ფერმინ ლოპესისთვის 2026 წლის 8 ნოემბერი განსაკუთრებულ თარიღად იქცა. “ბარსელონას” ნახევარმცველმა ლა ლიგაში მე-100 მატჩი ჩაატარა და ეს მნიშვნელოვანი მიღწევა მადრიდის “ატლეტიკოსთან” დუბლით აღნიშნა.
“ლა მასიას” აღზრდილი ფეხბურთელი “ბარსელონას” გამარჯვების მთავარი შემოქმედი გახდა. ჰანსი ფლიკის გუნდმა “მეტროპოლიტანოზე” ჩამორჩენა აღმოფხვრა, მეტოქე 2-1 დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონატში პირველი ადგილი შეინარჩუნა.
ჯერ მარცხენა, შემდეგ მარჯვენა ფეხით
ფერმინმა რთულ შეხვედრაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. პირველი გოლი მან პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანა, როდესაც მარცხენა ფეხით, ბურთთან პირველივე შეხებით, იან ობლაკის კარი აიღო და ანგარიში გაათანაბრა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მარცხენა ფეხი ფერმინისთვის შედარებით სუსტია, თუმცა ესპანელმა ნახევარმცველმა დარტყმა ზუსტად შეასრულა და “ბარსელონას” თამაშში დაბრუნების იმედი გაუჩინა.
მეორე ტაიმში ფერმინმა ლამინ იამალთან შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშა. ახალგაზრდა ვარსკვლავის ზუსტმა გადაცემამ ნახევარმცველი მეკარესთან პირისპირ დატოვა, ამჯერად კი ფერმინმა მარჯვენა ფეხით გაიტანა და “ბარსელონა” დააწინაურა.
მატჩის შემდეგ ფერმინმა თანაგუნდელთან ურთიერთგაგებაზე ისაუბრა:
“მე და ლამინ იამალს ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმის. ეს გოლი ნახევრად მისი დამსახურებაა”, – განაცხადა ფერმინმა.
ამგვარად, ნახევარმცველმა დუბლი ორივე ფეხით შეასრულა და გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.
გზა ლა ლიგაში მე-100 მატჩამდე
ფერმინ ლოპესის დებიუტი ესპანეთის ჩემპიონატში 2023 წლის 27 აგვისტოს შედგა, როდესაც “ბარსელონამ” სტუმრად “ვილიარეალი” 4-3 დაამარცხა.
იმ შეხვედრაში გუნდის მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა ახალგაზრდა ნახევარმცველი მოედანზე 86-ე წუთზე შეუშვა.
მას შემდეგ ფერმინმა თანდათან დაიმკვიდრა ადგილი “ბარსელონას” პირველ გუნდში და ჰანსი ფლიკის შემადგენლობის მნიშვნელოვან წევრად იქცა.

ძაან მაგარია რომ აღნიშნეთ ფერმინის მეასე თამაში. მაგრამ სტატისტიკა არ გვაინტერესებს? ან რამდენი გოლი გაიტანა ან რამდენი საგოლე მოქმედება აქ? წავალ ისევ სხვაგან ვნახავ🤦
მართლაც. ამდენი ინფორმაცია მოგვაწოდეს და მთავარი გამორჩათ.