სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ “ბარსელონას” 2026 წლის ბოლომდე საკმაოდ დატვირთული კალენდარი ელოდება. ჰანსი ფლიკის გუნდს 22 ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე, 28 დღეში, ცხრა მატჩის ჩატარება მოუწევს. აქედან ექვსი ლა ლიგის, ორი ჩემპიონთა ლიგის, ერთი კი ესპანეთის თასის შეხვედრა იქნება.
კატალონიელები ამ მონაკვეთს 22 ნოემბერს, “ვილიარეალთან” საშინაო მატჩით დაიწყებენ. შეხვედრა “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გაიმართება, სადაც “ბარსელონა” ლა ლიგაში ლიდერობის შენარჩუნებას შეეცდება.
ამის შემდეგ გუნდი აზერბაიჯანში გაემგზავრება, სადაც 25 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე ბაქოს “საბაჰს” დაუპირისპირდება. კატალონიელებისთვის მნიშვნელოვანი იქნება საუკეთესო რვა გუნდს შორის ადგილის შენარჩუნება. 29 ნოემბერს კი “ბარსელონას” ლა ლიგაში სტუმრად “დეპორტივოსთან” თამაში ელის.
დეკემბერში ატლეტიკოსა და მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ
დეკემბრის დასაწყისი განსაკუთრებით რთული იქნება. “ბარსელონა” ჯერ “ატლეტიკოს” უმასპინძლებს, შემდეგ “სელტას” დაუპირისპირდება, ხოლო 8 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე “მანჩესტერ სიტის” მიიღებს.
“ატლეტიკოსთან” შეხვედრა ლა ლიგის 23-ე ტურიდან გადმოიტანეს, რადგან 2027 წლის 2 თებერვალს ეს გუნდები თურქეთში ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში შეხვდებიან ერთმანეთს.
აღსანიშნავია, რომ “ბარსელონამ” “ატლეტიკო” 8 ნოემბერს, მადრიდში, ანგარიშით 2-1 დაამარცხა. შესაბამისად, გუნდები ერთ თვეზე ნაკლებ პერიოდში მეორედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
ჩემპიონთა ლიგაზე “მანჩესტერ სიტისთან” შეხვედრაც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ინგლისური კლუბი “სპოტიფაი კამპ ნოუზე” 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად ითამაშებს.
ბარსელონას დარჩენილი მატჩები 2026 წელს:
- 22 ნოემბერი, 17:00 – ბარსელონა – ვილიარეალი (ლა ლიგა)
- 25 ნოემბერი, 21:45 – საბაჰი – ბარსელონა (ჩემპიონთა ლიგა)
- 29 ნოემბერი, 19:15 – დეპორტივო – ბარსელონა (ლა ლიგა)
- 3 დეკემბერი, 00:30 – ბარსელონა – ატლეტიკო (ლა ლიგა)
- 5 დეკემბერი, 23:55 – ბარსელონა – სელტა (ლა ლიგა)
- 8 დეკემბერი, 23:55 – ბარსელონა – მანჩესტერ სიტი (ჩემპიონთა ლიგა)
- 13 დეკემბერი – მალაგა – ბარსელონა (ლა ლიგა)
- 16 დეკემბერი – მეტოქე დასადგენია – ბარსელონა (ესპანეთის თასის 1/16 ფინალი)
- 20 დეკემბერი – ბარსელონა – რეალ სოსიედადი (ლა ლიგა)
ამ ცხრა შეხვედრიდან ხუთს “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე ჩაატარებს, ოთხს კი სტუმრად.
განსაკუთრებით საინტერესო იქნება, რამდენად ეფექტიანად მოახერხებს ჰანსი ფლიკი ფეხბურთელების ფიზიკური დატვირთვის განაწილებას, რადგან გუნდს რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრას შორის აღდგენისთვის მცირე დრო ექნება.
2026 წლის ბოლო მატჩს “ბარსელონა” “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო 2027 წელს სტუმრად, ქალაქურ დერბიში “ესპანიოლთან” შეხვედრით დაიწყებს.




forum კომენტარები (0)