როდრი ერნანდესი “ბარსელონას” ახალი ფეხბურთელია. მოთამაშე, რომელსაც ურჩევნია მედიის ყურადღების მიღმა დარჩეს (და ეს სოციალურ ქსელებსაც ეხება), კლუბს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის სტატუსითა და მოგებული “ოქროს ბურთით” უერთდება. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, რაც მადრიდში დაბადებული ნახევარმცველის შესახებ უნდა იცოდეთ. ქვემოთ მოყვანილი ფაქტებიდან ზოგიერთი შესაძლოა უკვე იცოდეთ, თუმცა აუცილებლად იქნება ისეთებიც, რომლებიც თქვენთვის ახალი აღმოჩნდება!
1. მადრიდში დაბადებული
როდრიგო ერნანდეს კასკანტე 1996 წლის 22 ივნისს მადრიდში დაიბადა. ეს იმას ნიშნავს, რომ “ბარსელონას” მაისურს მადრიდში დაბადებული კიდევ ერთი ფეხბურთელი მოირგებს. ის “ბარსელონას” პირველი გუნდის ისტორიაში მე-20 ასეთი მოთამაშე იქნება და ისეთი ფეხბურთელების კვალს გაჰყვება, როგორებიც მარკოს ალონსო და მუნირი არიან.
2. ვარჯიშებზე ველოსიპედით
როდესაც “ბარსელონას” ახალწვეული “ვილიარეალის” მეორე გუნდში ირიცხებოდა, ის ვარჯიშებზე ველოსიპედით დადიოდა. საწვრთნელ ბაზამდე მისასვლელად მას თავისი ველოსიპედი მატარებელში აჰქონდა ხოლმე.
3. ბიზნესის ადმინისტრირების ხარისხი
უმაღლეს დონეზე თამაშის დაწყების პარალელურად, როდრი ფეხბურთს ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის საუნივერსიტეტო სწავლას უთავსებდა. ის კასტელიონში, ხაიმე I-ის უნივერსიტეტში სწავლობდა, სანამ “ვილიარეალში” თამაშობდა. ის იყო უბრალოდ კიდევ ერთი სტუდენტი, რომელიც გაზიან წყალს სვამდა, მაშინ როცა მისი კურსელები წვეულებებზე დადიოდნენ. მან 6-წლიანი სწავლის შემდეგ ხარისხი მაშინ მიიღო, როცა უკვე “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელი იყო.
4. დაბალი ქულები Comunio-ზე
კასტელიონში სწავლისას როდრი საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. მისი თანაკურსელები ხუმრობით წუწუნებდნენ, რომ “ვილიარეალის” მატჩების შემდეგ, ის მათ ფენტეზი ფეხბურთის თამაშში (Comunio) ძალიან ცოტა ქულას უგროვებდა. როდრის კლუბში დებიუტი 2015 წელს ჰქონდა.
5. სამი მატჩი “სპოტიფაი კამპ ნოუზე”
როდრიმ უკვე იცის, თუ რას ნიშნავს მის ახალ სახლში, “სპოტიფაი კამპ ნოუზე” თამაში. მას იქ “ვილიარეალისა” და “ატლეტიკოს” მაისურით უთამაშია. “ყვითელი წყალქვეშა ნავის” რიგებში ჩატარებულ ორ შეხვედრაში მან მძიმე მარცხი იგემა (4-1 და 5-1), ხოლო “ატლეტიკოს” რიგებში მისი სტუმრობაც “ბარსელონას” გამარჯვებით დასრულდა სუარესისა და მესის გოლების წყალობით.
6. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული
მიუხედავად იმისა, რომ საყრდენ ნახევარმცველად თამაშობს, როდრის გადამწყვეტ მომენტებში თავის გამოჩენა სჩვევია. შეტევაში ჩართვის უნარმა და საჯარიმოს გარედან მისმა ბრწყინვალე დარტყმებმა განაპირობა ის, რომ მას თავისი პოზიციისთვის უჩვეულოდ მაღალი საგოლე სტატისტიკა აქვს. მან 2023 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ინტერის” წინააღმდეგ ერთადერთი გოლი გაიტანა და “მანჩესტერ სიტის” ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის პირველი ტიტული მოუტანა.
7. ოქროს ბურთი
2024 წელს როდრიმ “ოქროს ბურთი” მოიგო და გახდა მხოლოდ მეორე ესპანელი ფეხბურთელი 1960 წელს ლუის სუარესის (რომელიც “ბარსელონაში” თამაშობდა) შემდეგ, ვინც ეს პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა “ბარსელონამ” ფეხბურთის უდიდესი ინდივიდუალური ჯილდოს მფლობელი დაიმატა. იოჰან კრუიფმა და ალან სიმონსენმაც ეს ჯილდო კატალონიაში გადმოსვლამდე მოიპოვეს.
8. პიკესა და პუიოლის შთაგონებით
2022 წელს კატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ლუის ენრიკემ როდრი ესპანეთის ნაკრების ოთხივე მატჩში ცენტრალურ მცველად ათამაშა, სერხიო ბუსკეტსი კი თავის ბუნებრივ პოზიციას იკავებდა. მისთვის ეს ახალი როლი იყო, ამიტომ სწორი წარმოდგენის შესაქმნელად იმაზე, თუ რა მოეთხოვებოდა, მან სამხრეთ აფრიკაში 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პიკესა და პუიოლის თამაშის ვიდეოებს უყურა.
9. ბუსკეტსის თაყვანისმცემელი
სერხიო ბუსკეტსმა და როდრიმ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში მოედანი არაერთხელ გაიზიარეს. ბევრი დაწერილა ამ ორი მოთამაშის – “ბარსელონას” ნახევარდაცვის წარსულისა და აწმყოს შედარებაზე. Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში “ბარსელონას” ახალწვეულმა განაცხადა:
“ბუსკეტსს ბევრს ვუყურებდი და ვისრუტავდი იმას, რასაც ჩემზე უკეთ აკეთებდა. ის ყველა დროის საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველია.”
10. სოციალური ქსელების გარეშე
მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე ბურთთან ერთად დიდი გავლენა აქვს, როდრი მოედანს მიღმა ყურადღების ცენტრში ყოფნას ერიდება. მას არ აქვს სოციალური ქსელები და ურჩევნია თავისი პერსონალური ციფრული კვალი მინიმუმამდე დაიყვანოს. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი ფეხბურთელისა, რომელიც მყარად დგას მიწაზე.
forum კომენტარები (0)