“ბარსელონას” მცველმა, ჟერარ პიკემ ისაუბრა სერხიო რამოსის განცხადების შესახებ, რომელიც “რეალის” კაპიტანმა კატალონიური კლუბისა და “პარი სენ-ჟერმენის” დაპირისპირებასთან დაკავშირებით გააკეთა.
1/8 ფინალის პირველი მატჩი ფრანგთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა. განმეორებით შეხვედრაში “ბლაუგრანამ” საოცარი ქამბექი შემოგვთავაზა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. მსაჯობამ დიდი კამათი გამოიწვია. ბევრი დარწმუნებულია, რომ ესპანურმა გრანდმა პსჟ-ს დამარცხება არბიტრების დახმარებით შეძლო.
რამოსმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ “ბარსელონამ” ყველა მხრივ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. (სერხიოს კომენტარი შეხვედრამდე)
ჟერარ პიკემ ხუან კარლოს უნსუეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის თემაც განიხილა.
“რამოსი მართალია, “პარი სენ-ჯერმენის” დამარცხება ჩემპიონთა ლიგის მოგების ტოლფასია. შესაძლოა, ეს უფრო მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.
როგორც სერხიომ თქვა, ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ. არ მადარდებს პოლემიკა ამ თემაზე. ახლა ტურნირი უნდა მოვიგოთ.
უნსუე უკვე დიდი ხანია “ბარსელონაშია”. მან ლუის ენრიკესთან და პეპ გვარდიოლასთან ერთად მოახერხა მუშაობა. რა თქმა უნდა, კარლოსი ამ პოსტის დაკავების ღირსეული კანდიდატია.”-ამბობს პიკე.
