დღეს “ბარსელონამ” “სენტ ჯორჯს პარკზე” ერთკვირიანი ინტენსიური წინასასეზონო შეკრება დაასრულა. ბანაკის დახურვის შემდეგ, ჰანსი ფლიკმა გუნდის ინგლისში ყოფნას ძალიან დადებითი შეფასება მისცა.
“ეს იყო შესანიშნავი გამოცდილება. პირობები იდეალური გახლდათ და ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა,” – თქვა მან.
ახალგაზრდების პროგრესი
ერთ-ერთი ასპექტი, რამაც სამწვრთნელო შტაბი ყველაზე მეტად გაახარა, სარეზერვო გუნდის მოთამაშეების გამოსვლაა.
“ვფიქრობ, ამ სეზონში როგორც პირველი გუნდის მოთამაშეებში, ისე ‘ლა მასიას’ ახალგაზრდებში მეტი ხარისხი გვაქვს,” – აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა. “ებრიმა არაჩვეულებრივი ტალანტია, ისევე როგორც ორიანი. ესპარტმა ‘ბირმინგემ სიტის’ წინააღმდეგ ფლანგის მცველად ითამაშა და ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა. ვარჯიშებზე ყველა მათგანი ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს.”
ფლიკმა ასევე დადებითად ისაუბრა პირველ გუნდთან ერთად ჯესი ბისივუს მიერ გატარებულ პირველ დღეებზე:
“ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. ჩვენი გეგმაა, რომ მან ჩვენთან ერთად ვარჯიში განაგრძოს.”
ალეხანდრო ბალდეზე საუბრისას მწვრთნელმა განმარტა, რომ ფლანგის მცველი ეტაპობრივ აღდგენას აგრძელებს და ივარაუდა, რომ ის შესაძლოა “უდინეზესთან” მომდევნო ამხანაგურ მატჩში დაბრუნდეს მოედანზე.
ექტორ ფორტის შესახებ დასმულ კითხვაზე ფლიკმა მისი თვისებები შეაქო:
“ის ძალიან სწრაფი და ტექნიკურად ძალიან კარგია. ვფიქრობ, ‘ელჩეში’ მას ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა.”
ახალი სეზონი იგივე ამბიციით
მწვრთნელმა ასევე ნათლად აღნიშნა, რომ გასული სეზონის წარმატებების შემდეგ, გუნდი ისევ ისეთივე ამბიციური რჩება. უმაღლეს დონეზე კონკურენციას მიჩვეული შემადგენლობის ყოლა დიდი უპირატესობაა:
“ჩემპიონები არასდროს ჩერდებიან. მათ იციან, როგორ მოიგონ ტიტულები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მაქსიმალურად იშრომებ და ყოველდღიურად ფოკუსირებული დარჩები, საბოლოოდ განსაკუთრებულ რაღაცებს მიაღწევ. ეს ზუსტად ის არის, რისი მიღწევაც ამ სეზონში გვსურს.”
საფეხბურთო კუთხით მან ხაზი გაუსვა მოთამაშეების მრავალფეროვნებას:
“ჩვენ ბევრი ვარიანტი გვაქვს და ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ლამინ იამალი ფანტასტიკური ფეხბურთელია და ადაპტირება შეუძლია. გორდონს ასევე შეუძლია ითამაშოს როგორც ორივე ფლანგზე, ისე ცენტრალურ თავდამსხმელად.”
forum კომენტარები (0)