მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა – ვილიარეალი | ჰანსი ფლიკი მატჩის წინ

ბარსელონა – ვილიარეალი | ჰანსი ფლიკი მატჩის წინ

მატჩის დრო: 22 ნოემბერი, 17:00
მოკლედ
ჰანსი ფლიკმა "ვილიარეალთან" მატჩის წინ დაადასტურა, რომ ანდრეას კრისტენსენი დაახლოებით ორ შეხვედრას გამოტოვებს, პაუ კუბარსიმ კი შესაძლოა თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყოს. "ბარსელონას" მწვრთნელმა ფრენკი დე იონგის მდგომარეობაზე, როდრის ტრავმაზე, ლამინ იამალზე და ზამთარში ახალი ცენტრალური მცველის დამატების შესაძლებლობაზეც ისაუბრა.

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ლა ლიგის მე-13 ტურში “ვილიარეალთან” გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და გუნდის მდგომარეობასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.

კრისტენსენის ტრავმა და კუბარსის მდგომარეობა

Mundo Deportivo-ს ცნობით, გერმანელმა სპეციალისტმა დაადასტურა, რომ ანდრეას კრისტენსენი კუნთის ტრავმის გამო დაახლოებით ორ მატჩს გამოტოვებს. პაუ კუბარსის პრობლემა სერიოზული არ არის, თუმცა მწვრთნელი ახალგაზრდა მცველის ჯანმრთელობით გარისკვას არ აპირებს.

“ყველაფერი ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც ველოდებით. კრისტენსენი დაახლოებით ორ მატჩს გამოტოვებს. კუბარსის პრობლემა სერიოზული არ არის, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო და შესაძლოა, მან თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყოს. სამაგიეროდ, ერიკისა და კუნდეს დაბრუნებით კმაყოფილები ვართ. მსგავსი პრობლემები ყველა კლუბს აქვს.”

ფლიკმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე და ახალი ცენტრალური მცველის შესაძლო დამატებაზეც ისაუბრა.

“ამ საკითხზე მუდმივად ვსაუბრობთ, მაგრამ კრისტენსენსაც უნდა გავუფრთხილდეთ. ის იმედგაცრუებულია, თუმცა როცა კარგ ფორმაშია, ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია. კუბარსი 19 წლისაა, გასული წლიდან მოყოლებული ბევრი მატჩი ჩაატარა და მასაც სიფრთხილით უნდა მოვექცეთ.”

დე იონგი მზადაა, როდრის ტრავმა სერიოზული არ არის

მწვრთნელმა დაადასტურა, რომ ფრენკი დე იონგი “ვილიარეალთან” სათამაშოდ მზადაა. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ნიდერლანდელის განაპირა მცველად გამოყენება, ფლიკმა უპასუხა:

“ვნახოთ. მთავარი ისაა, რომ ხვალინდელი მატჩისთვის მზადაა. მისით ძალიან კმაყოფილი ვარ.”

გერმანელმა სპეციალისტმა როდრის ტრავმის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელის მდგომარეობა დამაიმედებელია.

“ყველაფერი კარგად გამოიყურება. სერიოზული ტრავმა არ არის, მაგრამ სიფრთხილე ყოველთვის აუცილებელია.”

ლამინ იამალი და რაფინია

ფლიკს ესპანეთის ნაკრებში ლამინ იამალის მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზეც ჰკითხეს. მწვრთნელმა ახალგაზრდა ფეხბურთელს მხარდაჭერა გამოუცხადა.

“პირველ მატჩში მას არ უთამაშია, რასაც კონკრეტული მიზეზი ჰქონდა, მეორე შეხვედრაში კი უკვე ითამაშა. მისით ძალიან კმაყოფილი ვარ.”

ბრაზილიის ნაკრებში რაფინიას მდგომარეობასთან დაკავშირებით ფლიკმა აღნიშნა, რომ ესმის ეროვნული გუნდის გადაწყვეტილება, წითელი ბარათის შემდეგ ფეხბურთელი ნაკრებიდან არ გაეთავისუფლებინა.

“ის ბრაზილიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ამას ვიღებ. როდესაც აქ არის, ყოველთვის ყველაფერს აკეთებს გუნდისთვის, ამიტომ ამ გადაწყვეტილებას ვეთანხმები.”

დატვირთული კალენდარი და ფეხბურთელების სათამაშო დრო

“ბარსელონას” მომდევნო 27 დღეში ცხრა მატჩის ჩატარება უწევს. ფლიკმა განმარტა, რომ ფეხბურთელების სათამაშო დროის სწორად განაწილება აუცილებელია.

“მსგავსი მდგომარეობა ყველა გუნდს აქვს. ჩვენი მიზანი ყველა ტურნირის მოგებაა. კარგი შემადგენლობა გვყავს და ფეხბურთელების სათამაშო დრო სწორად უნდა გავანაწილოთ. ყველა მზადაა, რამდენიმე ფეხბურთელი უკვე დაბრუნდა და სხვებიც დაბრუნდებიან. კუბარსისთან განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს.”

როდრის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ გუნდმა სათამაშო დონე უნდა აამაღლოს, მწვრთნელმა აღნიშნა:

“სწორედ ეს გვინდა ყოველდღე. გუნდს უკეთ თამაში შეუძლია, მასაც შეუძლია უკეთ თამაში და თითოეულ ფეხბურთელს შეუძლია უფრო მაღალ დონეზე ასვლა.”

ფლიკი გუნდის მიზნებსა და გულშემატკივრებზე

გერმანელი მწვრთნელის თქმით, მისი მთავარი ამოცანა გუნდის გამარჯვებისთვის მომზადებაა. მან წინა მარცხებიც გაიხსენა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

“ჩემი საქმე გუნდის გამარჯვებისთვის მომზადებაა. ორი მატჩი წავაგეთ და კარგად არ გვითამაშია, რასაც თავისი მიზეზები ჰქონდა. მდგომარეობის გამოსასწორებლად ბევრს ვმუშაობთ, გულშემატკივრები კი ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან.”

ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ შეხვედრასა და გუნდის განწყობაზეც გაამახვილა ყურადღება.

“ჩემპიონთა ლიგაზე თამაში პრივილეგიაა. ეს ზეწოლასთანაა დაკავშირებული, მაგრამ მე ეს ძალიან მომწონს. ახლა კარგი პერიოდია, გუნდში კარგი განწყობაა. სამწვრთნელო შტაბი, ფიზიოთერაპევტები, ექიმები, ანალიტიკოსები – ყველა ძალიან კარგად მუშაობს და კმაყოფილი ვარ.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი