workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მასიმო მორატი: ბარსას გამოგდება ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე მეტად აღვნიშნე

მასიმო მორატი: ბარსას გამოგდება ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე მეტად აღვნიშნე

“ინტერის” ყოფილმა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ Diario AS-თან ინტერვიუში მილანური კლუბის ხელმძღვანელობის პერიოდი გაიხსენა. 81 წლის იტალიელმა ბიზნესმენმა ისაუბრა “ბარსელონასთან” დაკავშირებულ რამდენიმე მნიშვნელოვან ეპიზოდზე, მათ შორის რონალდო ნაზარიოს ტრანსფერზე, 2010 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალსა და ლიონელ მესიზე.

რონალდოს ტრანსფერი ბარსელონადან ინტერში

1997 წელს რონალდო ნაზარიომ “ბარსელონა” დატოვა და “ინტერში” გადავიდა. მორატის თქმით, ბრაზილიელი თავდამსხმელის ტრანსფერის განხორციელება იმაზე მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა.

“ბარსელონამ” ფასი დაასახელა. შესაძლოა, მათ ეგონათ, რომ ეს მაღალი თანხა იყო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობდი. შემოთავაზება საინტერესო და ხელმისაწვდომი მეჩვენა. ამ თანხის გადახდა შეგვეძლო. მოგვიანებით მათ ეს ინანეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო. რონალდოს იტალიაში სათამაშოდ გადმოსვლა ძალიან უხაროდა”.

ბარსელონას გამოთიშვა ჩემპიონთა ლიგიდან

მორატიმ განსაკუთრებული ემოციებით გაიხსენა 2010 წლის ჩემპიონთა ლიგა, როდესაც ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილმა “ინტერმა” ნახევარფინალში პეპ გვარდიოლას “ბარსელონა” გამოთიშა, შემდეგ კი მადრიდში, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ ფინალში მიუნხენის “ბაიერნი” დიეგო მილიტოს დუბლით 2-0 დაამარცხა.

იტალიელის თქმით, მისთვის “ბარსელონასთან” გამარჯვება ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოპოვებულ წარმატებაზე ემოციური აღმოჩნდა.

“კამპ ნოუზე” უფრო ბედნიერი ვიყავი. პეპის “ბარსელონას” გამოთიშვის შემდეგ ფინალში გასვლა უფრო მეტადაც კი აღვნიშნე, ვიდრე მოგვიანებით, “ბერნაბეუზე” “ბაიერნთან” 2-0 გამარჯვება. ყველაფერი საოცარი და დაუვიწყარი იყო”.

მორატის ლიონელ მესის შეძენაც სურდა

“ინტერის” ყოფილმა პრეზიდენტმა ლიონელ მესიზეც ისაუბრა. მისი თქმით, არგენტინელის განსაკუთრებული ნიჭი ჯერ კიდევ მაშინ შენიშნა, როდესაც ფეხბურთელი ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა.

მორატის მესის შეძენის სურვილი ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყვიტა, “ბარსელონას” გეგმებში არ ჩარეულიყო.

“ის 17-წლამდელთა გუნდში თამაშისას ვნახე, როდესაც მასზე, როგორც მსოფლიო დონის ვარსკვლავზე, ჯერ არავინ საუბრობდა. მაშინვე მივხვდი, რომ განსაკუთრებული ფეხბურთელი იყო. არა მხოლოდ მისი ოსტატობის, არამედ გამარჯვების წყურვილისა და უზარმაზარი მოტივაციის გამოც. მესი მაშინაც კი შიშის მომგვრელი იყო. ვიცოდი, რომ “ბარსელონა”, კლუბი, რომელიც მის განვითარებაში დაეხმარა, მასთან კონტრაქტის გაფორმებას აპირებდა. არ მინდოდა ამ საქმეში ჩავრეულიყავი. რაც შემდეგ მოხდა, უკვე ისტორიაა”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი