ესპანეთის სამსაჯო კომიტეტმა კვირას, 13 სექტემბერს “სიუტატ დე ვალენსიაზე” გასამართი შეხვედრის მთავარი არბიტრი ოფიციალურად დაასახელა. “ლევანტესა” და “ბარსელონას” დაპირისპირებას 41 წლის ბასკი მსაჯი, ხონ ანდერ გონსალეს კუესტა განსჯის.
გონსალეს კუესტა იმ ოთხ რეფერის შორისაა, რომლებიც მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში პირველად დააწინაურეს. მისთვის ეს ელიტარულ დივიზიონში რიგით მესამე შეხვედრა იქნება – მანამდე მან “ვალენსია”-“ბეტისისა” (0-1) და “ოსასუნა”-“ხეტაფეს” (1-0) მატჩებზე იმუშავა.
ერთადერთი მარცხი კატალონიელებთან
“ლევანტეს” ეს კლუბს ბასკი არბიტრი უკვე მეათედ განსჯის. წინა ცხრა შეხვედრაში (ყველა მათგანი სეგუნდა დივიზიონში გაიმართა) ვალენსიელთა ბალანსი დადებითია: 5 მოგება, 3 ფრე და მხოლოდ 1 მარცხი.
ბოლოს მან მათი მატჩი 2025 წლის მარტში, “უესკასთან” გასვლაზე მოგებულ შეხვედრაში (2-1) იმსაჯა. აღსანიშნავია, რომ გონსალეს კუესტას მსაჯობისას “ლევანტეს” ერთადერთი მარცხი საკუთარ მოედანზე სწორედ კატალონიურ გუნდთან აქვს განცდილი – 2023 წლის 8 სექტემბერს “ესპანიოლთან” (1-4).
კვირას 41 წლის არბიტრი კარიერაში პირველად გაუძღვება “ბარსელონას” ოფიციალურ შეხვედრას, ვიდეორეფერის (VAR) ოთახიდან კი დახმარებას ხავიერ იგლესიას ვილიანუევა გაუწევს.
forum კომენტარები (0)