Transfermarkt-მა ლა ლიგის ფეხბურთელების საბაზრო ღირებულებების მორიგი განახლება გამოაქვეყნა. ცვლილებების შედეგად, “ბარსელონას” ფეხბურთელების ჯამური ღირებულება 33.2 მილიონი ევროთი გაიზარდა და დაახლოებით 1.3 მილიარდ ევროს მიაღწია. ლა ლიგაში კატალონიურ კლუბზე ძვირად მხოლოდ “რეალ მადრიდის” შემადგენლობა ფასობს – დაახლოებით 1.5 მილიარდ ევროდ.
“ბარსელონაში” ყველაზე დიდი ზრდა ჩავი ესპარტს აქვს. 19 წლის ფეხბურთელის ფასი 5 მილიონიდან 25 მილიონ ევრომდე გაიზარდა, ანუ Transfermarkt-მა მისი ღირებულება ერთბაშად 20 მილიონით გაზარდა. ესპარტმა მიმდინარე სეზონის დასაწყისში ჰანსი ფლიკის გუნდში მნიშვნელოვანი როლი მოიპოვა და სხვადასხვა პოზიციაზე თამაშის უნარითაც გამოირჩევა
მნიშვნელოვანი ზრდა აქვთ მარკ ბერნალსა და ფერმინ ლოპესსაც. ბერნალის ფასი 30 მილიონიდან 40 მილიონ ევრომდე გაიზარდა, ფერმინის კი 100 მილიონიდან 110 მილიონამდე. ერიკ გარსია ახლა 45 მილიონ ევროდ ფასობს, ჟერარ მარტინი – 40 მილიონად, ხოლო როდრის ღირებულება 55 მილიონიდან 60 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
Transfermarkt-მა მნიშვნელოვნად გაზარდა რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელის ფასიც. ჰამზა აბდელკარიმის ღირებულება 1.5 მილიონიდან 8 მილიონ ევრომდე გაიზარდა, ჯესი ბისივუსი – 800 ათასიდან 8 მილიონამდე, ბრიან ფარინიასის კი 2.5 მილიონიდან 5 მილიონ ევრომდე.
ამავე დროს, რამდენიმე ფეხბურთელის ღირებულება შემცირდა. ალეხანდრო ბალდე 50 მილიონიდან 40 მილიონ ევრომდე ჩამოვიდა, ფრენკი დე იონგი – 35 მილიონიდან 25 მილიონამდე. ჟიულ კუნდეს ფასი 60 მილიონიდან 55 მილიონამდე შემცირდა, გავის – 30 მილიონიდან 25 მილიონამდე, რუნი ბარდჯის – 15 მილიონიდან 8 მილიონამდე, ხოლო ჟოაუ კანსელუს – 8 მილიონიდან 7 მილიონ ევრომდე.
ჯამში, ფასმომატებული “ბარსელონას” ფეხბურთელების ღირებულება 71.2 მილიონი ევროთი გაიზარდა, ფასდაკლებულების კი 38 მილიონით შემცირდა, რის შედეგადაც კლუბის საერთო ზრდამ ზუსტად 33.2 მილიონი ევრო შეადგინა.
ამ განახლების შემდეგ “ბარსელონას” ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებს შორის ფერმინიც დაწინაურდა. ლამინ იამალი კვლავ 220 მილიონ ევროდ ფასობს და ერლინგ ჰოლანდთან ერთად მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. პედრის ღირებულება 150 მილიონია, ფერმინის – 110 მილიონი, ხოლო პაუ კუბარსის – 100 მილიონი ევრო.
forum კომენტარები (0)