workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
10 ფაქტი ჩემპიონთა ლიგის წილისყრიდან

10 ფაქტი ჩემპიონთა ლიგის წილისყრიდან

ხუთშაბათს გამართულმა ჩემპიონთა ლიგის წილისყრამ “ბარსელონასთვის” არაერთი საინტერესო წყვილი და დაპირისპირება გამოავლინა. ბლაუგრანა ტურნირის მოქმედ გამარჯვებულს, ევროპა ლიგის მოქმედ ჩემპიონს, ძველ ნაცნობებსა და სრულიად ახალ მეტოქეებს შეხვდება.

გთავაზობთ წილისყრის 10 მთავარ დეტალს:

1. მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ

წილისყრის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი აფიშა პსჟ-სთან დაპირისპირებაა. ფრანგული კლუბი ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია – მათ 2026 წლის ფინალში “არსენალი” პენალტების სერიაში დაამარცხეს და ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგეს. ჰანსი ფლიკის გუნდი ევროპის მთავარი ტურნირის მოქმედ ჩემპიონს ლიგის ფაზაში ზედიზედ მეორე სეზონია უპირისპირდება.

2. ევროპა ლიგის მოქმედი ტრიუმფატორი

“ბარსელონა” ასევე ევროპა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს, “ასტონ ვილას” შეხვდება. ინგლისურმა კლუბმა ფინალში “ფრაიბურგი” 3-0 დაამარცხა და 30-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ტიტული მოიპოვა. შესაბამისად, კატალონიელებს ორი კონტინენტური ჩემპიონი მეტოქე ეყოლებათ.

3. როდრი “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ

ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი როდრის თავის ყოფილ კლუბთან დაპირისპირება იქნება. მანჩესტერში გატარებული წარმატებული წლების შემდეგ, ესპანელი ნახევარმცველი “მანჩესტერ სიტის” ინგლისის დატოვებიდან მალევე შეხვდება. აღსანიშნავია, რომ “ბარსელონა” და “მანჩესტერ სიტი” ერთმანეთს თითქმის 10 წელია არ შეხვედრიან – მათი ბოლო მატჩი 2016/17 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე შედგა.

4. სესკ ფაბრეგასის დაბრუნება “სპოტიფაი კამპ ნოუზე”

წილისყრის კიდევ ერთი გამორჩეული მოვლენა სესკ ფაბრეგასის მშობლიურ სტადიონზე დაბრუნებაა. კატალონიელი სპეციალისტი ამჟამად იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო გუნდს, “კომოს” წვრთნის. ფაბრეგასი გუნდს 2022 წელს ფეხბურთელის რანგში შეუერთდა, როცა კლუბი სერია B-ში იყო, მოგვიანებით კი მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩაიბარა, გუნდი ელიტაში გადაიყვანა და ჩემპიონთა ლიგის საგზურიც მოუპოვა. 2025 წელს გუნდები ჟოან გამპერის თასზე შეხვდნენ, თუმცა ამჯერად სესკი “სპოტიფაი კამპ ნოუზე” ოფიციალური მატჩისთვის დაბრუნდება.

5. კვლავ ლუის ენრიკე… და ფერან ტორესი

ლუის ენრიკეს გუნდებთან შეხვედრა “ბარსელონასთვის” უკვე ჩვეულ ტრადიციად იქცა. კლუბის ყოფილი მწვრთნელი ბლაუგრანას 2023/24 წლების სეზონის მეოთხედფინალში და გასული სეზონის ლიგის ფაზაშიც დაუპირისპირდა. გარდა ამისა, პსჟ-ს შემადგენლობაში “ბარსელონას” ყოფილი შემტევი, ფერან ტორესიც ითამაშებს, რომელიც პარიზში ცოტა ხნის წინ გადაბარგდა.

6. “გალათასარაი” – ისტორიული მეტოქე

თურქულ გრანდთან “ბარსელონას” მდიდარი ისტორია აკავშირებს. ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ 8 შეხვედრაში უპირატესობა კატალონიელთა მხარესაა: 5 მოგება, 2 ფრე და 1 მარცხი. მთავარ საკლუბო ტურნირზე გუნდები ერთმანეთს 2002/03 წლების სეზონის შემდეგ არ შეხვედრიან, თუმცა 2021/22 წლების ევროპა ლიგის მერვედფინალში ითამაშეს, სადაც “ბარსელონამ” სტამბოლში 2-1 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

7. ილქაი გიუნდოგანი

პსჟ ერთადერთი მეტოქე არ არის, რომლის რიგებშიც ყოფილი კულე ირიცხება. “გალათასარაის” შემადგენლობაში ილქაი გიუნდოგანი თამაშობს, რომელმაც “ბარსელონაში” ერთი სეზონი გაატარა.

8. ნაცნობი სახეები “ფეიენოორდში”

ნიდერლანდურ კლუბთან “ბარსელონას” რამდენიმე კავშირი აქვს. მთავარი მწვრთნელი ჯოვანი ვან ბრონკჰორსტია, რომელიც კატალონიურ გრანდში 2003-2007 წლებში თამაშობდა და 2006 წელს პარიზში მოგებული ჩემპიონთა ლიგის ფინალის სასტარტო შემადგენლობის წევრი იყო. გარდა ამისა, როტერდამელთა რიგებში “ლა მასიას” აღზრდილი მცველი, მიკა მარმოლი თამაშობს.

9. დებიუტანტი და ისტორიული ვიზიტი

წილისყრამ სრულიად ახალი მეტოქეც გამოავლინა – აზერბაიჯანული “საბაჰი”, რომელმაც ევროპულ ელიტაში სენსაციურად შეაღწია და ჩემპიონთა ლიგის საწყის ეტაპზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს.

კლუბი სულ რაღაც 9 წლის წინ, 2017 წელს დაარსდა. გასულ სეზონში პროექტმა პიკს მიაღწია: გუნდმა ქვეყნის ჩემპიონატი და თასი მოიგო და “ყარაბაღის” მრავალწლიანი ჰეგემონია დაასრულა. ეს იქნება “ბარსელონას” ისტორიაში პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში.

10. მრავალფეროვანი გეოგრაფია: პარიზიდან ბაქომდე

ლიგის ფაზის 4 გასვლით შეხვედრაში “ბარსელონას” საკმაოდ მრავალფეროვანი მარშრუტი ელის: პარიზსა (პსჟ) და ლისაბონში (“სპორტინგი”) შედარებით ახლო ვიზიტებს სტამბოლსა (“გალათასარაი”) და ბაქოში (“საბაჰი”) ხანგრძლივი მგზავრობები დააბალანსებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • 7ermin
    7ermineco ახალბედა
    schedule 28 აგვ 2026, 20:12
    #1

    ამ დაცვის გათვალისწინებით 15 ქულის აღება თავისუფლად შეიძლება, დანარჩენი ვნახოთ. ალვარესი თუ გადმოვიყვანეთ როგორმე და ერთი ცაცია ცენტრალური მცველიც დავითრიეთ მერე უკვე სხვა სიტუაცია იქნება.