“ბარსელონა” მიმდინარე სეზონის სტარტზე ლა ლიგას დამაჯერებლად ლიდერობს – ზედიზედ შვიდი გამარჯვებითა და ისტორიული საგოლე მაჩვენებლით. ეს ბრწყინვალე შედეგი ჰანსი ფლიკის უდიდესი სამუშაოსა და მთელი შემადგენლობის თავდადების დამსახურებაა. “ბარსაში” თამაში მარტივი საქმე არ არის და “ბლაუგრანას” რიგებში წარმატების მიღწევა ყველას არ შეუძლია, რაც მიმდინარე ზაფხულში არაერთი ახალგაზრდა აღზრდილის წასვლით კიდევ ერთხელ დადასტურდა.
“ბარსელონადან” წასვლა სხვა გუნდებისთვის ტალანტების შევსების კარს ხსნის. ლა ლიგის კლუბები აქტიურად იმატებენ იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც კატალონიურ კლუბში – იქნება ეს ასაკობრივ გუნდებში, “ბარსა ატლეტიკში” თუ პირველ გუნდში – უთამაშიათ. ჯამში ჩემპიონატში ასეთი 35 მოთამაშე ირიცხება და მხოლოდ ორი გუნდია – “რასინგ სანტანდერი” და “ელჩე” (რომელსაც გასულ სეზონში იგნასიო პენია და ექტორ ფორტი ჰყავდა), რომელთა რიგებშიც “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი არ იძებნება.
დეპორტივო ლა კორუნია (6 ფეხბურთელი)
- პიერ-ემერიკ ობამეიანგი, მარკ კასადო, ადამა ტრაორე, ადრია ალტიმირა, არნაუ კომასი და ლუისმი კრუსი. დეპორტივო” ლა ლიგაში “ბარსელონას” ყველაზე მეტი ყოფილი ფეხბურთელით გამოირჩევა. კასადო იქ სეზონის ბოლომდე იჯარით იმყოფება, ზაფხულში კი გუნდს ობამეიანგი და ადამა ტრაორეც შეუერთდნენ. ალტიმირამ და კომასმა ასაკობრივ კატეგორიებში რამდენიმე წელი გაატარეს, ხოლო ლუისმი კრუსი 2022/23 წლების სეზონში იჯარით “ბარსა ატლეტიკში” თამაშობდა.
ბეტისი (4 ფეხბურთელი)
- მარკ ბარტრა, ექტორ ბელერინი, აბდე ეზალზული და ჟუნიორ ფირპო. “ბეტისის” განაცხადში კატალონიური წარსულის მქონე ოთხი მოთამაშეა. საინტერესოა, რომ ოთხივეს პირველ გუნდში უთამაშია, თუმცა მათი გზები სრულიად განსხვავებული იყო: ბარტრა აკადემიაში გაიზარდა და მთავარ გუნდში პირდაპირ დაწინაურდა; ბელერინი კლუბიდან კადეტთა ასაკში წავიდა და პროფესიონალის რანგში დაბრუნდა; აბდე ჯერ “ბარსა ატლეტიკმა” დაიმატა, შემდეგ კი პირველ გუნდში გადავიდა; ჟუნიორ ფირპო კი პირველმა გუნდმა 2019 წელს შეიძინა.
სელტა (4 ფეხბურთელი)
- ილაიშ მორიბა, ფერან ჟუტგლა, მარკოს ალონსო და ალვარო ნუნიესი. ვიგოს “სელტა” მეორე კლუბია, რომლის შემადგენლობაშიც ოთხი ყოფილი “ბარსელონელია”. ილაიშ მორიბა აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდს რონალდ კუმანის დროს შეუერთდა; ჟუტგლამ ერთი წელი სარეზერვო და მთავარ გუნდებს შორის გაატარა; მარკოს ალონსო კლუბში 2022-2024 წლებში თამაშობდა, ხოლო ალვარო ნუნიესი 2023/24 წლების სეზონში იჯარით “ბარსა ატლეტიკში” გამოდიოდა.
რაიო ვალეკანო (3 ფეხბურთელი)
- ივან ბალიუ, პელაიო ფერნანდესი და დანი კარდენასი. მადრიდულ კლუბში სამი ისეთი მოთამაშეა, რომლებმაც “ბარსას” ასაკობრივი გუნდები გაიარეს. ბალიუსა და პელაიოს ეტაპი შედარებით კარგად ახსოვთ, რადგან ორივემ სარეზერვო გუნდამდე მიაღწია, მეკარე დანი კარდენასი კი კატალონიაში სულ პატარა ასაკში იყო, სანამ 2008 წელს “ჟაბაკში” გადავიდოდა.
ვალენსია (3 ფეხბურთელი)
- იკერ კორდობა, არნაუ მარტინესი და სერხი კანოსი. “ვალენსია” კიდევ ერთი გუნდია სამი “ბარსელონელით”. კორდობამ “ხუვენილ B”-მდე ითამაშა, მარტინესი აკადემიაში 2016 წლამდე ირიცხებოდა, კანოსი კი კადეტთა ასაკის დასრულების შემდეგ “ლივერპულში” წავიდა.
რეალ სოსიედადი (2 ფეხბურთელი)
- ექტორ ფორტი და ტაკეფუსა კუბო. ორი ექს-ბარსელონელით სამი კლუბია წარმოდგენილი. ერთ-ერთი სან-სებასტიანური კლუბია, რომელმაც ზაფხულში განაპირა მცველი ექტორ ფორტი დაიმატა, შემადგენლობაში კი უკვე ჰყავდა იაპონელი ტაკე კუბო – ლა მასიას ყოფილი აღზრდილი, რომელსაც კატალონიის დატოვება 2015 წელს, ფიფას სანქციების გამო მოუწია.
