workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩემი ცხოვრება ბარსელონაა

ჩემი ცხოვრება ბარსელონაა

I თავი. ბარსა! ბარსა! ბარსა!

საფეხბურთო სკოლაში პროგრესირებას განვაგრძნობდი. 10 წლის ასაკში უკვე იმის გაცნობიერება დავიწყეთ თუ რა იყო ნამდვილი შეჯიბრი. “ბარსელონელ” და “ესპანიოლელ” თანატოლებს ვეთამაშებოდით, აღფრთოვანებული ვიყავი. ისინი ისეთი ძლიერები და დიადები მეჩვენებოდნენ, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი ორიოლ ტორტი სამი წელი თუ დასდევდა მამაჩემს, რათა “ბარსელონაში” გავეშვი. ტორტი მამას ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან იცნობდა, როცა “კონდალში” (იმხანად “ბარსას დუბლები) ბურთაობდა. ასე იყო თუ ისე, მამამ ჩათვალა, რომ ჯერ არ ვიყავი მზად ბლაუგრანაში სათამაშოდ.

ჩემი მთავარი ნაკლი ჩია ტანი იყო. დედას ხშირად დავყავდი პედიატრთან, მას იმედი ჰქონდა, რომ ადრე თუ გვიან ტანს ავიყრიდი, მაგრამ ექიმთან ყოველი მომდევნო ვიზიტი ახალი იმედგაცრუებით სრულდებოდა. ბოლოს, ექიმმა მარტინმა იწინასწარმეტყველა, რომ 171 სმ-ზე მეტი არ გავიზრდებოდი. მისი ნდობა შეიძლებოდა, რადგან ოსკარის სიმაღლეში ორიოდ სანტიმეტრით შეცდა. აი, ალექსის შემთხვევაში კი, მაგრად ააცილა.

ფეხბურთი კვლავაც ჩემი მუდმივი თანამდევი იყო. ბავშვობაში სინუსიტის სიმპტომები მქონდა და ექიმებმა მშობლებს ურჩიეს, რომ ზღვაზე წავეყვანე. სიტყვა და საქმე ერთი იყო! ტერედემბარაში აპარტამენტები ერთი თვით დავიქირავეთ.

მე და ალექსმა პირველივე დღეს გადავწყვიტეთ ზღვაზე საბანაოდ წასვლა. ბაბუა ჟაუმემ ჩვენთვის კომპანიონობის გაწევა გადაწყვიტა, თან ვერმუტსაც გადავკრავო. პლაჟზე ბუნგალოში ვიჯექით, როდესაც ბაბუამ ადგილობრივ ბავშვებს, რომლებიც ბურთს აგორებდნენ, თამაშში ჩვენი ჩართვა სთხოვა. ჟაუმემ დაიჟინა სხვადასხვა გუნდებში უნდა ითამაშოთო.

ბიჭებს თვალში ვეპატარავე და მე და ალექსი ერთ გუნდში გაგვამწესეს. კიდევ კარგი ბარიკადების ერთ მხარეს აღმოვჩნდით, რადგან ალექსი ჩემზე ტექნიკური იყო. ეს ნიჭი მამისგან გამოჰყვა. არ უყვარდა ბურთის ართმევაზე თამაში, რაც პლაჟის ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი ნამდვილად არ არის. როდესაც თამაში დავამთავრეთ, ბიჭებმა გვითხრეს, ხვალ ისევ აქ, ისევ ამ დროს კიდე გავაგოროთ ბურთიო.

ასე დაიბადა ტრადიცია: მატჩი “აბორიგენებს”, რომლებსაც “ტრამონტანას” (ამ სახელწოდების ბარი ჰქონდათ პლაჟზე მის მშობლებს) მეტსახელით ცნობილი ჟოან გიმერა ედგა სათავეში და “ტურისტებს” შორის, რომელსაც ოსკარი, ალექსი და მე წარმოვადგენდით.

