“ბარსელონას” ბრაზილიელი შემტევი რაფინია მიმდინარე სეზონში არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მოგზაურობის თვალსაზრისითაც განსაკუთრებული დატვირთვის წინაშე დგას. “Mundo Deportivo-ს” გამოთვლებით, 23 აგვისტოდან 29 ნოემბრამდე, 98 დღის განმავლობაში, ფეხბურთელს საკლუბო და სანაკრებო მატჩების გამო 76 761 კილომეტრის გავლა მოუწევს.
შედარებისთვის, დედამიწის ეკვატორის სიგრძე დაახლოებით 40 075 კილომეტრია. შესაბამისად, რაფინია სამ თვეზე ოდნავ მეტ პერიოდში თითქმის ორჯერ შემოუვლის დედამიწას.
გამოცემის მიერ წარმოდგენილი მარშრუტების მიხედვით, ამ მანძილიდან 19 838 კილომეტრი “ბარსელონასთან” ერთად მგზავრობებზე მოდის, ხოლო 56 923 კილომეტრი – ბრაზილიის ნაკრებში გამოძახებებთან დაკავშირებულ ფრენებზე.
განსაკუთრებით დამღლელი სექტემბრის სანაკრებო პაუზა აღმოჩნდა. რაფინიამ ავსტრალიაში გასამართი ორი ამხანაგური მატჩისთვის ჯერ ბარსელონიდან ტაუნსვილში იმგზავრა, შემდეგ მელბურნში გადავიდა, ბოლოს კი ესპანეთში დაბრუნდა. ამ მოგზაურობის საერთო მანძილმა 35 177 კილომეტრი შეადგინა.
ავსტრალიიდან დაბრუნების შემდეგ ფეხბურთელს მარჯვენა ბარძაყის კუნთში შეშუპება დაუდგინდა, რის გამოც დაახლოებით ორი კვირა გაუცდა. მოედანზე იგი “ბეტისთან” მატჩში დაბრუნდა.
რაფინიას წინ კიდევ რამდენიმე ხანგრძლივი მოგზაურობა ელის
ამჟამად ბრაზილიელი სინგაპურში იმყოფება, სადაც კარლო ანჩელოტის გუნდს ორი ამხანაგური შეხვედრა აქვს დაგეგმილი. 14 ნოემბერს ბრაზილია იაპონიას დაუპირისპირდება, 17 ნოემბერს კი სინგაპურს. მატჩები თბილისის დროით, შესაბამისად, 14:15 და 13:00 საათზე დაიწყება.
“ბარსელონასა” და ბრაზილიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბები ფეხბურთელის ფიზიკურ მდგომარეობას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. “Mundo Deportivo-ს” ცნობით, ნაკრებში ბოლო სამი გამოძახების დროს მიღებული ტრავმების შემდეგ კარლო ანჩელოტისთან რაფინიას სათამაშო დროის კონტროლზე შეთანხმება შედგა.
თუმცა სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ დატვირთული გრაფიკი კვლავ გაგრძელდება. სინგაპურიდან დაბრუნებიდან ხუთ დღეში რაფინიას “ბარსელონასთან” ერთად აზერბაიჯანში გამგზავრება მოუწევს, სადაც კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის მატჩს ჩაატარებენ. ბარსელონა-ბაქოს ორმხრივი მარშრუტი 7 916 კილომეტრს შეადგენს.
ამის შემდეგ გუნდს ლა-კორუნიაში, “დეპორტივოსთან” 29 ნოემბერს გასამართი შეხვედრა ელის. ეს მოგზაურობა რაფინიას საერთო მანძილს კიდევ 2 170 კილომეტრს დაუმატებს.
ხანგრძლივი მგზავრობების, დროის სარტყლების ხშირი ცვლილებისა და ფიზიკური დატვირთვის მიუხედავად, ბრაზილიელი მიმდინარე სეზონში შესანიშნავ შედეგიანობას ინარჩუნებს – მას “ბარსელონას” მაისურით უკვე 19 გოლი აქვს გატანილი.




ბებიის მხრიდან ელ კანოს ჩამომავალი ყოფილა, მეორე ბებიის მხრიდან კი მაგელანისა, დიდი ბაბუის ძმა კი ფილაეას ფოგი იყო მე მგონი😇