Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა”, მოახლოებულ ზაფხულში, სატრანსფერო პოლიტიკას შეცვლის – კატალონიელები, წინა სეზონისგან განსხვავებით, ნაკლებ ფეხბურთელს შეიძენენ, მაგრამ ამას სასტარტო შემადგენლობის გასაძლიერებლად გააკეთებენ.
კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, “ბარსელონას” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ტრანსფერებისთვის მინიმუმ 75 მილიონი ევრო გამოიყოფა. ამას დაემატება ფეხბურთელების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები. პრიორიტეტულია დაცვის მარჯვენა ფლანგისა და ნახევარდაცვის ცენტრის გაძლიერება. ასევე იგეგმება ახალგაზრდა ცენტრალური მცველის დამატებაც. არაა გამორიცხული არც ჟერერ დეულოფეუს დაბრუნება, რომლის გამოსყიდვაც “ბარსას” 12 მილიონ ევროდ შეუძლია.
ვინაიდან “ბარსას” მთავარი მიზანი სასტარტო თერთმეტეულის გაძლიერებაა, ბუნებრივია, მოყვანილი ფეხბურთელები უმაღლესი დონის უნდა იყვნენ და ამის გათვალისწინებით, 75 მილიონი ევრო საკმარისი არ იქნება. ამ შემთხვევაში ძალიან დიდი როლი მიენიჭება ფეხბურთელების გაყიდვას.
