დონეცკის “შახტარის” ფეხბურთელმა, დარიო სრნამ “ბარსელონა” უარით გაისტუმრა. კატალონიური კლუბი დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერებას ცდილობს, იტყობინება Marca.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, დარიო სრნა “ბარსელონას” პრიორიტეტული ვარიანტი იყო. ის ალეიშ ვიდალის შემცვლელად მოიაზრებოდა, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა.
სრნამ, რომლის კონტრაქტი “შახტართან” მიმდინარე სეზონში იწურება, სიტუაცია ყოველმხრივ განიხილა და უკრაინულ კლუბში დარჩენა გადაწყვიტა.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულში “ბარსელონა” ჟოაუ კანსელუს შეძენას შეეცდება, მაგრამ კატალონიური კლუბის გულშემატკივრებს დაცვის გაძლიერება მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე სურთ.
“ბარსელონას” გენერალურმა დირექტორმა, ოსკარ გრაუმ განაცხადა, რომ კლუბს იანვარში ფეხბურთელის შესაძენად საჭირო თანხა არ აქვს, რის გამოც კატალონიელებს რომელიმე მოთამაშის გაშვება მოუწევთ.
პრიმერა დივიზიონში ჩატარებული 18 ტურის შემდეგ “ბარსელონა” მე-3 ადგილზეა, ლიდერს კი ჯერჯერობით 2 ქულით ჩამორჩება. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში კატალონიელებს “პარი სენ-ჟერმენთან” მძიმე დაპირისპირება ელით.


