივრცეებს, ხოლო ფეხბურთელები მოედნის მთელ სიგანეზე თანაბრად არიან გადანაწილებულნი. ის მცველებს შეტევაში საიმედო იარაღად იყენებს, რათა მეტოქე გუნდის დაცვას არა მხოლოდ დისკომფორტი შეექმნას, არამედ მოედნის სიგანე გამოყენებულ იქნას იმისათვის, რომ ცენტრში მეტი სივრცე შეიქმნას.
გარდა ამისა, ვალვერდეს უყვარს პოზიციური კონცეფციის გამოყენება, რაც სამკუთხედების შექმნით, ფეხბურთელების გათავისუფლებითა და რიცხობრივი უპირატესობის მოპოვებით, შეტევაში დიდი ძალებით წასვლაში გამოიხატება.
ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ ცდილობს მისი “ბილბაო” ფლანგების მაქსიმალურად დატვირთვას და საკუთარი კარიდან მაქსიმალურად შორს თამაშს, რათა საპირისპირო ფლანგზე სივრცე გაჩნდეს და შეტევის მიმართულება შეიცვალოს. ეს ის ელემენტია, რომელსაც, ლუის ენრიკეს დროს, “ბარსელონა” დაშორდა, თუმცა, გუნდის თამაშში მისი დაბრუნება ვალვერდეს შეუძლია.
საყრდენი-მცველი (La Salida Lavolpiana)
ბევრი ჩვენგანი ამ კონცეფციას იცნობს, მაგრამ უმეტესობამ, ალბათ, არ იცის, რომ მას კონკრეტული სახელი გააჩნია. La Salida Lavolpiana რიკარდო ლა ვოლპეს, იმ მწვრთნელის სახელს უკავშირდება, რომელმაც საერთაშორისო აღიარება ვერ მოიპოვა. მისი ყველაზე დიდი მიღწევა მექსიკის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე გამოსვლაა. ამ ტურნირზე, ლა ვოლპემ გამოიყენა ტაქტიკა, რომლის დროსაც, საყრდენი ნახევარმცველი უკან იხევდა და ადგილს ცენტრალური მცველების შორის იკავებდა, ეს კი, განაპირა მცველებს წინ წასვლისა და შეტევაში რიცხობრივი უპირატესობის მოპოვების საშუალებას აძლევდა და პარალელურად, მეტოქე გუნდის 2 თავდამსხმელი მაინც რიცხობრივ უმცირესობაში რჩებოდა.

როგორც სურათზე ხედავთ, განაპირა მცველები წინ მიდიან, ცენტრალური მცველები ფლანგებზე გადადიან, საყრდენი ნახევარმცველი კი მათ შორის ადგილს იკავებს. ვალვერდე, “ბილბაოში”, ამ ხერხს მუდივად მიმართავდა. ეს ტაქტიკა, “ბარსელონაში”, შესანიშნავად იმუშავებს სერხიო ბუსკეტსთან ერთად.
მაღალი პრესინგი
საიდუმლო არავისთვისაა, რომ “ბარსელონას” მაღალი პრესინგით თამაში უყვარს. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო გვარდიოლას დროს. თუმცა, კატალონიელები არც ახლა არიან წინააღმდეგნი, მეტოქე მათსავე მოედნის მესამედში გამოამწყვდიონ. ეს კომპონენტი, ვალვერდეს გუნდს, ლა ლიგის გუნდებს შორის, ერთ-ერთ ყველაზე კარგად ჰქონდა დამუშავებული. ვიდეოში თქვენ შეგიძლიათ ყურადღბა გაამახვილოთ იმაზე, თუ როგორ იჭერს “ბილბაო” მეტოქეს კუთხურის ალამთან, 2-3 ფეხბურთელის მიერ განხორციელებული პრესინგით. ამავდროულად, რამდენიმე ფეხბურთელის პასის ზონას კეტავს.
ეს არა მხოლოდ შესანიშნავი დაცვითი ტაქტიკაა, რამედ გოლის გატანის ორგანიზების კარგი შანსიც.
პერსონალური ზონური დაცვა
ბოლოს, განვიხილოთ ვალვერდესთვის დამახასიათებელი თამაშის ერთი ასპექტი, რომელსაც “ბარსელონა” მიჩვეული არაა. როგორც წესი, კატალონიელები ზონურ დაცვას მიმართავენ, თუმცა ერნესტო ვალვერდე პერსონალურ ზონურ დაცვასაა მიჩვეული. “ბილბაოს” უკანა ხაზი თავს ზონურად იცავდა, თუმცა, თუ მეტოქე გუნდის რომელიმე ფეხბურთელი ერთ-ერთი დამცველის ზონაში აღმოჩნდებოდა, ის პოზიციას ტოვებდა და პერსონალურ დაცვაზე გადადიოდა.
ვიდეოზე ჩანს, რომ განაპირა მცველები, საწყისი პოზიციიდან, მაღლა იწევენ, რათა მეტოქე გუნდის შემტევს ბურთი აართვან. როდესაც ეს ხდება, ცენტრალური მცველები, საყრდენ ნახევარმცველებთან ერთად, სამკაციან დაცვაზე გადადიან.
თუ დაცვა ცუდად ორგანიზებულია, ამან, შესაძლოა, პრობლემები გამოიწვიოს, მაგრამ ერნესტო ვალვერდე არის ადამიანი, რომელიც დაცვის ხაზს ორგანიზებაში საკმაოდ კარგია, ასე რომ, “ბარსელონას” გულშემატკივრებს სანერვიულო არ გვაქვს.
დასკვნა
რთული სათქმელია, იქნება თუ არა ერნესტო ვალვერდე “ბარსელონასთვის” შესაბამისი კანდიდატურა. ამ კითხვაზე პასუხს მხოლოდ დრო გასცემს. როგორც ვიცით, ფეხბურთი მუდმივად ცვალებადი სისტემაა, რომელშიც პროგნოზების გაკეთება საკმაოდ რთულია. თუმცა, ერნესტო ვალვერდე ნამდვილად საკმაოდ კვალიფიციური სპეციალისტია.
როგორც ერთხელ ხუან მანუელ ლილიომ თქვა, “თამაშებს ფეხბურთელები იგებენ”, ხოლო როდესაც გუნდში მესი, სუარესი, ნეიმარი, ინიესტა, ბუსკეტსი, პიკე და სხვა ვარსკვლავი გყავს, არ შეიძლება ყველაფერი ცუდი მიმართულებით წავიდეს.
სტატიის ორიგინალის ავტორი: David Garcia
თარგმანი სპეციალურად Barcamania.ge-სთვის.