დეპორტივო ალავესი (2 ფეხბურთელი)
- კარლეს ალენია და დენის სუარესი. ალენია აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდამდე მიაღწია, ხოლო დენის სუარესი “მანჩესტერ სიტიდან” თავდაპირველად სარეზერვო გუნდის გასაძლიერებლად მოვიდა და შემდგომ ძირითადში მცირე სათამაშო დრო ჰქონდა.
ესპანიოლი (2 ფეხბურთელი)
- ხავი პუადო და რობერტო ფერნანდესი. კატალონიელთა კაპიტანი ხავი პუადო “ბარსელონაში” ბავშვთა ასაკობრივ ჯგუფებში თამაშობდა, ხოლო გოლეადორი რობერტო (რომელიც ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ახლახან გამოიძახეს) “მალაგადან” ერთი წლით “ბარსა ატლეტიკში” იყო განათხოვრებული.
რეალ მადრიდი (1 ფეხბურთელი)
- მარკ კუკურელია. მიმდინარე სეზონში “რეალ მადრიდის” შემადგენლობაში “ბარსელონას” წარსულის მქონე მარკ კუკურელია ირიცხება. მარცხენა მცველმა კატალონიელთა ასაკობრივ გუნდებში რამდენიმე წელი გაატარა, თუმცა პირველ გუნდში ოფიციალურ მატჩში დებიუტი არ ჰქონია.
ატლეტიკო მადრიდი (1 ფეხბურთელი)
- ალექს გრიმალდო. მარცხენა მცველი თავის დროზე სეგუნდა დივიზიონში “ბარსა ატლეტიკის” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა (15 წლისა და 349 დღის ასაკში), თუმცა 2016 წლის იანვარში ის ლისაბონის “ბენფიკაში” გადაბარგდა.
ატლეტიკ ბილბაო (1 ფეხბურთელი)
- რობერტ ნავარო. უნიკალური ფილოსოფიის მქონე ბასკურ კლუბშიც კი არის ფეხბურთელი, რომლის საფეხბურთო ფორმირება კატალონიაში მოხდა. რობერტ ნავარო “ოსასუნადან” 2013 წელს გადავიდა და ხუთი წლის განმავლობაში ატარებდა “ბლაუგრანას” მაისურს, სანამ “მონაკო” მის გადაბირებას შეძლებდა.
ვილიარეალი (1 ფეხბურთელი)
- ილიას აკომაში. ილიას აკომაში ერთადერთია “ვილიარეალში”, ვისაც “ბარსელონას” პირველ გუნდში უთამაშია. აკადემიაში გატარებული ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ, გარემარბის დებიუტი ჩავის დროს შედგა, 2023 წელს კი ის თავისუფალი აგენტის სტატუსით “ყვითელ წყალქვეშა ნავს” შეუერთდა.
სევილია (1 ფეხბურთელი)
- ჟერარ ფერნანდესი “პეკე”. ანდალუსიელთა რიგებში პეკე თამაშობს, რომელმაც “ბარსას” აკადემიაში ორ ეტაპად იასპარეზა და “ბარსა ატლეტიკში” ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, 2022 წელს “რასინგში” გადავიდა.
ოსასუნა (1 ფეხბურთელი)
- რაულ მორო. პამპლონელთა შემტევი 2018/19 წლების სეზონში “ხუვენილ B”-ში თამაშობდა, რის შემდეგაც კარიერა რომის “ლაციოში” გააგრძელა.
ლევანტე (1 ფეხბურთელი)
- ორიოლ რეი. საყრდენმა ნახევარმცველმა კლუბის თითქმის ყველა ასაკობრივი გუნდი გაიარა “ხუვენილ A”-მდე (2017 წელი), რის შემდეგაც “ლიდს იუნაიტედის” სარეზერვო გუნდში გადავიდა.
მალაგა (1 ფეხბურთელი)
- ადამ აზნუ. “ევერტონიდან” განათხოვრებული მარცხენა მცველი ადამ აზნუ როკაფონდელი და ლამინ იამალის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია. მან “ბარსას” აკადემიაში სამი წელი გაატარა, 2022 წელს კი მიუნხენის “ბაიერნში” გადავიდა.
ხეტაფე (1 ფეხბურთელი)
- კიკო ფემენია. ფემენიას პირველ გუნდში დებიუტის შანსი არ მისცემია. ის 2011 წელს “ბარსა ატლეტიკში” დიდი იმედებით მივიდა და პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგის მატჩის განაცხადშიც მოხვდა, თუმცა ორი წლის შემდეგ “რეალ მადრიდ კასტილიაში” გადავიდა.
უმრავლესობამ “სპოტიფაი კამპ ნოუზე” წარმატებას ვერ მიაღწია, თუმცა თითოეულ მათგანს “ბარსელონას” აკადემიაში ან პირველ გუნდში თამაშის გამოცდილება აქვს. დღეს ისინი ლა ლიგაში პროფესიულ კარიერას წარმატებით აგრძელებენ – სცენაზე, რომელზეც ბევრი მხოლოდ ოცნებობს.
ობემიანგი თუ ლა მასიიდან იყო არ ვიცოდი.
შეცდომაა ნაწერში