“ბარსელონას” ყოფილმა მცველმა, ერიკ აბიდალმა განაცხადა, რომ მას კატალონიურ კლუბში თამაშის გაგრძელება ძალიან უნდოდა, თუმცა 2013 წლის ზაფხულში იძულებული გახდა გუნდიდან წასულიყო, რაშიც ფრანგი “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ყოფილ პრეზიდენტს, სანდრო როსელს ადანაშაულებს.
“მე ბევრი ვიტირე პრესკონფერენციაზე იმ დღეს, როდესაც გამოცხადდა, რომ “ბარსელონა” ჩემთან კონტრაქტს არ ახანგრძლივებდა. კლუბის ყოფილმა ხელმძღვანელობამ არაფერი გააკეთა, რათა დავრჩენილიყავი. ფეხბურთი და “ბარსელონა” მთელი ჩემი ცხოვრება იყო. როსელი ერთადერთია, ვინც “ბარსელონადან” ჩემს წასვლაზე პასუხისმგებელია. ამის მიზეზებზე მას უნდა ჰკითხო და პასუხის მიღებას მისგან ვისურვებდი. ის ყატარში ცხოვრობს.” – ციტირებს აბიდალს L’Equipe.
2011 წლის მარტში აბიდალს ღვიძლის სიმსივნე აღმოუჩინეს. მკურნალობის შემდეგ მან დაბრუნება შეძლო, თუმცა მას ავადმყოფობა შეუბრუნდა და 2012 წელს ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა. “ბარსელონას” მაშინდელმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ აბიდალისთვის კონტრაქტი არ გაეხანგრძლივებინათ, რადგანაც არ იყვნენ დარწმუნებულები, რომ ფეხბურთელი გუნდისთვის სასარგებლო იქნებოდა.
