workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
17 ბარსელონელის პირველი სანაკრებო ტური

17 ბარსელონელის პირველი სანაკრებო ტური

bolt მოკლედ
სანაკრებო პაუზის პირველ ტურში "ბარსელონას" 17-მა საერთაშორისო ფეხბურთელმა თავისი მატჩები ჩაატარა. "უემბლიზე" ერთბაშად რვა კატალონიელი შეიკრიბა, სადაც გოლები ლამინ იამალმა და ენტონი გორდონმა გაიტანეს, თუმცა შეშფოთებას ერიკ გარსიას მუხლის დაზიანება იწვევს.

“უემბლიზე” გამართულმა შეხვედრამ ინგლისსა და ესპანეთს შორის (2-3) მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გაფანტული “ბარსელონას” 17 ფეხბურთელიდან ერთბაშად რვა მოთამაშე გააერთიანა. “ბლაუგრანასთვის” სასიხარულო ამბავი გახლდათ ის, რომ ენტონი გორდონმა გოლის გემო გაიხსენა, რაც “ბარსას” მაისურით ჯერ ვერ მოეხერხებინა – თანაც ზუსტად მაშინ, როცა ლამინ იამალის მიერ გახსნილი ანგარიში დროებით გაათანაბრა. თუ როკაფონდელმა გარემარბმა ბოლო მცველისთვის ბურთის წართმევის შემდეგ ოსტატურად შეაგდო, ინგლისელმა საპასუხო კონტრშეტევა ქუსლით თავადვე წამოიწყო და ეპიზოდი უნაკლოდ დააგვირგვინა.

უარყოფითი მოვლენა კი ერიკ გარსიას უკავშირდება: მარჯვენა მცველად დაანონსებულმა ფეხბურთელმა მოთელვაზე დარტყმის შემდეგ მარცხენა მუხლში დისკომფორტი იგრძნო და სიფრთხილის გამო განაცხადს მიღმა დარჩა. დღეს მას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება, რათა გაირკვეს, მოუწევს თუ არა ნაკრების შეკრების ნაადრევად დატოვება.

როდრიმ (რომელიც პენალტის აკიდების მიუხედავად, ვარსკვლავური იყო), პაუ კუბარსიმ და ლამინ იამალმა სრული 90 წუთი ითამაშეს. დანი ოლმო 82-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო პედრი მოედანზე 70-ე წუთზე შევიდა – სწორედ იმ წამს, როცა მოედანი გორდონმა დატოვა. ერიკსა და ფერმინს არ უთამაშიათ. პარალელურად იასპარეზა ლივაკოვიჩმაც, რომელმაც ჩეხეთი-ხორვატიის შეხვედრაში (1-2) 90 წუთი საიმედოდ ჩაატარა.

რაფინიამ პარასკევს ავსტრალიაში სრული მატჩი ჩაატარა და 95-ე წუთზე რაიანს საგოლე გადაცემა გაუკეთა (1-1). ბრაზილიელმა შემტევი ნახევარმცველის როლში იასპარეზა და არა ცენტრფორვარდად, როგორც ეს “ბარსელონაშია”. ჟიულ კუნდე ზიდანის ახალ საფრანგეთში მარჯვენა მცველად 90 წუთის განმავლობაში ირჯებოდა თურქეთთან გამარჯვებისას (1-0). მარკ ბერნალმა (90 წუთი) და ჩავი ესპარტმა (45 წუთი და ყვითელი ბარათი) 21-წლამდელთა ნაკრებში ფინეთთან მარცხისას (1-2) სასტარტოში ითამაშეს.

ჰამზა აბდელკარიმმა ეგვიპტის ნაკრებში ანგოლასთან უგოლო ფრისას (0-0) მოედანზე 28 წუთი გაატარა. გამომდინარე იქიდან, რომ სამხრეთ სუდანის ხელოვნურ საფარზე თამაშისგან სალაჰი გაათავისუფლეს, სამშაბათს აბდელკარიმი შესაძლოა სასტარტო თერთმეტეულში ვიხილოთ.

ხუთშაბათს კი სასტარტოში დაიწყეს კარიმ ადეიემიმ (80 წუთი მეორე ფორვარდად ნიდერლანდები-გერმანიის მატჩში, 1-1) და ჟოაუ კანსელუმ (90 წუთი მარჯვენა მცველად პორტუგალია-უელსის შეხვედრაში, 1-0). ჯესი ბისივუმ ბელგიის 21-წლამდელთა ნაკრებში ბელარუსთან მოგებულ მატჩში (1-0) მხოლოდ 5 წუთი ითამაშა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 28 სექ 2026, 15:53
    #1

    დიდი ეჭვი მაქვს ყველა არ დაგვიბრუნდება ჯანსაღად.