როცა ფეხბურთით ვერ ვძღებოდით, ყოველი მატჩისა და ჭამის შემდეგ, მაგიდას მივუსხდებოდით ხოლმე და “მონოპილიის” ანალოგ თამაშს ვთამაშობდით, სადაც ქუჩების მაგივრად სტადიონები იყო (“ნოუ კამპი” და “სანტიაგო ბერნაბეუ” ყველაზე ძვირადღირებული არენები გახლდათ), სასტუმროები და სახლები ტრიბუნები და ადგილები შესაბამისად. ციხე მსაჯი გახლდათ, ხოლო პენალტი “სიურპრიზის” ბარათის ტოლფასი იყო. ამ თამაშს მე, ჩემი ძმები და ბიძაშვილები ყოველდღე ვთამაშობდით.

ტორეტემბარაში კარგ დროს ვატარებდით, მაგრამ ზღვაზე მხოლოდ ერთი თვე დავყავით, რადგან აგვისტოში მამას სამსახური ეწყებოდა. მალე საფეხბურთო სკოლის დირექტორის პოსტის დატოვება მოუხდა. ის მესამე დივიზიონში მოასპარეზე “ტერასას” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მოგვიანებით, ტორეტემბარა სანტ ანტონი დე კალონით ჩავანაცვლეთ. ჩემი მშობლები იქ აპარტამენტებს ქირაობდნენ, ხოლო ორი წლის შემდეგ, ზღვის სანაპიროზე ოროთახიანი ბინა ვიყიდეთ. ცოტა ხანში კი, ტორე ლევანტინოში შევიძინეთ სახლი.

ზღვასთან ჩემს ურთიერთობას მხოლოდ ვიზუალური არ შეიძლება ეწოდოს. გაბრისთან ერთად სკუტერი ვიყიდე, შემდეგ მცირეგაბარიტიანი იახტა. ეს მას შემდეგ გავაკეთე, რაც კატალონიის ფეხბურთის ფედერაციის ბოსმა, ჟორდი როჩემ საკუთარი იახტით კოსტა ბრავას სანაპიროზე წამიყვანა საზღვაო მოგზაურობაში. საკუთარი იახტით რამდენჯერმე გავედი ზღვაში, ოღონდ შტურვალთან პროფესიონალი იდგა, რადგან ჩვენს ოჯახში ამ კატეგორიის ნავების მართვის მოწმობა მხოლოდ ალექსს აქვს.

მოდით, ჩემს ბავშვობას დავუბრუნდეთ. ძალიან მიყვარდა მამასთან ერთად მისი გუნდის თამაშებზე სიარული. საშუალება მეძლეოდა ფეხბურთით დასვენების დღეებშიც დავმტკბარიყავი. მამას, უამრავ კითხვას ვუსვამდი, სასტარტო შემადგენლობით დაწყებული, ტაქტიკით დამთავრებული.

მახსოვს, ერთხელ საშინელი რამ გადამხდა თავს. მამა “რუბის” წვრთნიდა. გასვლაზე “მანლეუს” ეთამაშებოდნენ და მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებდა. 10 ათასი პესეტა მომცა და მითხრა, წადი ბარში რამე შეჭამეო. საკუთარი ფინანსური მდგომარეობით იმდენად აღფრთოვანებული ვიყავი, რომ უზარმაზარი ჰოთ-დოგი შევუკვეთე, მაგრამ როდესაც ფულის გადახდის დრო მოვიდა, აღმოჩნდა რომ ჯიბეში კაპიკიც არ მედო.

ქურთუკის ყველა ჯიბეში ჩავიყავი ხელი და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი გახვრეტილი იყო. ჩემს ბედად, ბარში “რუბის” ხელმძღვანელები იყვნენ, რომლებმაც ფული გადამიხადეს. სტადიონზე დაბრუნებულმა, მამას არაფერი ვუთხარი. ის მატჩი 5:1 მორჩა მეტოქის სასარგებლოდ და მამა საშინლად გაბრაზდა. არ ვიცოდი რა მექნა. ბოლოს, ფეხბურთელებს ვთხოვე დახმარება. მათ ყველაფერი უთხრეს მამას და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მშვიდად შეხვდა ამ ფაქტს, თუმცა, მაინც შემიკურთხა, შენ თვითონ რატომ არ მითხარი შე მამაძაღლოო.

