FIFA-ს დელეგაცია 9 ნოემბერს “ბარსელონას” სტადიონ “სპოტიფაი კამპ ნოუს” ეწვია და 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების მასპინძლობისთვის მისი მზადყოფნა შეაფასა. კატალონიური კლუბისა და ქალაქის მთავარი მიზანი მუნდიალის ფინალის ჩატარების უფლების მოპოვებაა.
როგორც Mundo Deportivo იტყობინება, FIFA-ს წარმომადგენლებმა სტადიონის ინფრასტრუქტურა, მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები და სამომავლო შესაძლებლობები შეისწავლეს. ინსპექტირება 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი სტადიონების შერჩევის პროცესის ნაწილია.
დელეგაციას “ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა, ქალაქის მერი ჟაუმე კოლბონი და კატალონიის სპორტის მინისტრი ბერნი ალვარესი შეხვდნენ. ტექნიკურ დათვალიერებას ასევე ესწრებოდნენ ქალაქის სპორტის საკითხებზე პასუხისმგებელი დავიდ ესკუდე და კლუბის საოპერაციო დირექტორი ჟოან სენტელიესი, რომელმაც FIFA-ს წარმომადგენლებს სტადიონის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ინსპექტირების შემდეგ FIFA-მ დამატებითი ტექნიკური დოკუმენტაცია და სტადიონის გეგმები მოითხოვა. “ბარსელონამ” აღნიშნული მასალები 2026 წლის ბოლომდე უნდა წარადგინოს, რათა საერთაშორისო ორგანიზაციამ ინფრასტრუქტურის საბოლოო შეფასება შეძლოს.
მიუხედავად იმისა, რომ “სპოტიფაი კამპ ნოუზე” სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ეს გარემოება ავტომატურ დაბრკოლებად არ განიხილება. მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში სტადიონების შეფასება არაერთხელ ჩატარებულა მშენებლობის დასრულებამდე.
“ბარსელონას” სასარგებლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი მოქმედებს: რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ სტადიონის ტევადობა 100 000 მაყურებელს გადააჭარბებს, ხოლო ქალაქს მასშტაბური საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის დიდი გამოცდილება აქვს.
2030 წლის მუნდიალის ფინალის მასპინძლობის კანდიდატებს შორის, “სპოტიფაი კამპ ნოუს” გარდა, მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუ” და მაროკოში მშენებარე “ჰასან II-ის” სტადიონიც განიხილება.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილებას 2027 წლის მაისში ელიან. მაშინ გაირკვევა, რომელ სტადიონზე ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი და კონკრეტულად რამდენ შეხვედრას უმასპინძლებს “სპოტიფაი კამპ ნოუ”. გამოცემის ცნობით, ბარსელონაში ტურნირის 5-დან 7-მდე მატჩის ჩატარების შესაძლებლობა განიხილება.
2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ესპანეთი, პორტუგალია და მაროკო ერთობლივად უმასპინძლებენ. ტურნირის რამდენიმე საიუბილეო შეხვედრა სამხრეთ ამერიკაშიც გაიმართება.




forum კომენტარები (0)