როგორც მოგეხსენებათ გუშინ გაიმართა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩი “რუბინსა” და “ბარსელონას” შორის (1:1). გთავაზობთ შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს.
ლიონელ მესი
“ძალიან ძნელი იყო “რუბინის” წინააღმდეგ თამაში. თქვენ თვითონ ნახეთ თუ როგორ იცავდნენ ისინი საკუთარ კარს. შეიძლება ითქვას, რომ რუსებმა ტაქტიკის წყალობით მოიპოვეს ერთი ქულა. რაც შეეხება ჩემს ტრავმას, ამაზე აღარც კი ვნერვიულობ. გუშინ თამაშისას არანაირი დისკონფორტი არ მქონია.”
დავიდ ვილა
“ვინც შეხვედრას ადევნა თვალი, მიხვდება, რომ ძალიან საჭირო ერთი ქულა მოვიპოვეთ. მხოლოდ ქება ეკუთვნით “რუბინის” მცველებს. მათ ბრწყინვალე სამუშაო შეასრულეს. როდესაც ჩვენი კარის მიმართულებით პენალტი იქნა დანიშნული, მაშინვე მიხვდი, რომ სამი ქულის რუსეთიდან წამოღება ძალიან გაგვიჭირდებოდა. ყაზანელებს ასევე ბედიც სწყალობდათ. რამდენიმეჯერ ძალიან კარგი შანსი გვქონდა გოლის გატანისა, თუმცა ფორტუნამ ზურგი გვაქცია. საბოლოო ჯამში ერთი ქულა მაინც ავიღეთ და ვგონებ ეს ცუდი შედეგი არაა.”
ანდრეს ინიესტა
“ვბრუნდებით სახლში ერთი ქულით და არა სამით. არადა უნდა ითქვას, რომ მოგების შანსი გვქონდა. ახლა უკვე მთელი გუნდი გადართულია პრიმერა დივიზიონზე. კვირას “ბარსელონას” მეტოქე “მალიორკა” იქნება. ყველაფერს ვიზამთ, რათა გავიმარჯვოთ.”
კრისტიან ნობოა
“ეს გოლი მარტო ჩემთვის არაა, ეს მთელი ყაზანისთვისაა. “ბარსელონა” პლანეტაზე ყველაზე საუკეთესო კლუბია, თუმცა დღეს “რუბინმა” ძალიან კარგი თამაში აჩვენა და დამსახურებულად მოიპოვა ერთი ქულა. მე შემცვალეს იმიტომ, რომ ძალიან დავიღალე. 88–ე წუთისათვის ძალა საერთოდ აღარ მქონდა. ჩავი და ინიესტა ჩემს წინ სასწაულებს ახდენდნენ და ამ დროს ვთქვი, რომ აღარ შემეძლო თამაშის გაგრძელება. ასევე გახარებული ვარ გოლის გატანით ვალდებული ვიყავი თერთმეტმეტრიანი ზუსტად შემესრულებინა.”
ვიტალი კალეშინი
“განწყობა ძალიან კარგია. სასიამოვნოა, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე ისეთ მეტოქეს უპირისპირდები, როგორიც “ბარსელონაა”. ჩვენთვის შედეგი დამაკმაყოფილებელია. წინა წელთან შედარებით კატალონიელები უფრო გაძლიერდნენ. დავიდ ვილა ბრწყინვალე ფეხბურთელია და მისი შეძენით “ბარსამ” ბევრი მოიგო.”
სერგეი რიჟიკოვი
“შეიძლებოდა უფრო კარგადაც გვეთამაშა და უკეთეს შედეგს მიგვეღწია, თუმცა “ბარსელონასთან” ერთი ქულაც დამაკმაყოფილებელია. როდესაც პენალტს მირტყამდნენ კუთხე გამოვიცანი, თუმცა არ გამიმართლა, ისევე როგორც ვალდესს. რა არის “ბარსასთან” თამაშის საიდუმლო? არ ვიცი… საიდუმლო თუ არა… მაგრამ ერთი ვიცი, რომ ეს გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა და დიდი მიღწევაა ჩვენთვის ქულის მოპოვება; თუმცა გავმეორდები და ვიტყვი, რომ მოგებაც შეგვეძლო. ფაქტია, დღეს ფორტუნა “რუბინის” მხარეს იყო.
ალექსანდრ რიაზანცევი
“რა თქმა უნდა ეს ძალიან კარგი შედეგია, თუმცა მატჩის მიწურულს აშკარად შეგვეძლო კიდევ ერთხელ დაწინაურება. “ბარსელონას” ბევრი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ჩვენდა სასიხარულოდ მათ მხოლოდ თერთმეტმეტრიანის რეალიზირება მოახერხეს. მხოლოდ და მხოლოდ ქებას იმსახურებს “რუბინის” დაცვა. ბიჭებმა ბრწყინვალე თამაში აჩვენეს. მწვრთნელმა შესანიშნავი ტაქტიკა შეიმუშავა და სწორედ ეს გახდა “ბარსასთან” ქულის მოპოვების მიზეზი.”
კურბან ბარდიევი
“ბარსელონასთან” ეს ბრწყინვალე შედეგია. ბიჭებმა ჩემს დავალებებს კარგად გაართვეს თავი და დამსახურებულადაც მოიპოვეს ერთი ქულა. საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ. შეიძლება გაგვემარჯვებინა, ასევე შეიძლება წაგვეგო. ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა. კატალონიელები ჯგუფის უდავო ფავორიტები არიან და პრაქტიკულად მათ განაღდებული აქვთ 1/8 ფინალში გასვლა. ასე და ამგვარად მეორე საფინალო საგზურისთვის სამი გუნდი იბრძოლებს.”



