კატალონიის “ბარსელონა”, ლა ლიგის მეორე ტურში, “ატლეტიკს” დაუპირისპირდება, ამიტომაც მოდით განვიხილოთ, თუ როგორ მდგომარეობაშია ჩვენი გუნდი და რის გაკეთებას შეძლებს ის.
სანამ პირდაპირ ახლანდელ მდგომარეობაზე გადავალთ, იქამდე უნდა გავითვლისწინოთ, რომ გუნდს მოტივაცია ნამდვილად არ აკლია. ლა ლიგის პირველ ტურში, “ბარსელონამ” დაამარცხა “რეალ ბეტისი” გამანადგურებელი ანგარიშით და მოწინააღმდეგის კარში, 6 გოლი შეაგდო.
ახლა კი თვითონ შემადგენლობაზე გადავიდეთ. საბედნიეროდ ლუის ენრიკეს გუნდს, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და ხავიერ მასკერანო დაუბრუნდნენ, რომლებმაც ტრავმა მოიშუშეს, თუმცა დანაკალისი გუნდს მაინც აქვს, ინიესტასა და მატიეს სახით.
საბედნიროდ რაფინია დაბრუნდა ოლიმპიადიდან და მან გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო. ანდრე გომეშის დებიუტი დიდი ალბათობით “ატლეტიკის” წინააღმდეგ შედგება, რადგან პორტუგალიელმა დისკვალიფიკაციის გამო, “რეალ ბეტისის” წინააღმდეგ შეხვედრა გამოტოვა.
თუმცა როგორც ყოველთვის, ყველაფერ კარგს, ცუდიც მოჰყვება. ამ შემთხვევაში კი ეს ნეიმარისა და სილესენის არყოფნით გამოიხატება. ბრაზილიელი საკუთარ სამშობლოში დარჩა და არდადეგები გაიხანგრძლივა, ხოლო ჰოლანდიელი ახალწვეული, დოკუმენტების სიმცირის გამო ვეღარ ახერხებს “ატლეტიკთან” თამაშს, რის გამოც ის განაცხადშიც ვერ იქნა შეყვანილი.
რაც შეეხებათ ბასკებს, მათ ვერ დაეხმარება მიკელ სან ხოსე, რომელსაც ზურგის ტკივილი აწუხებს. ბალენსიაგა კი, რომელმაც წინა ტურში ცხვირის დაზიანება მიიღო, მაინც მოახერხებს ასპარეზობა, თუმცა ამას ცხვირის დამცავით გააკეთებს.
ახლა უკვე მწვრთნელებზე გადავიდეთ და განვიხილოთ, თუ რას ამბობენ ისინი ერთმანეთის გუნდების შესახებ.
“სან მამესზე” თამაში, ერთ-ერთი ყველაზე რთული შეხვედრა იქნება, რომელსაც ჩვენ გასვლაზე გავმართავთ. ისინი არ მოგვცემენ იმის საშუალებას, რომ დაკარგული ბურთი, მარტივად დავიბრუნოთ. მათ ჰყავთ რაულ გარსია და ადურისი, რომლებიც მეორე სართულზე შესანიშნავად ასპარეზობენ. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ინიაკი ვილიამსის ფაქტორი, რომელიც ფლანგზე ძალიან სახიფათოა.” – განაცხადა ენრიკემ.
ერნესტო ვალვერდემ კი ცოტათი განსხვავებული განცხადება გააკეთა: “მათ იციან, რომ ჩვენ ბურთს არ დავკარგავთ და რომ მატჩის ბოლომდე ვიბრძოლებთ. მათთან თამაში ნამდვილი თავის ტკივილია, თუმცა ეს მომწონს. ასეთი სიტუაციებიდან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია.”
“ჩვენ წინა სეზონში, ესპანეთის სუპერთასზე მოვახერხეთ მათი დამარცხება, რაც იმის ნიშანია, რომ “ბარსელონაც” კი უშვებს ხოლმე შეცდომებს. ამის მაგალითი ასევე “სელტა” და “ლივერპული” არიან. წინა სეზონში ყველას ეგონა, რომ ისინი დაუმარცხებლები იყვნენ, თუმცა შემდგომში ყველაფერი შეიცვალა.”
მას შემდეგ, რაც “ბარსამ”, 2013 წელს, “ბილბაოს” ახალ სტადიონზე 0:1 წააგო, გუნდებმა ერთმანეთში 10-ჯერ ითამაშეს. მათგან ყველაზე გამორჩეული იყო ერთი წლის წინ, ესპანეთის სუპერ თასზე ბასკების 4:0 მოგება, რამაც მთელი მსოფლიო გააოცა. ეს ერთადერთი თამაში იყო ბოლო 10-დან, რომელიც “ბილბაომ” მოიგო. სხვა შეხვედრებიდან გამოსარჩევია “ბარსელონას” 5:2 და 6:0 მოგებები, ასევე 2015 წელს, კოპა დელ რეის ფინალში მეტოქის 3:1 დამარცხება.