მამა დღემდე რჩება ჩემს მთავარ მრჩევლად. ყოველთვის ბრძენი და პირდაპირი ადამიანი იყო. ყოველი მატჩის შემდეგ, ცუდად ვითამაშებდი თუ კარგად, ნაკლს მაინც პოულობდა ჩემს თამაშში. ის ყველაზე მკაცრი და ამავდროულად, ობიექტური კრიტიკოსია ჩემთვის.

მის მიერ გაწვრთნილ გუნდში არცერთხელ არ მომიწია თამაშმა, რასაც ოსკარზე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომელიც მამის მეცადინეობით, “ტრემპესა” და “ტარეგეში” ბურთაობდა. ჩემი ძმების მიმართ, უფრო ლმობიერი იყო და მათ ხშირად აქებდა ხოლმე. განსაკუთრებით, ალექსს გაუმართლა, რომელიც ჟინიანი იყო, ოსკარი კი უფრო გონიერი და დინჯი ფეხბურთელი გახლდათ.

მშობლები ჩემი ყველაზე ერთგული გულშემატკივრები არიან. მას შემდეგ რაც მთავარ გუნდში ვთამაშობ, ერთი მატჩიც კი არ გამოუტოვებიათ. თუმცა, ვტყუი! ამ სეზონში ტრადიცია დაირღვა. ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ მატჩს არ დასწრებიან, რომელშიც “ვისლას” ვხვდებოდით. გაინტერესებთ ასე დემარშის მიზეზი? ხულიო იგლესიას კონცერტი კოსტა ბრავაზე.

ბილეთები მეგობრებმა აჩუქეს, ამიტომაც უარს ვერ ეტყოდნენ. დედა იგლესიასის დიდი თაყვანისმცემელია და კონცერტისგან უდიდესი სიამოვნება მიიღო, მამამ კი პირველი ნაწილის მოსმენის შემდეგ, ყურსასმენები გაიკეთა, რათა “ნოუ კამპზე” მიმდინარე მოვლენებს გასცნობოდა.

ამ კონცერტამდე 18 წლით ადრე კი, “ბარსელონას” ჩემდამი ინტერესს მამა კვლავაც არ მიმხელდა. ასე იყო თუ ისე, ორიოლ ტორტი და ანტონიო კარმონა დაჟინებით სთხოვდნენ მამას ჩემს ბლაუგრანაში გაშვებას.

“მიდი ხოაკიმ, ის ათი წლისაა, მეტის მოცდა აღარ შეიძლება”, – ეუბნეოდა ტორტი. ბოლოს და ბოლოს, მამამ მათი რჩევა ყურად იღო, მაგრამ ერთი პირობით. სინჯებზე სკოლის სხვა ფეხბურთელებთან ერთად უნდა წავსულიყავი, რათა ვინმეს არ ეფიქრა, რომ “ბლატებით” მოვხვდი “ბარსაში”, ხოლო მეორეს მხრივ, საშუალება მეძლეოდა, ყველასთვის მენახებინა ჩემი შესაძლებლობები.

ყველაფერი საუცხოოდ გამოვიდა – სამი გოლი შევაგდე, ერთი პენალტით. როდესაც მამამ გამოაცხადა, რომ “ბარსელონას” ავყავდი, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მოგვიანებით, გამიმხილა, რომ ეს სინჯები ფორმალობა იყო. ისიც შევიტყე, რომ ჩემი გადაბირება, თურმე “ესპანიოლსა” და “რეალსაც” სურდათ.

გაირკვა, რომ “მერკანტილას” მწვრთნელი სენიორ რომერო შეთავსებით ბლანკოსის სკაუტი იყო კატალონიაში და ჩემს შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიდა სამეფო კლუბის ხელძღვანელობას. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მამა სამეფო კლუბის წინადადებას არასდროს დათანხმდებოდა, რადგან ბაბუა ჟაუმეს ეს რომ გაეგო, ხოაკიმი ქუჩაში აღმოჩნდებოდა, თანაც გაპანჩურებული.

ბაბუა, ვიცი გესმის ჩემი ხმა და გიხარია, რომ შენი შვილიშვილი შენს კვალს გაჰყვა. ძალიან ხშირად ვფიქრობ შენზე.

გაგრძელება იქნება…

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში