სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდები აქტიურად ცდილობენ საკუთარი შემადგენლობა უფრო და უფრო სრულყოფილი გახადონ, ამ მხრივ, “ბარსელონასა” და “სიტის” გზები, რომლებიც ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში დაუპირისპირდებიან, რამდენჯერმე გადაიკვეთა.
გვარდიოლამ, “ბაიერნის” შემდეგ, მიიღო გამოწვევა და “ქალაქელების” გაწვრთნას დათანხმდა. ცხადია, მას საკუთარი მოთხოვნებიც ჰქონდა. მისი აზრით გუნდის ერთ-ერთი საჭიროება “ბარსელონას” 9-იანი, ლუის სუარესი იყო. ინგლისური პრესა აქტიურად წერდა იმაზე, რომ “მანჩესტერ სიტი” მზად იყო სუარესში 100 მილიონის გადასახდელად, თუმცა ეს თავად ფეხბურთელის ინტერესთა სფეროში არ შედიოდა.
რაც არ უნდა ამბიციურად ჟღერდეს, შემდეგი ასეთი ფეხბურთელი თვით ლეო მესია. ასევე ინგლისური პრესა წერდა, რომ კლუბის წარმომადგენლები მესის მამას შეხვდნენ, რათა ამ შესაძლო ტრანსფერზე ესაუბრათ და შეთანხმებულიყვნენ. მეორე ცდაც ასევე ფეხბურთელის სურვილის გამო, უშედეგოდ დასრულდა – მესიმ “კამპ ნოუ” “ეტიჰადზე” არ გაცვალა.
ახლა “სიტი” ნეიმარზე გადაერთო, რომელსაც ასევე საკმაოდ კარგი პირობები შესთავაზა და მოლაპარაკეებები გუნდის წარმომადგენლებსა და ნეიმარის მამას შორის წარიმართა. “სიტი” ნეიმარმაც უარით გაისტუმრა, ისევე როგორც პსჟ, “რეალ მადრიდი” და “მანჩესტერ იუნაიტედი”.
ბოლო უშედეგო გაჩერება სერხიო ბუსკეტსი აღმოჩნდა. “ბლაუგრანას” ნახევარმცველმა კატალონიაში დარჩენა გადაწყვიტა.
სამაგიეროდ, ქალაქელებს კლაუდიო ბრავოს ტრანსფერი გამოუვიდათ. პეპს არ მოსწონდა ჯო ჰარტი, რის გამოც გამოცდილი ჩილელი გოლკიპერი ახლა მანჩესტერული გუნდის ღირსებას იცავს.
“სიტი” რომ ხელწამოსაკრავი მეტოქე არაა, ამას შემდეგი ჩამონათვალი გიჩვენებთ, თუ ვისში რამდენი გადაიხადეს ინგლისელებმა და რა დაუჯდათ მათ ძირითადი გუნდის დიდი ნაწილი:
1) სტოუნსი – 60 მილიონი;
2) სანე – 50 მილიონი;
3 გაბრიელ ჟესუსი – 32 მილიონი;
4) გიუნდოგანი – 27 მილიონი;
5) ბრავო – 19 მილიონი;
6) ნოლიტო – 18 მილიონი.
ჩვენ კი რაღა დაგვრჩენია, დაველოდოთ ზეგ გასამართ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო მატჩს.