“ბარსელონას” მარჯვენა მცველის, ალეიშ ვიდალის აგენტი ალეხანდრო კამპანო აცხადებს, რომ მისი კლიენტი, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, კატალონიური კლუბის დატოვებას არ გეგმავს.
“ითამაშებს თუ არა ალეიში იტალიაში? ამ საკითხზე, ამჟამად, საერთოდ არ ვფიქრობთ. მას “ბარსელონასთან” კონტრაქტი აკავშირებს. უახლოეს ზაფხულში ვიდალი კატალონიური კლუბის დატოვებას არ გეგმავს. ახლა, მხოლოდ გამოჯანმრთელებაზე ფიქრობს.” – ციტირებს ვიდალის აგენტის სიტყვებს Calcio Mercato.
ალეიშ ვიდალი “ბარსელონაში” 2015 წლის ზაფხულში გადავიდა, კატალონიური კლუბის მაისურით თამაშის უფლება კი მან 2016 წლის იანვარში მიიღო. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, კატალონიელ განაპირა მცველს ლუის ენრიკეს ნდობის მოპოვება უჭირდა, ხოლო როდესაც ის კარგად ათამაშდა, ფეხბურთელმა მძიმე ტრავმა მიიღო, რომლის გამოც, ვიდალი მიმდინარე სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს.


