“ბარსელონას” მარჯვენა მცველი, ალეიშ ვიდალი, სავარაუდოდ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს დატოვებს.
კატალონიურმა გრანდმა ფეხბურთელი “სევილიადან”, 17 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ვერ შეძლო. ვიდალს ამის ძალიან დიდი შანსი ჰქონდა, თუმცა უმძიმესი ტრავმა მიიღო და თამაშს დიდი ხნით დაემშვიდობა.
Sport.es იტყობინება, რომ კატალონიელები მზად არიან დათმობებზე წავიდნენ და ესპანელი ფეხბურთელი გაცილებით იაფად გაყიდონ.
“ბარსელონას” ხელმძღვანელობა შეთავაზების განხილვას 10 მილიონი ევროდან დაიწყებს, პლიუს ბონუსების ჩათვლით. 27 წლის ვიდალის მომსახურებით “მილანი” და “ინტერი” ინტერესდებიან. ესპანეთში მოთამაშის თავიანთ რიგებში ხილვა “ვალენსიასა” და მის ყოფილ გუნდს, “სევილიას” სურთ.
ალეიშ ვიდალის კონტრაქტი “ბარსელონასთან” 2020 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.



