ლა მასიას კიდევ ერთმა აღზრდილმა “ბარსელონას” პირველ გუნდში დებიუტი აღნიშნა. 31 ოქტომბერს ბრიან ფარინიასმა “ალავესთან” გამართულ ლა ლიგის შეხვედრაში პირველად ითამაშა კატალონიური კლუბის ძირითად გუნდში.
ვალენსიელი ფეხბურთელი ჰანსი ფლიკმა სასტარტო შემადგენლობაში დააყენა. თანაც, მისთვის უჩვეულო პოზიციაზე – მარჯვენა მცველად. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა მოთამაშემ “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გამართულ შეხვედრაში თავი კარგად წარმოაჩინა.
“ეს ჩემი კლუბია”
“ბარსელონაში” დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, დებიუტის შემდეგ ფარინიასმა ლა მასიას წარწერასთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო და კლუბის პირველ გუნდში ჩატარებულ პირველ ოფიციალურ მატჩზე ისაუბრა.
“ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ ამდენწლიანი შრომის შემდეგ. ამაზე ყველა ბიჭი ოცნებობს. ლა ლიგაში, “ბარსელონას” შემადგენლობაში, ჩემს კლუბში… ძალიან ბედნიერი ვარ”.
ფარინიასმა მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჰანსი ფლიკმა წინასწარ ჰკითხა, შეძლებდა თუ არა ამ პოზიციაზე ასპარეზობას.
“სადაც ფლიკი დამაყენებს, იქ ვითამაშებ. თავიდან ცოტა ვნერვიულობდი, მაგრამ შემდეგ თამაშში ერთვები. ვფიქრობ, საკმაოდ ძლიერი ხასიათის ფეხბურთელი ვარ. სიმართლე გითხრათ, თავს კომფორტულად ვგრძნობდი”, – განაცხადა “ბარსელონას” ოთხიანმა.
თანაგუნდელების მხარდაჭერა
ფარინიასის თქმით, დებიუტის დროს თანაგუნდელების დახმარებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მოედანზე მის ფლანგზე მოქმედებდნენ.
“ისინი ძალიან დამეხმარნენ. კუბარსი, როდრი, ფერმინი და ლამინი – ყველა ჩემს ფლანგზე იყო. მათ თავდაჯერება შემმატეს”.
ინტერვიუს დასასრულს ფარინიასმა სამომავლო მიზნებზეც ისაუბრა. ახალგაზრდა ფეხბურთელს სურს, მეტი სათამაშო დრო მიიღოს, გამოცდილება დააგროვოს და გუნდმა წინსვლა განაგრძოს.

forum კომენტარები (0)